სალამან და აბსალიბერძნული წყაროდან მომდინარე აღმოსავლური რომანულ-მისტიკური სიუჟეტი. რამდენიმეჯერ დაამუშავეს არაბულ და სპარსულ ენაზე (აბუ ისჰაყი, IX საუკუნე; იბნ სინა, X საუკუნე და სხვა). ზოგი ვერსიის მიხედვით სალამანი და აბსალი ვაჟი მეგობრები არიან, უმრავლეს შემთხვევაში კი – ვაჟი და ასული. ყველაზე ცნობილი და მხატვრულად სრულყოფილი ვერსია შექმნა აბდ-ორ-რაჰმან ჯამიმ: სალამანს, საბერძნეთის ტახტის მემკვიდრეს, შეუყვარდება ლამაზი ძიძა – აბსალი. მეფე ცდილობს მათ დაშორებას, რასაც ბრძენის დახმარებით მიაღწევს. სასოწარკვეთილი მიჯნურები კოცონში გადაეშვებიან. აბსალი დაიწვება, სალამანი კი უვნებლად გადარჩება. პოემის ბოლოს თვით ჯამი იძლევა ალეგორიის გახსნა (მეფე – ღვთაების ემანაციაა, სალამანი – გონიერი სული, აბსალი – სხეული, ბრძენი – სულის სიმძლავრე, კოცონი – ხორცის დათრგუნვა და ა. შ.). პოემაში ჩართულია კაცთმოყვარეობით გამსჭვალული დიდაქტიკური არაკები.

ზოგი ქართველი მკვლევარის აზრით პერსონაჟი სალამანი იხსენიება „თამარიანსა“ და ვეფხისტყაოსანში (სალა, სალამან).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვახარია ა., ქსე, ტ. 8, გვ. 686, თბ., 1984