სამტრედიის ბრძოლა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სამტრედიის ბრძოლა
საქართველოს სამოქალაქო ომის ნაწილი
თარიღი 19—22 ოქტომბერი, 1993
მდებარეობა სამტრედია
შედეგი შევარდნაძის მთავრობის გამარჯვება
მხარეები
საქართველოს დროშა გამსახურდიას მთავრობა საქართველოს დროშა შევარდნაძის მთავრობა
მხედრიონი
რუსეთის დროშა რუსეთი
  • 35-ე სამხედრო კორპუსი
მეთაურები
საქართველოს დროშა ზვიად გამსახურდია
საქართველოს დროშა ლოთი ქობალია
საქართველოს დროშა ედუარდ შევარდნაძე
რუსეთის დროშა ბორის ელცინი

სამტრედიის ბრძოლა — ბრძოლა საქართველოს სამოქალაქო ომის დროს, კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ სამხედრო ნაწილებსა და ედუარდ შევარდნაძის სამხედრო გადატრიალების შემდგომ მოსულ მთავრობას შორის.

წინაისტორია

რედაქტირება

1991 წლის მაისში ზვიად გამსახურდია აირჩიეს საქართველოს პირველ პრეზიდენტად. 1991 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნული გვარდია გაიყო გამსახურდიას მომხრე და მოწინააღმდეგე ფრაქციებად მას შემდეგ, რაც მისმა მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა პრეზიდენტს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ეს კონფლიქტი საბოლოოდ გადაიზარდა სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომში და დასრულდა გამსახურდიას მთავრობის დამხობით. 1992 წლის დასაწყისში პუტჩისტებმა ძალაუფლების ხელში ასაღებად მოიწვიეს ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს სსრ-ს ყოფილი ლიდერი.[1] გამსახურდიამ დატოვა საქართველო და გაემგზავრა ჩეჩნეთში, ხოლო მისმა მომხრეებმა კონტროლი დაამყარეს სამეგრელოზე. 1993 წლის სექტემბერში გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში და მისმა ძალებმა ოქტომბერში დაიწყეს ბრძოლა კანონიერი მთავრობის აღდგენის მოტივით. გამსახურდიას ჯარებმა დასავლეთ საქართველოში ცხრა ქალაქი აიღეს, მათ შორის შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი ფოთში.[2]

17 ოქტომბერს, გამთენიისას, გამსახურდიას ჯარებმა გადალახეს მდინარე ცხენისწყალი და ტანკებისა და არტილერიის დახმარებით სამტრედიაზე შეტევა დაიწყეს და რამდენიმე საათში ქალაქის ცენტრს მიაღწიეს. შევარდნაძის ჯარების უმეტესობამ უკან დაიხია ქუთაისში, ნაწილი კი ალყაში მოექცა და ტყვედ ჩავარდა. სამტრედიის აღებით გამსახურდიას მომხრეებმა კონტროლი მოიპოვეს მნიშვნელოვან რკინიგზის კვანძზე, რომელიც აკავშირებდა თბილისსა და ბათუმს, რითაც შევარდნაძის მთავრობა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა.[3] შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლის, ზაზა ბილიხოძის თქმით, ბრძოლაში დაიღუპა შევარდნაძის მომხრე 40 ჯარისკაცი, ხოლო გამსახურდიას მხარეზე დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.[4][5][6]

რუსული ინტერვენცია

რედაქტირება

შევარდნაძე მარცხის შემდეგ ქუთაისში ჩავიდა და თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის მოემზადა. 18 ოქტომბერს შევარდნაძემ აღიარა, რომ მისი ჯარი პრაქტიკულად დაიშალა და დახმარებისთვის მიმართა რუსეთს გამსახურდიას წინსვლის შესაჩერებლად. ამ დროისთვის გამსახურდიას ძალები აკონტროლებდნენ ქვეყნის მესამედს და მიიწევდნენ ქუთაისისკენ.[7][8] 18 ოქტომბერს შევარდნაძემ სთხოვა რუსეთს სამხედრო დახმარება. თუმცა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პაველ გრაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ აღმოუჩენდა სამხედრო დახმარებას შევარდნაძის მთავრობას, რადგან საქართველო ჯერ არ იყო დსთ-ს წევრი; მან დაამატა, რომ ამგვარი ქმედება შეიძლება აღქმულიყო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად. 19 ოქტომბერს თბილისში პარლამენტმა 219 კაცის შემადგენლობით მხარი დაუჭირა საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებას. ამის შემდეგ გრაჩევმა განაცხადა, რომ რადგანაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დსთ-ს წევრობას, რუსეთი გააგზავნიდა ჯარს მთავარი სარკინიგზო ხაზების დასაცავად. 20 ოქტომბერს რუსეთის საჯარისო ნაწილები რკინიგზისკენ დაიძრნენ. მათი გადაადგილების ოფიციალურ მიზნად რკინიგზის დაცვა სახელდებოდა, ხოლო რუსეთი უარყოფდა სამოქალაქო ომში მონაწილეობას, თუმცა ეს დაადასტურა შევარდნაძის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.[6][9]

კონტრშეტევა

რედაქტირება

22 ოქტომბერს შევარდნაძის ჯარებმა რუსული ტანკების მხარდაჭერით შეტევა განახორციელეს სამტრედიაზე, რასაც მოჰყვა ქუჩის ბრძოლები.[6] შევარდნაძის ძალებმა გაიმარჯვეს და იმავე დღეს შევარდნაძის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სამტრედიის დაბრუნების შესახებ.[10]

  1. „Shevardnadze named head of new government“ (ინგლისური). Greensboro. 1992-03-10. ციტირების თარიღი: 2024-08-31.
  2. „Georgian Vows to Oust Shevardnadze“ (ინგლისური). The Washington Post. 1993-10-10. ციტირების თარიღი: 2024-08-31.
  3. „Rebels close in on Shevardnadze“ (ინგლისური). The Independent. 1993-10-17. ციტირების თარიღი: 2024-08-31.
  4. „Rebels in Georgia capture Major City“ (ინგლისური). The Washington Post. 1993-10-18. ციტირების თარიღი: 2024-08-31.
  5. „Another Georgia town falls to rebels“ (ინგლისური). The Tampa Bay Times. 1993-10-18. ციტირების თარიღი: 2024-08-31.
  6. 6.0 6.1 6.2 „Shevardnadze's Comeback Credited to Russia“ (ინგლისური). The Washington Post. 1993-10-27. ციტირების თარიღი: 2024-08-31.
  7. „Georgia Leader Appeals for Russian Peacekeeping Force“ (ინგლისური). The Los Angeles Times. 1993-10-19. ციტირების თარიღი: 2024-08-31.
  8. „Georgia Seeks Russian Military Aid“ (ინგლისური). The Washington Post. 1993-10-18. ციტირების თარიღი: 2024-08-31.
  9. Human Rights Watch. VIOLATIONS OF THE LAWS OF WAR AND RUSSIA'S ROLE IN THE CONFLICT. p. 44
  10. „Rebels ousted“ (ინგლისური). The Independent. 1993-10-22. ციტირების თარიღი: 2024-08-31.