საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია

საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიცესის სამხრეთით გარეუბანში, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. აგებულია 1152 წელს. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (17 × 12,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილ კვადრებით (შენობა დაზიანებულია). ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთის მინაშენიდან აქვს. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. ძლიერ დაზიანებული, ოსტატურდ ნაკეთი კანკელი საკურთხეველს დარბაზიდან ყოფს. შენობის თანადროულია მის შიგნით კედლებზე შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები.

საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიციაა. ჩანს მაცხოვრის მარჯვენა ტერფი, რომელზეც შერჩენილია ოქროსფერი ოქრას სარჩული და ყავისფერი კონტურის ნაშთი, მოწითალო-ყავისფერი ქიტონის ფრაგმენტი და კვადრატული ფორმის, სწორკუთხედებად დაყოფილი ტახტის ფეხი. იქვე ჩრდილოეთის მხარეს ექვსფრთედის ფრაგმენტია. საკურთხევლის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურაა. გამოსახულებები ფრონტალურია. შედარებით უკეთაა შემონახული სარკმლის წირთხლების მოხატულობა. ასომთავრული წარწერის მიხედვით აქ ორი დიაკონია წარმოდგენილი: წმ. სტეფანე და წმ. გერმანოზი. წმინდანების შარავანდები სხვადასხვა ფერისაა: ეკლესიის მამებისა ყვითელია, დიაკვნებისა — მონაცრისფერო-იისფერი. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია იერუსალიმს შესვლა (შემორჩენილია მხოლოდ ცხენისა და მაცხოვრისკენ მიმართული ბავშვის გამოსახულების ფრაგმენტი). ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში ორი მოწამის წელზედა გამოსახულება გაირჩევა (ერთი მათგანი მეომარია). სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია წმინდა გიორგის ბრძოლა გველეშაპთან (დაზიანებულია). ცხენი წითური ფერისაა. შემოსასვლელის ტიმპანში გამოსახულია მაცხოვრის თავი. შემოსასვლელის თავზე, მისგან მარჯვნივ და დასავლეთის კედელზეც ცალკეულ სცენათა ნაშთებია შემორჩენილი, რომელთა გარჩევა არ ხერხდება. სამხრეთის კედლის სარკმლის წირთხლები მოხატულია მცენარეული ორნამენტით — სამფურცლიანი ყვავილებით, ყვითელი ყლორტებითა და შავ ფონზე მტვრიანებით, რაც დამახასიათებელია XI-XII საუკუნეების ქართულ მონუმენტურ მხატვრობისათვის. მხატვრობის კოლორიტი თავშეკავებულია. უმთავრესად გამოყენებულია მოწითალო-აგურისფერი, ოქროსფერი ოქრა, ცისფერი, მოწითალო-ყავისფერი და ნაცრისფერი. ფიგურები სტატიკურია, გამოირჩევა სიმკაცრით.

შენობა მაღალ ცოკოლზე დგას. ეკლესიის დასავლეთ ფასადი კლდოვან ფერდს გადაჰყურებს. აღმოსავეთისა და სამხრეთის სარკმლების განიერი საპირეები შემკულია კარგად ნაკვეთი მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვერში, ამოკვეთილია თანაბარმკლავიანი ჯვარი. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, კედელში ჩასმულ ფილაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს ეკლესიის ამშენებლის ვინაობას (კახა ერისთავთერისთავი) და აგების თარიღს. ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე მიდგმულია გალავანი, რომელშიც სამხრეთ-დასავლეთით გაჭრილია კარი.

ასომთავრული წარწერა ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 92.
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.