სამარას ბრძოლა
სამარას ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნადირ-შაჰ აფშარის ომების, ირან-ოსმალეთის ომი (1730-1736) ნაწილი | |||
ოსმალეთის არტილერია | |||
თარიღი | 19 ივლისი 1733 | ||
მდებარეობა | სამარა | ||
შედეგი | თურქების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
სამხედრო ნაწილები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
სამარას ბრძოლა — ნადირ შაჰის მესოპოტამიის კამპანიის გადამწყვეტი ბრძოლა. შედეგად, ბაღდადი განთავისუფლდა სპარსელთა ალყისგან და ერაყის დარჩა ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ. სასტიკი ბრძოლა ორივე მხარეს საერთო ჯამში დაახლოებით 50000 მსხვერპლი დაუჯდა, დანაკარგებმა აიძულა სპარსელები გაეყვანათ დარჩენილი ჯარები რეგიონიდან. მარცხი, რომელიც ნადირ შაჰმა განიცადა, ერთადერთი დიდი მარცხი იყო მთელი მისი სამხედრო კარიერის განმავლობაში. ამ დამცირებისთვის მან შური იძია თურქ გენერალ თოფალ ოსმან ფაშაზე კირკუკის ბრძოლაში.[1]
ბაღდადის ალყა და თოფალ ოსმან ფაშას ჩამოსვლა
რედაქტირებანადირ შაჰმა 100 000 მეომარისგან შემდგარი ძლევამოსილი არმიით შემოარტყა ალყა ბაღდადს და ქალაქი ბლოკადის რკინის რკალში მოაქცია. თურქეთის გარნიზონმა აჰმად ფაშას ხელმძღვანელობით დაიწყო ფიქრი კაპიტულაციაზე. მოლაპარაკებების დაწყებისთანავე აჰმად ფაშამ მიიღო ინფორმაცია, რომ სტამბოლიდან ქალაქის დასახმარებლად გაიგზავნა 80 000 ჯარისკაცისგან შემდგარი (ძირითადად კარგად გაწვრთნილი იანიჩარებისგან და სიპაჰიებისგან) ძლიერი ჯარი 80 ქვემეხთან ერთად, ყოფილი ვეზირის თოფალ ოსმან ფაშას მეთაურობით.
თოფალ ფაშა სრულიად განსხვავებული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, მათგან, ვისაც კი ნადირ შაჰი ბრძოლის ველზე შეხვედრია, მაგრამ ნადირმა იმ დროისთვის ბრძოლის ველზე დამარცხება არ იცოდა, ამიტომ შესაძლოა დაიჯერა საკუთარი უძლეველობის. ალყის გასაგრძელებლად ბაღდადის მახლობლად დატოვა 12000 ჯარისკაცი, თავად გაემართა ჩრდილოეთით სამარისკენ, თან წაიყვანა 70000 ჯარისკაცი და ათობით ქვემეხი წაიღო.[2]
ალყის სირთულეები
რედაქტირებანადირ შაჰს სურდა ბაღდადის დაცემა დაეჩქარებინა ქალაქისთვის მტკნარი წყლის მიწოდების შეწყვეტით. სწრაფი ჩაბარების იმედები არ გამართლდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 60,000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ბლოკადის დროს.
სპარსული არტილერია, რომელიც მოძრავი საველე იარაღისგან შედგებოდა და მძიმე ალყისთვის განკუთვნილი არტილერია პრაქტიკლად არ გააჩნდა, უძლური აღმოჩნდა ქალაქის მძლავრ კედლებთან მიმართებაში. ქალაქის აღების ერთადერთი იმედი ემყარებოდა შიმშილის საფრთხეს და ქალაქელების შესაძლო აჯანყებას აჰმად ფაშას წინააღმდეგ, რომელიც ხვდებოდა, რომ ბაღდადის დაკარგვა მთელი ეიალეთის დაკარგვას ნიშნავდა, ამიტომ არ აპირებდა დანებებას.
თოფალ ოსმან ფაშა
რედაქტირებათოფალ ოსმან ფაშას ოჯახი წარმოშობით ანატოლიიდან, კერძოდ კონიიდან იყო. თავად დაიბადა და გაიზარდა პელოპონესის ნახევარკუნძულზე.
ახალგაზრდა ასაკიდანვე, იგი სულთნის სამსახურში ჩაირიცხა და 24 წლის ასაკში ბეგლარბეგის წოდება მიიღო.მოგვიანებით ეგვიპტის მმართველი გახდა გზაში, როცა ეგვიპტისკენ მიემართებოდა, მის გემს თავს ესპანელი მეკობრეები დაესხნენ. ოსმან-ფაშა ტყვედ ჩაიგდეს. ბრძოლის დროს, იგი ფეხში დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა. სწორედ ამიტომ უწოდეს მას „თოფალ“, რაც თურქულდ კოჭლს ნიშნავს.თოფალი დაატყვევეს და მალტაში წაიყვანეს. იგი გამოისყიდეს და გაათავისუფლეს, მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო პრუტის კამპანიაში და ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვენეციასთან ომში, რისთვისაც დაჯილდოვდა ფაშას ტიტულით.თოფალმა საბოლოოდ ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირის წოდება მიიღო, თუმცა მან ეს პოსტი მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში შეინარჩუნა და პოლიტიკური ინტრიგების გამო დატოვა. იმ დროისთვის იგი ტრაპიზონისა და ტფილისის გამგებლად იყო დანიშნული. თოფალ ოსმან ფაშა ისტორიაში შევიდა, როგორც ნადირ შაჰის ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც მას არ ჩამოუვარდებოდა ეშმაკობითა და გამოცდილებით.
