როზა მეფისაშვილი
როზა მეფისაშვილი (დ. 18?? — გ. 1937, უდე) — ქართველი ხელოვნების მუშაკი, მქსოველ-მქარგავი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაროზა მეფისაშვილმა პირველდაწყებითი განათლება ახალციხეში, რაბათის ქალთა უფასო სკოლაში მიიღო. სასწავლებლის აღზრდილთა შორის ერთ-ერთი წარმატებული ქალი იყო.
1895 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „ქუთაისში, ფრანგების ქუჩაზე, ფალიაშვილის სახლში ცხოვრობს ერთი ქართველი მანდილოსანი როზა მეფისაშვილი, რომელმაც ამოქარგა ქსოვილზე და მხატვრულად გადაიტანა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაცია, ზიჩის ნახატის მიხედვით – „შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანს მიართმევს თამარ მეფეს.“ ეს ნამუშევარი შავ ხავერდზეა ნაკერი. სურათზე თერთმეტი პერსონაჟია ამოქარგული. თითოეულ მათგანს იმდროინდელი ტანისამოსი აცვია, სახე და ხელები ყველას ქსოვილისგან აქვს შეკერილი, თვალ–წარბიც ძაფით აქვს ამოქარგული. წარწერიდან ჩანს, რომ ნაქარგი 1894 წელს არის დასრულებული. ეს სურათი, როგორც ირკვევა, როზა მეფისაშვილს ორჯერ აქვს შესრულებული. 1898 წელს ქუთაისში გამართულ გამოფენაზე ყველა განცვიფრებაში მოსულა ზემოაღნიშნული ნამუშევრით. გამოფენას ესწრებოდნენ აკაკი წერეთელი და რაფიელ ერისთავი. აკაკი წერეთელს წარმოუთქვამს ასეთი სიტყვა: „აი, ქართველი – მესხი ქალი, რომელმაც შეკერა ასეთი ძვირფასი ქმნილება. იმ დროს, როდესაც მან მხატვრობა სრულებით არ იცოდა და თავისი ნიჭით დაგვიხატა ასეთი სურათი“. ცნობილია, რომ ამ სურათს როზა მეფისაშვილი ოთხი წლის განმავლობაში ქმნიდა.
როზა მეფისაშვილის მეორე ნამუშევარი იყო „თამარ მეფე“. თარიღიც ამოქარგულია – 1895 წელი. შემსრულებლის ვინაობა კი ასე იკითხება: „ხელოვანი როზა ივანეს ასული მეფისაშვილი.“ ამ სურათთან დაკავშირებით, როზა მეფისაშვილის ნათესავი და მისი თანამედროვე ანა დიდიმამიშვილი გადმოგვცემს: „როდესაც მეფის შვილი მიემგზავრებოდა აბასთუმანში, ახალციხეზე გავლით, თამარ მეფის სურათი მიურთმევიათ მისთვის. მეფის შვილს საჩუქრად მიუცია სამი ოქრო და უთქვამს, ეჩვენებინათ მისთვის ის ქალი, რომელმაც „შეკერა ასეთი საუცხოვო რამე.“ რადგანაც როზა იყო ძალიან ლამაზი ქალიშვილი, იგი არ გამოჩენილა – უთქვამს: „ასე გადაეცით, რომ ამჟამად აქ არ იმყოფებაო.“ 1909 წელს, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე, როზა მეფისაშვილის სურათებმა ოქროს მედალი დაიმსახურეს. ამ პერიოდში საფრანგეთში იმყოფებოდა აკაკი წერეთელი, რომელიც გამოფენას ესწრებოდა. ევროპის მრავალმა მუზეუმმა და კოლექციონერმა სოლიდურ ფასად მოინდომა სურათების შესყიდვა, თუმცა აკაკი წერეთელმა ნამუშევრები არ გაყიდა და სამშობლოში ჩამოიტანა. ორივე სურათი სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში ინახება.
როზა მეფისაშვილი მე–20 საუკუნის დასაწყისში დაბრუნდა ახალციხეში, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასწავლიდა ხელსაქმეს. ცხოვრობდა ფანია ალელიშვილ–დედებოვთან. 1937 წელს მოხუცებული გარდაიცვალა სოფელ უდეში, დის აღათია აღოშაშვილის ოჯახში.
ოჯახი
რედაქტირებაროზა მეფისაშვილის მამა – ივანე, ვაჭართა წრეს ეკუთვნოდა. იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც ჩამოაყალიბა ახალციხელ ვაჭართა ამხანაგობა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ახალციხეში მოღვაწეობდა. XIX საუკუნის 80-იან წლებში მისი ოჯახი, მამის საქმიანობიდან გამომდინარე, ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყრუაშვილი ნ., განათლებისა და კულტურის კერები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხე 2018, გვ. 202-203
- ყრუაშვილი ნ., ქალთა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში, ახალციხე 2016, გვ. 65-66