სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი (რუს. Собор во имя первоверховных апостолов Петра и Павла) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში. ეკლესია აგებულია 1712-1733 წლებში, ბაროკოს სტილში.
სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°57′01″ ჩ. გ. 30°19′00″ ა. გ. / 59.95028° ჩ. გ. 30.31667° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | დომენიკო ტრეზინი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაროკო |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ტაძარი არის რუსეთის იმპერატორების განსასვენებელი. ტაძრის სიმაღლეა 122,5 მეტრი და 1733-2012 წლებში იყოს ქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობა, ხოლო 1952 წლამდე რუსეთის ყველაზე მაღალი ნაგებობა.
ისტორია
რედაქტირება1703 წელს პეტრე I-მა ფინეთის ყურის ნაპირზე დააარსა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე. პეტრე კარგად ხვდებოდა, რომ ახალი რუსეთი საჭიროებდა ახალი დროის არქიტექტურას. რუსეთის ახალგაზრდა დედაქალაქის პოზიციების განმტკიცების მიზნით, იმპერატორმა მოიფიქრა ახალი ნაგებობის სტილი, რომელიც იქნებოდა ივანე დიდის სამრეკლოსა და მენშიკოვის კოშკზე მაღალი. ახალი ტაძარი უნდა ყოფილიყო დედაქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა, რომელიც იარსებებდა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ცენტრში.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1703 წლის 10 ივლისს პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს (XXI საუკუნეში ეს დღე აღინიშნება 12 ივლისს) სულ ცოტა ხნის წინ აგებული პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე. პირველი ხის პეტრე-პავლეს ეკლესიის კურთხევა შედგა 1704 წლის 1 აპრილს. 14 მაისს აქ შედგა საზეიმო მსახურება ჩუდის ტბაზე შვედების გემებზე ფელდმარშალ ბორის შერემეტევის გამარჯვების აღსანიშნავად.
1712 წლის 30 მაისს საფუძველი ჩაუყარეს პეტრე-პავლეს ქვის ეკლესიას[1]. იგი ისე ააშენეს, რომ ხის ძველი ეკლესია მოექცა ახალი ნაგებობის შიგნით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა იტალიელი არქიტექტორი დომენიკო ტრეზინი[2]. პეტრე I დიდის ბრძანებით მშენებლობა დაიწყეს სამრეკლოს მშენებლობით. მუშახელის სიმცირის, გლეხების გაქცევისა და სამშენებლო მასალის უკმარისობის გამო მშენებლობა მხოლოდ 1720 წელს დასრულდა. სამრეკლოს წვეტი მოოქროვილი სპილენძის ფირფიტებით შეამკეს მოქვიანებით. შენობის სიმაღლემ შეადგინა 112 მეტრი, რაც 32 მეტრით მეტი იყო ივანე დიდის სამრეკლოზე. მთლიანი ტაძარი დაასრულეს 1733 წელს, პეტრე I დიდის გარდაცვალების შემდეგ.
სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის დაარსებიდან (1742 წელი) ისააკის ტაძრის კურთხევამდე (1858 წელი) პეტრესა და პავლეს ეკლესია იყო საკათედრო[2].
1756-1757 წლებში ხანძრის შედეგად დაზარალებული ტაძარი აღადგინეს. 1773 წელს აკურთხეს წმინდა ეკატერინეს ეგვტერი.
1777 წელს სამრეკლოს წვეტი ქარიშხალმა დააზიანა. აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი პეტრე პატონი, ახალი ანგელოზის ფიგურა ჯვრით შეასრულა ანტონიო რინალდიმ. 1830 წელს ანგელოზის დაზიანებული ფიგურა შეაკეთა პეტრე ტელუშკინმა.
1857-1858 წლებში წვეტის ხის კონსტრუქცია შეცვალეს მეტალის კონსტრუქციით. არქიტექტორების ძირითადი დავალება იყო ხის ნივნივების შეცვლა მეტალის ნივნივებით. ამ რესტავრაციის შემდეგ ნაგებობის სიმაღლე გაიზარდა 10,5 მეტრით[2].
1864-1866 წლებში ძველი აღსავლის კარი შეიცვალა ახლით, რომელიც დამზადებული იყო ბრინჯაოსაგან (არქიტექტორი ალექსანდრე კრაკაუ). 1875-1877 წლებში ჯოვანი ბოლდინმა მოხატა ახალი პლაფონები.
1919 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ პეტრესა და პავლე მოციქულების ტაძარი დახურა. დიდი სამამულო ომის პერიოდში ტაძარი ძლიერ დაზიანდა. 1952 წელს გაარემონტეს ფასადი, 1956-1957 წლებში კი - ინტერიერი. 1954 წელს შენობა გადაეცა სანქტ-პეტერბურგის ისტორიის მუზეუმს[2][1].
