სასახლის ქუჩა
სასახლის ქუჩა, „დვორცოვაია“ (რუს. Дворцовая улица) — ყოფილი ქუჩა თბილისში, გოლოვინის პროსპექტსა (ახლანდ. შოთა რუსთაველის გამზირი) და ერევანსკის მოედანს (ახლანდ. თავისუფლების მოედანი) შორის.
ქუჩის განაშენიანება დაიწყო XIX საუკუნის 20-იან წლებში კავკასიის არმიის საოლქო შტაბის აგების (1824) შემდეგ. ისტორიკოს მაქსიმე ბერძნიშვილის ცნობით, თბილისის 1828 წლის გეგმის ექსპლიკაციებში ამ ქუჩას ეწოდებოდა არწრუნის ქუჩა. ის მიემართებოდა მთავარმართებლის (ნიკოლოზის) მოედნიდან კეთილშობილთა სასწავლებლელს (ახლანდ. შოთა რუსთაველის გამზირი №1) და არწრუნის სახლს შორის და უერთდებოდა ერევნის მოედანს. ქუჩას არწრუნის სახელი ერქვა, ალბათ, იმიტომ, რომ აქ იდგა ერემია არწრუნის სახლი, შემდგომში — ქარვასლა. XIX საუკუნის 50-იან წლებში ქუჩას დაერქვა სასახლის ქუჩა კავკასიის მეფისნაცვლის სასახლის აქვე მდებარეობის გამო. ქუჩა დატანილია თბილისის 1867 წლის გეგმაზე.
XIX საუკუნის ბოლოს ეს იყო კეთილმოწყობილი მოკლე ქუჩა, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების შენობები, კერძო სახლები, მდიდრული მაღაზიები, კაფე-რესტორნები, სასტუმროები, ფოტოსახელოსნოები. სასახლის ქუჩის მარცხენა მხარეს შტაბის შენობის გაგრძელებაზე მდებარეობდა ქარვასლა (შემდგომში სათავადაზნაურო ბანკი) და სათავადაზნაურო თეატრი, ქუჩის მარჯვენა მხარეს — სასტუმროები „ევროპეისკიე ნომერა“ (მოგვიანებით „დვორცოვიე ნომერა“, „ერმიტაჟი“) და „სევერნიე ნომერა“, სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი, ქამოანთ სურბ-გევორქის საყდარი. სასახლის ქუჩა ერივანსკის მოედნის მხარეს თამამშევის ქარვასლასთან სრულდებოდა, საპირისპირო მიმართულებით — მეფისნაცვლის სასახლესთან.
საბჭოთა პერიოდში, 1923 წელს სასახლის ქუჩას კომინტერნის სახელი ეწოდა. 1930-იან წლებში რუსთაველის პროსპექტის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით სასახლის ქუჩა გაფართოვდა, აქ მდებარე შენობების ნაწილი დაანგრიეს, რის შედეგადაც რუსთაველის პროსპექტი უშუალოდ დაუკავშირდა იმდროინდელ ამიერკავკასიის ფედერაციის მოედანს (ახლანდ. თავისუფლების მოედანს).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 157, ISBN 978-99928-20-35-3.