საკრამულოს ეკლესია
საკრამულოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკრამულოს სამხრეთ ნაწილში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
ეკლესია ეგრეთ წოდებული „კუპელჰალეს“ ტიპის თავისებური ვარიანტია, ნაგებია აგურით. დაზიანებულია: ჩამოშლილია გადახურვისა და ლავგარდნის ნაწილი, დანგრეულია დასავლეთ კედელზე მდგარი სამრეკლო, რომლის მხოლოდ კვადრატული საფუძველია შემორჩენილი. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით, ღრმა ნახევარელიფსის ფორმის აფსიდის ღერძზე გაჭრილი, მაღალი და ფართო თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს, თითო თაღოვანი ნიშია. აფსიდის გვერდებზე, კედლის სისქეში, თითო ვიწრო და გრძელი სადგომი სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სადგომის აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. სარკმლებთან, აფსიდის მხარეს, შესაბამისი კედლის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია სადგომებისა და კონქის თავზე არსებულ სამალავში ასასვლელი კიბე. სამკვეთლოს და სადიაკვნეს შესასვლელი დასავლეთიდან, დარბაზიდან აქვს - გუმბათქვეშა სივრცის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ კიდეში. გრძივი კედლებიდან მკვეთრად გამოშვერილი თითო განიერი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯენი თაღით, დარბაზის სივრცე ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაგანაც აღმოსავლეთისა ერთ-ნახევარჯერ აღემატება დასავლეთისას. აღმოსავლეთ ნაწილზე გუმბათია აღმართული. იგი ეყრდნობა აფსიდის თაღს. პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს და გრძივი კედლების მიმდებარე ორ საბჯენ თაღს. ყველა თაღი ისრული ფორმისაა. გუმბათქვეშა კვადრატებიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია აფრები. აფსიდის სარკმლის გარდა ეკლესიის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია.
ფასადები სადაა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. კელები აგურის ოთხი მწკრივით შედგენილი ლავგარდნითაა დასრულებული. გუმბათის ველი რვაწახნაგოვანია. თითოეულ წახნაგზე თითო ფართო და მაღალი შეისრულთაღოვანი შეღრმავებაა, რომლებშიც თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. გუმბათის ყელის ყველა წიბოს, სიმაღლის ორ მესამედზე, თითო ნახევარწრიული ლილვი აუყვება. ლილვებს ეყრდნობა ბოლოებით ერთმანეთზე გადაბმული რვა შეისრული თაღი. თაღებს ზემოთ ლილვისებრი სარტყელია. ასეთივე სარტყელია სარკმლების ძირის დონეზე. გუმბათს აგურით ნაწყობი პირამიდული სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კასრაძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 305.