1990-იან წლებში ტაძარში რეგულარულად მიმდინარეობდა რუსეთის იმპერატორების პანაშვიდები, ხოლო 2000 წლიდან კი ღვთისმსახურება. 2008 წელს, 1917 წლიდან პირველად აღევლინა სააღდგომო ღვთისმსახურება. ამჟამად ტაძრის წინამძღვარია მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე ფიოდოროვი[3], რომელიც ასევე ეპარქიული კომისიის სამხატვრო-არქიტექტურული საკითხების კომისიის ხელმძღვანელიცაა[4].
იმპერატორების აკლდამა
რედაქტირებაპეტრე დიდის ეპოქამდე რომანოვების ტაძარი-აკლდამა იყო მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი, აქ დაასაფლავეს მოსკოვის ყველა დიდი მთავარი და მეფეები ივანე I-დან ივანე V-მდე.
პეტრე დიდის მმართველობის პერიოდში ოჯახის წევრების განსასვენებლი აკლდამა განსაზღვრული არ იყო. სამეფო ოჯახის წევრებს კრძალავდნენ ალექსანდრე ნეველის ლავრის ხარების ეკლესიაში. ჯერ კიდევ დაუსრულებელ ტაძარში 1715 წელს დაკრძალეს პეტრე I-სა და ეკატერინე I-ის ორი წლის შვილი ნატალია, ხოლო სამრეკლოს ქვეშ დაკრძალეს უფლისწულ ალექსი პეტრეს ძის 21 წლის ცოლი შარლოტა ქრისტინა ბრაუნშვეიგ-ვოლფენბიუტელსკაია. აქვე 1718 წელს მიაბარეს მიწას თავად უფლისწული ალექსიც. 1716 წელს ტაძრის შესასვლელთან დაკრძალეს თედორე III-ის ქვრივი მართა აპრაქსინა.
პეტრე დიდის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი დაკრძალეს მშენებარე ტაძრის შიგნით დროებით სამლოცველოში. საბოლოო დაკრძალვა მოხდა 1731 წლის 29 მაისს. შემდეგში აკლდამაში იკრძალებოდა ყველა იმპერატორი ალექსანდრე III-ის ჩათვლით, პეტრე II-ისა და ივანე VI-ის გამოკლებით, პირველი მოსკოვში დაიღუპა და დაკრძალეს მთავარანგელოზის ტაძარში, ხოლო მეორე მოკლეს შლისელბუგში და მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე უცნობია.
1831 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ტაძარში დაკრძალა თავისი ძმა კონსტანტინე პავლეს ძე. ამ მომენტიდან ტაძარში კრძალავდნენ იმპერატორების ახლო ნათესავებს.
1865 წელს ყველა საფლავი შეცვალეს ერთგვარი თეთრი მარმარილოს სარკოფაგებით ბრინჯაოს მოოქროვილი ჯვრებით, იმპერატორების საფლავებს ამკობდნენ ორთავიანი არწივით.
2006 წლის 28 სექტემბერს ტაძარში გადაასვენეს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დედა მარია თედორეს ასული, რომელიც 1928 წელს გარდაიცვალა დანიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Боголюбов А. Н. Математики. Механики. Биографический справочник. — Киев: Наукова думка, 1983. — 639 с.
- Краеведческие записки. — СПб., 1994. — Вып. 2 : Петропавловский собор и Великокняжеская усыпальница. — 365, [1] с.
- Логунова М. О., Скоробогая О. В. Час иконостаса // Русский меценат. СПб. Апрель 2013. С. 22-26. — 0,3 п.л.
- Логунова М. О. Тема ключей в иконостасе Петропавловского собора / М. О. Логунова // Труды государственного музея истории Санкт-Петербурга: исследования и материалы. Вып. 22 / Гос. музей истории С.-Петербурга. — СПб., 2012. — С. 157—167. — 0,5 п.л.
- Логунова М. О. Печальные ритуалы императорской России / М. О. Логунова // Печальные ритуалы императорской России. М.-СПб. : Центрполиграф, 2011. 6 п.л.
- Логунова М. О. Петропавловская крепость / М. О. Логунова // Петропавловская крепость. СПб.: Альфа-колор, 2003. 2 п.л.
- Санкт-Петербург: памятники истории и культуры / Сост. И. М. Титов. — СПб., 2003. — С. 8—9.
- DeAgostini Православные храмы. Путешествие по святым местам — Выпуск № 11, 2012 — Петропавловский собор (собор во имя первоверховных апостолов Петра и Павла) Санкт-Петербург
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Музей истории Петербурга
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2018-05-18.
- ↑ архимандрит Александр (Федоров Александр Николаевич)
- ↑ Комиссия по архитектурно-художественным вопросам Санкт-Петербургской епархии