შეტაკება
რედაქტირებათოფალ ფაშამ თითქმის მაშინვე გამოავლინა თავისი სამხედრო ნიჭი. სპარსელების უგუნური თავდასხმის გამოწვევის მიზნით მან შესამჩნევად დაასუსტა უკანა დაცვა, თუმცა ღამით საგრძნობლად გააძლიერა. ნადირმა, რომელიც არ იცოდა ამის შესახებ, თავისი კავალერიის უმეტესი ნაწილი გაგზავნა ოსმალეთის მარცხენა ფლანგზე, რომელიც სუსტი ჩანდა. მაგრამ აქ სპარსელები ძლიერ თურქულ პოზიციებს წააწყდნენ და იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, არ მისცეს რა ნადირ შაჰს უპირატესობა მოეპოვებინა ბრძოლაში. შემდეგ ნადირმ შაჰმა გადაწყვიტა ცენტრზე განეხორციელებინა თავდასხმა თურქებზე ფრონტალური შეტევით და 50000 ჯარისკაცს უბრძანა შეტევაზე გადასულიყო. ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, თურქული ცენტრი სერიოზულად განადგურდა, სპარსელები დაწინაურდნენ თურქული ბანაკის ცენტრში და მტრის რამდენიმე იარაღიც კი ჩაიგდეს ხელში. ამ ეტაპზე 2000 ქურთის თავდასხმამ თოფალ ფაშას ჯარისკაცები პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ თურქმა გენერალმა დროულად აღიდგინა მდგომარეობა და რეზერვიდან 20000 ჯარისკაცი გამოიყვანა. დაწყებულ კონტრშეტევაში თურქებმა უკან დახიეს სპარსელები და დაკარგული იარაღი დაიბრუნეს.
ბრძოლა გაგრძელდა. ხელსაყრელი მდებარეობის გამო ოსმალეთის არმიას გასასვლელი ჰქონდა მდინარე ტიგროსის წყალზე, რომელიც მის უკან მიედინებოდა, ხოლო სპარსელები წყლის უკმარისობა განიცდიდნენ მესოპოტამიის მცხუნვარე მზის ქვეშ. თოფალ ფაშას სიბრძნე პოზიციების არჩევისას კიდევ ერთხელ გამოვლინდა, როდესაც ბრძოლის დროს ამომავალი ქარი სპარსელებს მტვერს და ქვიშას აყრიდა სახეში. საბოლოოდ, სპარსეთის არმიის უიღბლობა კიდევ უფრო გაამწვავა ნადირის ჯარში არაბული ტომობრივი კონტინგენტის ღალატმა. ყველა ეს ფაქტორი ერთად გადაულახავი გახდა ნადირ შაჰის ბრძოლაში გამობრძმედილი მეომრებისთვისაც კი.
ნადირ შაჰის მიერ გამოყვანილმა დურანის 12000 ცხენოსანმა რეზერვმაც კი ვერ შეაჩერა იანიჩართა შეტევა. სპარსეთის ლაშქარმა ოსმალეთის ზეწოლის შედეგად დაიწყო დაშლა. მეომართა საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად ნადირ შაჰი პირადად შეიჭრა ბრძოლის ველზე: თურქ ცხენოსანს დაარტყა, თავად კი უნაგირიდან ჩამოაგდეს. ჭორებმა მისი გარდაცვალების შესახებ დიდი მორალური დარტყმა მიაყენა სპარსეთის არმიას. სპარსელები გაიქცნენ, შეწყვიტეს ორგანიზებული წინააღმდეგობა, მათი მეთაურების ძალისხმევამაც კი ვერ შეძლო საბრძოლო ფორმირებების აღდგენა. ნადირმა სამხედრო კარიერაში პირველად და უკანასკნელად იგემა მარცხი.[3]
შედეგები
რედაქტირებასპარსელებმა დაკარგეს მთელი ჯარის თითქმის ნახევარი, მათ შორის მთელი არტილერია, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი თურქებს ჩაუვარდა ხელში. დაიღუპა ან დაიჭრა 30000 სპარსელი, 3500 ტყვედ ჩავარდა (მათგან 500 სიკვდილით დასაჯეს). თუმცა ოსმალებმაც მძიმე ფასი გადაიხადეს გამარჯვებისთვის. მათ დაკარგეს ჯარის მეოთხედი. გამარჯვებამ დაასრულა ბაღდადის ალყა. თოფალ ფაშას ტრიუმფით გამხნევებულმა აჰმად ფაშამ და მისმა მეომრებმა გაარღვიეს ქალაქის კედლები და თავს დაესხნენ მოალყეებს, რომლებმაც გაქცევით უშველეს თავს. 1733 წლის 24 ივლისს თოფალ ოსმან ფაშა საზეიმოდ შევიდა ბაღდადში.[2][4]
ლიტერატურა
რედაქტირება- Michael Axworthy, The Sword of Persia: Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant Hardcover 348 pages (26 July 2006) Publisher: I.B. Tauris Language: English ISBN 1-85043-706-8
- Moghtader, Gholam-Hussein(2008). The Great Batlles of Nader Shah, Donyaye Ketab
- Ghafouri, Ali(2008). History of Iran’s wars: from the Medes to now, Etela’at Publishing
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Axworthy, Michael, "Iran: Empire of the Mind", Penguin Books, 2007. p156
- ↑ 2.0 2.1 Axworthy, Michael (2009). The Sword of Persia: Nader Shah, from tribal warrior to conquering tyrant,p. 180. I. B. Tauris
- ↑ Moghtader, Gholam-Hussein(2008). The Great Batlles of Nader Shah,p. 56. Donyaye Ketab
- ↑ این یک مقالهٔ خرد جنگی در تاریخ است. میتوانید با گسترش آن به ویکیپدیا کمک کنید. (სპარს.)