სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესია
სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. მდებარეობს სოფლის ცენტრში ძველ სასაფლაოზე. თარიღდება XIX საუკუნის მეორე ნახევრით.
ეკლესია დარბაზულია (14,5 X 8,5 მ), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის თანადროული, ხის კონსტრუქციების საკურთხევლის ბაქანი წინწამოწეული არდაბაგით ერთი საფეხურით შემაღლებულია. აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთით, აფსიდის მხართან, სხვადასხვა ზომის ორი სწორკუთხა ნიშია. თითო ფართო თაღოვანი სარკმელია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში, ორი - სამხრეთისაში. ეკლესია გადახურულია ხის ცილინდრული კამარით, რომელიც უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელთან, მთელ სიგანეზე, მოწყობილია ხის პატრონიკე, რომლის კიბე სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია. ინტერიერი შელესილია და შეღებილია ცისფრად. ეკლესიაში დაკრძალულია შერვაშიძეების რამდენიმე თაობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 198.