რუსები თბილისში
რუსები თბილისში (რუს. Русские в Тбилиси) — ეროვნული უმცირესობა თბილისში, ქალაქის მრავალფეროვანი უცხოეთნიკური მოსახლეობის ერთ-ერთი ნაწილი. საქართველოს დედაქალაქში მათი გამოჩენა დაკავშირებულია ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის პოლიტიკური ურთიერთობის გააქტიურებასთან.
1783 წელს ტრაქტატის საფუძველზე თბილისში იმყოფებოდა რუსთა ჯარის 2 ბატალიონი და მხოლოდ რამდენიმე სამოქალაქო მოხელე. 1801 წლის შემდეგ კი რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული სისტემაში თბილისის ჩართვამ იგი კავკასიის უმსხვილეს პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ცენტრად აქია, რამაც მიიპყრო უზარმაზარი იმპერიის საქმიანი ნაწილის ყურადღება. ამ დროიდან რუსების რაოდენობა თბილისში შეუჩერებლად იზრდებოდა და სულ მალე ქართველებთან და სომხებთან ერთად ქალაქის მოსახლეობის ძირითად ნაწილად იქცა. 1897 წლის მოსახლეობის აღწერით, რუსები თბილისის მოსახლეობის 24 %-ს შეადგენდნენ. რუსების რაოდენობა თბილისში ძირითადად კალუგის, კურსკის და ტამბოვის გუბერნიებიდან ჩამოსახლებული იმიგრანტების ხარჯზე იზრდებოდა. XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ჩამოჰყავდათ სექტანტები. 1876 წელს თბილისში 1800 მოლოკანი ირიცხებოდა. თბილისის მოსახლეობის აღწერისას რუსებად იწერებოდნენ უკრაინელებიც, რომლებიც გადმოსახლებული იყვნენ ჩერნიგოვის, პოლტავის, ხერსონის, ხარკოვის და სხვა გუბერნიებიდან. მიგრაციული პოლიტიკის ხასიათი, რომელიც ქართული ქალაქების პოლიეთნიზაციას ითვალისწინებდა, არ შეცვლილა XX საუკუნის 70-იან წლებამდე. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, თბილისში მუდმივ საცხოვრებლად 521,7 ათასი კაცი ჩამოვიდა, უმეტესწილად რუსეთიდან: მოსკოვიდან, დონის როსტოვიდან, ლენინგრადიდან, კრასნოდარის, სტავროპოლის, ვორონეჟის და როსტოვის ოლქებიდან და მხარეებიდან.
1989 წლის მოსახლეობის აღწერით, თბილისში ცხოვრობდა 124 867 რუსი, რაც ქალაქის მოსახლეობის 10 %-ს შეადგენს. თბილისის რუსული სკოლები და რუსული სექტორები უმაღლეს სასწავლებლებში სავსებით უზრუნველყოფენ რუსების განათლებას მშობლიურ ენაზე. რუსებს თბილისში აქვთ თავისი ეკლესიები, თეატრები, გაზეთები და ჟურნალები, სატელევიზიო გადაცემები, შემოქმედებითი ორგანიზაციები, სათვისტომო.
რუსების რაოდენობა თბილისში შემცირდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. 1990-იანი წლების თბილისში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების ფონზე რუსების დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. 2002 წლის აღწერის მიხედვით, თბილისში ცხოვრობს 32,6 ათასი რუსი, რაც ქალაქის მოსახლეობის 3 %-ს შეადგნეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 755