სათერძის წმინდა გიორგის ეკლესია

სათერძეს წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ სათერძის სამხრეთ-დასავლეთით, 1,5 კმ-ზე, სათერძისწყლის ხეობაში, მთის კონცხზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (10,8 X 6,8 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი და დაწყობილი კვადრებით. გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი ორია - სამხრეთით და დასავლეთით (დასავლეთის არქიტრავის ქვა ჩამოვარდნილია და შესასვლელის წინ დევს). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო, გეგმით ნახევარწრიული, დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ნიშია. ნიშის თაღები ერთ მთლიან ქვაშია გამოკვეთილი. საკურთხევლის კონქის ქუსლები ეყრდნობოდა განსხვავებული პროფილის იმპოსტებს (სამხრეთის - გლუვი თარო და ოდნავ დახრილი სიბრტყე; ჩრდილოეთისა - მარტივი თარო, შვეული პირი და ლილვი). თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში და დასავლეთ შესასვლელის თავზეა. გრძივი კედლები და კამარა წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფოდა.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ორნამენტირებულ საპირეს შეწყვილებული გრეხილით ლილვები აქვს შემოვლებული. ორნამენტირებულია სამხრეთ ფასადის შესასვლელის და სარკმლის საპირეებიც (სარკმლის საპირე ჩამოშლილია). შესასვლელის თავზე ვარსკვლავისებური როზეტია. დასავლეთ ფასადზე შესასვლელს ბრტყელი ორნამენტირებული საპირე აქვს (არქიტრავზე ორნამენტის ნახატი გეომეტრიულია, გვერდებზე - ლათინური ,,ს“-ს მაგვარი). აქვე, არქიტრავზე, მოზრდილი წრიული როზეტია, რომლის არეში ლილვების გრეხილით ამოკვეთილია ტოლმკლავა ჯვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება