კავკასიის არმიის შტაბი

კავკასიის არმიის საოლქო შტაბი — ისტორიული შენობა თბილისში, თავისუფლების მოედანზე (№ 4). აგებულია 1824–1825 წლებში, ე.წ. „გვიანი კლასიციზმის“ სტილში. ეს მიმართულება იმ დროს ბატონობდა მთელი რუსეთის იმპერიის ოფიცერთა სახლების მშენებლობებში. მოედნის ყველაზე ადრინდელი შენობა თბილისში შემორჩენილ ოფიციალურ ნაგებობებს შორის უადრესია და ბოლო დრომდე თითქმის უცვლელად მოაღწია, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე.

კავკასიის არმიის შტაბის შენობა (მარცხნივ) და სასახლის ქუჩა, XIX საუკუნე

არქიტექტურა

რედაქტირება

მსხვილმასშტაბიანი სამსართულიანი ნაგებობა როგორც გეგმით, ასევე ფასადის კომპოზიციით სიმეტრიულია. ფასადის განაპირა მხარეები რიზალიტებს წარმოადგენს. კიდეებში მასიული თაღოვანი ჭიშკრებია დატანებული, რომელთა თავზეც, ორ სართულზე სწორკუთხა სარკმლებია ჩასმული. ჭიშკრების გვერდით ამავე ზომის ფლიგელია, რომლის ყველა სართულზეც სწორკუთხა ღიობებია გაჭრილი. ფასადის ცენტრალური ნაწილის პირველი სართული მთლიანად რუსტირებულია, რომელშიც ბოძებზე დაყრდნობილი თაღედია ჩასმული. ღიობები აჟურული მოაჯირებით არის შემოსაზღვრული და მათ უკან მაღალი, წაგრძელებული თაღოვანი სარკმლები მოჩანს. მათ ზემოთ მეორე და მესამე სართული გაერთიანებულია და ექვსი ცალი გიგანტური იონიური ორდერია აღმართული, ქვემოთკენ კი დაბალი ორნამენტული მოაჯირებია ჩასმული. მეორე სართულზე, სვეტების უკან სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი, რომელთაც სამკუთხა ფრონტონით გაფორმებული თაროები აბოლოებს. მესამე სართულზე სადა სწორკუთხა სარკმლების მწკრივია. ამის ზემოთ უკვე კბილანების რიგი და რელიეფურად ამოწეული სადა ზოლები მოდის, რომელსაც პარაპეტით დასრულებული ანტაბლემენტი ადგას. ფასადის გერდზე ორსართულიანი კოშკია აღმართული, რომელიც ზემოთ ფრონტონით ბოლოვდება.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 4711