საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონი მოქალაქეობის შესახებ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონი მოქალაქეობის შესახებ — საკონსტიტუციო კომისიის 1918 წლის 29 ივნისის სხდომის მასალიდან ჩანს, რომ მოქალაქეობის შესახებ დებულება რაჟდენ არსენიძემ შეადგინა. მანვე დებულების სრული ვარიანტი 1918 წლის 30 ივნისის სხდომაზე წარუდგინა საკონსტიტუციო კომისიას. კანონპროექტზე საკონსტიტუციო კომისიამ 1918 წლის 6 და 10 ივლისს იმსჯელა. პროექტი კი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 16 ივლისს მიიღო, როგორც დროებითი ხასიათის დებულება „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის)“ შესახებ. იგი მოიცავს 4 პუნქტს და მოქალაქეობის ფუნდამენტურ პრინციპებს განამტკიცებს. დებულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქედ ჩაითვალა ყველა მკვიდრი. დებულებაში მკვიდრი განმარტებულია შემდეგნაირად: „ის, ვინც მიწერილია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულზე 1914 წლის 19 ივლისამდე“. მოგვიანებით რაჟდენ არსენიძის მინაწერიდან ჩანს, რომ ჩანაწერი: „მიწერილია რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულზე“, პრაქტიკაში იწვევდა გაუგებრობას. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „ამ კანონმა საქართველოს მოქალაქეთა გარეშე დასტოვა ჩვენი ქვეყნის დიდძალი მცხოვრებნი, როგორც ქართველნი, ისე უცხოელნი, რომელნიც მიწერილნი არ არიან არცერთ ადმინისტრაციულ ერთეულზე, რომელთა პოლიტიკური და სამოქალაქო მდგომარეობა დღემდე გამოურკვეველია. ასეთი აუტანელი მდგომარეობის მოსასპობად საჭიროა მიღებულ იქნეს დამატებითი კანონი. ყოველი ქართველი, რომელიც მიწერილი არ არის ჩვენი ტერიტორიის ადმინისტრაციულ ერთეულზე, სულ ერთია, სცხოვრობს ახლა აქ თუ არა, უნდა მიჩნეულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ“. მიუხედავად ამ განმარტებისა, მომდევნო კანონში ეს ჩანაწერი ისევ დარჩა.

დებულებით ერთიანი მოქალაქეობა განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება არ ჰქონდა, სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ყოფილიყო. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის გახდა გარანტირებული პოლიტიკური უფლებები, როგორიცაა პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და სხვა. დებულებას თან ახლავს შენიშვნა, რომელიც ითვალისწინებდა მთავრობის უფლებას, დაწესებულებათა გარდაქმნის დასრულებამდე, მოეწვია უცხო ქვეყნის მოქალაქე თანამდებობაზე. მე-4 პუნქტი ითვალისწინებდა დათქმას, რომ უცხო სახელმწიფოს ქვეშევრდომის საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები და აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის წესები ცალკე კანონით იქნებოდა მოწესრიგებული. დებულება არ შეიცავდა საკმარის ნორმებს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის ყველა წესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება იძულებული გახდა, დაეწყო მსჯელობა ისეთ სრულყოფილ კანონპროექტზე, რომელიც უფრო დეტალურად განსაზღვრავდა აღნიშნულ საკითხებს.

1918 წლის 14 სექტემბრის საკონსტიტუციო კომისიის სხდომის მასალიდან ჩანს, რომ მთავრობა გამოსულა ინიციატივით, შემუშავებული ყოფილიყო დამატებითი კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ. კანონპროექტის შედგენა ეთხოვა დეპუტატ ჩერქეზიშვილს, რომელსაც დაევალა პროექტის წარმოდგენა. თუმცა, 1918 წლის 9 ოქტომბრის სხდომის მასალებიდან ირკვევა, რომ განსახილველად შემოტანილი იყო გ. ნანეიშვილის მიერ შემუშავებული პროექტი. 12 ოქტომბერს საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა მოისმინეს ნანეიშვილის ვარიანტი და იქვე დაადგინეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა განახლდებოდა მაშინ, როდესაც მთავრობა იმავე საკითხზე საკუთარ პროექტს წარმოადგენდა. კომისია ამ საკითხს კვლავ მიუბრუნდა 9 ნოემბრის სხდომაზე. გამოიკვეთა, რომ მთავრობის წინაშე მოქალაქეობის შესახებ ორი კანონპროექტი იყო წარდგენილი — იუსტიციის მინისტრის და ს. ჯაფარიძის პროექტები. მთავრობას ჯაფარიძის პროექტი მოუწონებია. საბოლოოდ დამფუძნებელმა კრებამ „მოქალაქეობის შესახებ“ შეჯერებული კანონპროექტი 1919 წლის 27 მაისს დაამტკიცა. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის ძალით, გაუქმდა 1918 წლის 16 ივლისის დებულება. კანონი შედგება 11 მუხლისაგან. იგი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესებს. კვლავ ერთიანი მოქალაქეობის პრინციპი დადგინდა. პოლიტიკური უფლებებით მხოლოდ მოქალაქეები აღიჭურვნენ. განისაზღვრა დაბადებით და ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების წესი. ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანის უფლება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე (უქვეშევრდომო) პირებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. კანონი თვალისწინებდა „საპატიო მოქალაქეობის“ ინსტიტუტს. მე-7 მუხლს აქვს შენიშვნა, სადაც წერია: „ყოველი უცხო ქვეშევრდომი, რომელსაც რაიმე თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის წინაშე თავისი სამეცნიერო შრომით, სამხედრო დახმარებით, საზოგადოებრივი მოღვაწეობით თუ სხვა მხრივ, შეიძლება ამ ვადის მოუთხოვნელადაც იქნეს მიღებული საქართველოს მოქალაქედ“. კანონმა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის პირობებიც დაადგინა. მე-10 მუხლის მიხედვით, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი იყო: უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ან უცხო ქვეყნის სამხედრო/სამოქალაქო თანამდებობის დაკავება საქართველოს მთავრობის ნებადაურთველად, ან უცხოელზე დაქორწინება, თუ იგი არ განაცხადებდა სურვილს საქართველოს მოქალაქედ დარჩენის თაობაზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქანთარია ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 285.