თოფალ ოსმან-ფაშა
თოფალ ოსმან-ფაშა (თურქ. Topal Osman Paşa; დ. 1663, მორეა, საბერძნეთი — გ. 1733, ქირქუქი, ერაყი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1731-1732 წლებში, სულთან მაჰმუდ I-ის მმართველობის პერიოდში. ბეილერბეის ტიტული ახალგაზრდობაშივე მიიღო და ოსმალეთის რამდენიმე სანჯაყის მმართველიც იყო. 1731 წელს დაინიშნა დიდ ვეზირად. პოსტიდან გადაყენების შემდეგ ხელმძღვანელობდა ოსმალეთის კამპანიებს ირანის წინააღმდეგ. 1732 წელს ნადირ-შაჰისგან გადაარჩინა ბაღდადი, თუმცა 1733 წელს ქირქუქის ბრძოლაში განიცადა მარცხი და თავადაც ამ ბრძოლას შეეწირა.
თოფალ ოსმან-ფაშა | |
---|---|
Topal Osman Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 სექტემბერი, 1731 |
მმართ. დასასრული: | 12 მარტი, 1732 |
წინამორბედი: | ქაბაქულაქ იბრაჰიმ-ფაშა |
მემკვიდრე: | ჰექიმოღლუ ალი-ფაშა |
მონარქი: | მაჰმუდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1663 |
დაბ. ადგილი: | პელოპონესი |
გარდ. თარიღი: | 1733 |
გარდ. ადგილი: | ქირქუქი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათოფალ ოსმან-ფაშა დაიბადა 1663 წელს, მორეაში (დღევანდელი პელოპონესის პერიფერია), საბერძნეთში, მაგრამ მისი ოჯახი წარმოშობით ანატოლიიდან, კერძოდ კონიიდან იყო. ახალგაზრდა ასაკიდანვე, იგი სულთნის სამსახურში ჩაირიცხა და 24 წლის ასაკში უკვე ბეილერბეის ტიტულიც დაიმსახურა. ოსმანი დაინიშნა ეგვიპტის მმართველად. გზაში, როცა იგი ეგვიპტისკენ მიემართებოდა, მის გემს თავს ესპანელი მეკობრეები დაესხნენ. ოსმან-ფაშა ტყვედ ჩაიგდეს. ბრძოლის დროს, მან ჭრილობა მიიღო ერთ ფეხში, რის გამოც სამუდამოდ დაკოჭლდა. სწორედ ამიტომ უწოდეს მას „თოფალ“, რაც თურქულდ კოჭლს ნიშნავს.
ოსმანი მალტაზე გადაიყვანეს, თუმცა მალევე გამოიხსნეს და სტამბოლში დააბრუნეს. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო 1710-11 წლებში მდინარე პრუტის კამპანიაში. ცოტა ხანში, იგი რუმელიის მმართველად დაინიშნა. 1715 წელს იგი მეთაურობდა ვენეციის წინააღმდეგ ბრძოლას, რის შედეგადაც ოსმალებმა მორეა დაიბრუნეს. მიღწეული წარმატების გამო, ოსმანს ფაშას ტიტული უბოძეს და ტირჰალას სანჯაყის მმართველად დანიშნეს. ავსტრია-ოსმალეთის 1716-1718 წლების ომის დასაწყისში, ოსმანი იყო პასუხისმგებელი არმიის მომარაგებაზე, მაგრამ 1716 წლის ბოლოს იგი მორეაში დაბრუნდა, რათა ვენეციელთა შემოტევა მოეგერიებინა. თოფალ ოსმან-ფაშა სერასქერის, ანუ მთავარსარდლის ტიტულით იქნა დაჯილდოებული.
1720-1730 წლებში რამდენიმეჯერ იყო ბოსნიისა და რუმელიის მმართველი. სულთან მაჰმუდ I-ის აჯანყების შედეგად ტახტზე ასვლის შემდგომ, ოსმან-ფაშამ დაიჭირა აჯანყების მოთავის პატრინა ჰალილას მხარდამჭერები, რომელნიც თავს დასავლეთ ბალკანეთს აფარებდნენ. სწორედ ამიტომ, 1731 წლის 10 სექტემბერს თოფალ ოსმან-ფაშამ დიდი ვეზირის ბეჭედი მიიღო. თავისი ექვსთვიანი მმართველობის დროს, ოსმანი ცდილობდა რეფორმების გატარებას, დედაქალაქში სტაბილური მდგომარეობის დამყარებას, მისი საკვებით უზრუნველყოფას. აგრეთვე, ფაშა ცდილობდა საფრანგეთის დახმარებით არმიის რეორგანიზაციას, მის დასავლურ სტანდარტებზე გადაყვანას.
1732 წლის 12 მარტს მაჰმუდმა მის ნაცვლად დიდ ვეზირად ჰექიმოღლუ ალი-ფაშა დანიშნა. გადაყენების შემდეგ, ოსმანი დაინიშნა ტრაპიზონისა და ტიფლისის გამგებლად. როგორც იმპერიის ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცი, 1733 წელს ოსმანი დაინიშნა არმიის მთავარსარდლად, სპარსეთ-ოსმალეთის ომის დროს. ივლისში ნადირ-შაჰი ერაყში შეიჭრა და ალყა შემოარტყა ბაღდადს. უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. თოფალ ოსმან-ფაშას ჭკვიანური სტრატეგიის შედეგად, ოსმალებმა მტერს 30,000-იანი დანაკარგი მიაყენეს, თუმცა თავადაც 20,000 მეომარი დაკარგეს. ნადირ-შაჰმა უკან დაიხია, თუმცა ცოტა ხანში კიდევ ერთხელ შეიჭრა ერაყში. ოსმალეთის არმია უკვე დასუსტებული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ძლიერი და გამოცდილი მეომრები დასავლეთში ჰყავდათ გადაყვანილი. მიუხედავად ამისა, ოსმალები მაინც ფლობდნენ რიცხობრივ უპირატესობას. მომდევნო ბრძოლაში, რომელიც ქირქუქთან შედგა, თოფალ ოსმან-ფაშა მოკლეს, ხოლო ოსმალები დამარცხდნენ. სპარსელებმა მისი ნეშტი ოსმალებს გადასცეს. ოსმან-ფაშა დაკრძალეს იმამ ქასიმის მეჩეთში, ქირქუქში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Buz, Ayhan (2009) " Osmanlı Sadrazamları", İstanbul: Neden Kitap, İŞBN 978-975-254-278-5
- Danışmend, İsmail Hâmi (1971),Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul: Türkiye Yayınevi.
- Yasaroğlu, Kamil "Osman Paşa (Topal)" (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.2 s.414 İŞBN:975-08-0072-9
- Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları İŞBN:975-333-0383 C.III s.428