რობერტ „რობ“ გონსალვესი (ინგლ. Rob Gonsalves; დ. 10 ივლისი, 1959 — გ. 14 ივნისი, 2017) — მაგიური რეალიზმის (სიურეალიზმის) კანადელი მხატვარი. მან შექმნა ორიგინალური ნამუშევრები, ლიმიტირებული ტირაჟის ნამუშევრები და ილუსტრაციები საკუთარი წიგნებისთვის. იყო კანადის საპატიო მოქალაქე.

ზოგიერთი კომენტატორი გონსალვესის სიურეალისტურ სტილს ადარებს სალვადორ დალის ან რენე მაგრიტის სტილს. მისი ნახატები, როგორც წესი, ასახავს ორ სცენას, ვიზუალურად მსგავსი მახასიათებლებით, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის. მაგალითად, ერთ-ერთი სურათი გვიჩვენებს საღამოს მანჰეტენის ხედს ერთ მხარეს და დათოვლილ ფიჭვნარის ტყეს მეორე მხარეს, შენობები ფანჯრის განათებით თანდათან ფიჭვებად იქცევა და მათ თავზე თოვლი მოდის. მეორეში, ტბის კლდეებზე მოთავსებული სანთლები თანდათან შუქურებად იქცევა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

გონსალვესი დაიბადა ტორონტოში, ონტარიოში. როგორც მოზარდი, ის შთაგონებული იყო ისეთი ჯგუფების პროგრესული როკის ალბომებით, როგორიცაა ჯენესისი, Yes და Gentle Giant. მათმა ფანტაზიამ და სიურეალიზმმა გამოიწვია გონსალვესის მხატვრული მიმართულება. ურბანული გარემოს და ვიქტორიანული არქიტექტურის სიყვარულმა განსახიერება მის ნახატებში ჰპოვა. რობ გონსალვესი სწავლობდა არქიტექტურას რაიერსონის ტექნიკურ უნივერსიტეტში და ისწავლა პერსპექტივის მანიპულირება. ეს მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა მის ნახატებში.

ის ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ონტარიოს ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში.

კოლეჯში სწავლის პერიოდში გონსალვესი არქიტექტორად მუშაობდა სრულ განაკვეთზე. ხატავდა ასევე ფრესკებს და თეატრალურ დეკორაციებს. 1990 წელს ტორონტოს ხელოვნების გამოფენაზე[1] ბრწყინვალე გამოხმაურების შემდეგ, გონსალვესმა თავი მთლიანად ხატვას მიუძღვნა.

მიუხედავად იმისა, რომ გონსალვესის ნამუშევრები ხშირად კლასიფიცირებულია, როგორც სურეალისტური, ის განსხვავდება, რადგან სურათები წინასწარ დაგეგმილი და შეგნებული აზროვნების შედეგია. იდეები ძირითადად წარმოიქმნება გარე სამყაროდან და მოიცავს ადამიანის ცნობად საქმიანობას, ყურადღებით დაგეგმილი ილუზიონისტური მოწყობილობების გამოყენებით. გონსალვესი რეალისტურ სცენებში ჯადოსნურ გრძნობას ნერგავს. შედეგად, ტერმინი „ჯადოსნური რეალიზმი“ ზუსტად აღწერს მის შემოქმედებას. მისი ნამუშევრები არის მცდელობა წარმოაჩინოს ადამიანთა შეუძლებლის დაჯერების სურვილი, იყოს ღია სხვადასხვა შესაძლებლობისთვის.[2]

გონსალვესი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა გამოფენებზე. მათ შორის: არტ ექსპო ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში, დეკორი ატლანტასა და ლას-ვეგასში, სახვითი ხელოვნების ფორუმი, ასევე ერთ-კაციან გამოფენებზე ჰაკლბერის სახვითი ხელოვნებაში[3], მარკუს ეშლის გალერეაში[4] მდინარე ჰადსონის ხელოვნების გალერეაში[5], საპერის გალერეებში (2004 წლის 7 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე), შპს Discovery Galleries და კალეიდოსკოპის გალერეა. Huckleberry Fine Art-მა გამოაქვეყნა მისი ნახატების კატალოგის პირველი შეზღუდული გამოცემა, რომელიც არასრულყოფილი დარჩა გონსალვესის გარდაცვალების გამო.

2003 წლის ივნისში, Simon & Schuster-მა ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადას წარუდგინა „Imagine a Night“, გონსალვესის პირველი მყარ ყდიანი წიგნი, რომელშიც თექვსმეტი ნახატია შეტანილი. „Imagine a Night“- ის წარმატების გამო, Simon & Schuster-მა 2004 წელს გამოუშვა მეორე წიგნი — „Imagine A Day“, რისთვისაც 2005 წლის გენერალ-გუბერნატორის ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში: „საბავშვო ლიტერატურა - ილუსტრაცია“.

2008 წელს გამოვიდა წიგნი Imagine a Place. 2015 წლის სექტემბერში კიდევ ერთი წიგნი — Imagine a World გამოუშვა.

ვებგვერდი robgonsalves.live შეიქმნა 2019 წელს და ეძღვნება გონსალვესის მემკვიდრეობის შენარჩუნებას. პოსტერები და საბოლოოდ, ახალი, გარდაცვალების შემდგომი პრინტები ხელმისაწვდომი გახდება შეზღუდული ტირაჟით.

გონსალვესი ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა. სიცოცხლე დაასრულა 2017 წლის 14 ივნისს.[6][7] მას დარჩა მეუღლე და დიდი ოჯახი. [7]

გონსალვესის ქვრივმა, ასევე მხატვარმა ლიზ კარუტერსმა 2018 წელს მოახერხა მისი მემკვიდრეობის შენარჩუნება. 2019 წელს, ტორონტოში, გონსალვესის საფლავზე 4 ფუტის სიმაღლის შავი გრანიტის ფილა დამონტაჟდა. კვარცხლბეკის თითოეულ მხარეს გამოსახულია გონსალვესის სხვადასხვა ნახატების ფაიფურის რეპროდუქცია. სამომავლო გეგმებია სამხატვრო გამოფენების სერია გონსალვესის ორიგინალური ნახატებით.

პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

2018 წელს არიანა გრანდემ გამოუშვა მუსიკალური კლიპი მისი სიმღერისთვის „ღმერთი ქალია“, რომელშიც სცენების უმეტესობა ეფუძნება გონსალვესის ნახატებს „Water Dancing“ და „Carved in Stone“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.torontooutdoorart.org
  2. Mihai, Andrei. (February 23, 2015) The Surreal, Mind-Bending Paintings of Rob Gonsalves. ციტირების თარიღი: February 26, 2015.
  3. http://huckleberryfineart.com/artist/rob-gonsalves/
  4. https://marcusashley.com/artists/rob-gonsalves/
  5. http://sapergalleries.com/Gonsalves.html
  6. The Magic Realism of Rob Gonsalves. Saper Galleries. ციტირების თარიღი: 27 June 2017.
  7. 7.0 7.1 Rob Gonsalves, 57, created art that was loved worldwide. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: 27 November 2017.