საბავშვო ფოლკლორი
საბავშვო ფოლკლორი — ბავშვებისთვის განკუთვნილი ზეპირსიტყვიერი შემოქმედება, ყველა ის ხალხური ნაწარმოები, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების გარემოსთან და მათი ბუნებისა და ინტერესების გამომხატველია.
საბავშვო ფოლკლორში შედის ნაწარმოებები, რომლებიც მოზრდილთა მიერ ბავშვებისთვის არის შექმნილი, მოზრდილთა რეპერტუარიდან საბავშვო ფოლკლორში დამკვიდრდა ან საკუთრივ ბავშვთა ზეპირსიტყვიერი შემოქმედება.
პირველი ჯგუფის მაგალითებია სააკვნო ლექს-სიმღერები, სალალაო და შესაქცევარი პოეზია, ნაწარმოებები ცხოველებისა და ფრინველების შესახებ, „ცოცხალი ტყუილის“ ნიმუშები და სხვ. ამგვარ ნაწარმოებთა დანიშნულებაა მცირეწლოვანთა გართობა იმ ასაკში, როცა ისინი მთლიანად სხვაზე არიან დამოკიდებულნი.
მეორე ჯგუფში ერთიანდება უძველესი რიტუალური პოეზია („მზეო, მზეო ამოდი“, „ივანესას მოვდიოდი“), თემატიკურად მრავალფეროვანი საისტორიო-საყოფაცხოვრებო ლექსები, შაირები, გამოცანები, ანდაზები და სხვ. გართობასთან ერთად ამ ნაწარმოებების ძირითადი დანიშნულებაა ბავშვებისთვის მოვლენებისა და საგნების შესახებ გარკვეული წარმოდგენის გამომუშავება.
მესამე ჯგუფში თავს იყრის პატარების მიერ შეთხზული, მათი გემოვნების და ბუნების გამომხატველი ნაწარმოებები: გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები, ნაწილობრივ ენის გასატეხი ფორმულები და სხვ. საბავშვო ფოლკლორში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ასევე თამაშობებს, ზღაპრებს.
საბავშვო ფოლკლორის მეცნიერულ შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა ინგლისელმა ცოლ-ქმარმა ოპებმა (Opie): იონამ (1923–2017) და პიტერმა (1918–1982). ქართულ საბავშვო ფოლკლორს სწავლობდნენ ქსენია სიხარულიძე, ფიქრია ზანდუკელი და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხალხური სიტყვიერება, შედგენილი ქ. სიხარულიძისა და ფ. ზანდუკელის მიერ, 1972.
- ზანდუკელი ფ., ხალხური საბავშვო პოეზიის ძირითადი სახეები, ქართული ფოლკლორი, ტ. III, 1969;
- ზანდუკელი ფ., საბავშვო ფოლკლორი, ხალხური პოეტური შემოქმედება, III, 1973.
- ზანდუკელი ფ., ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II, თბ., „მეცნიერება“, 1975.
- Boyes, Georgina (1995), ‘The Legacy of the Work of Iona and Peter Opie: The Lore and Language of Today’s Children’. In Rhyme, Reason and Writing, edited by Roger Beard, pp. 131–46. London: Hodder and Stoughton.