რკონის ციხე
რკონის ციხე – არქიტექტურული, ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე თეძმის ვიწრო ხეობაში, წალკიდან მიმავალი გზის პირას, სოფელ რკონსა და რკონის კომპლექსს შორის, მაღალი მთის ფერდობზე. მას სამხრეთიდან მდინარე თეძამი ჩამოუდის. ხეობას მოჰყვება მანგლისიდან მომავალი გზა.
ციხე თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით. კომპლექსში შედის: გალავანი, ეკლესია, კოშკი, სადაზვერვო კოშკი და სასახლე. რკონის ციხის კომპლექსი მეტად რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, მისი დასავლეთი ნაწილი შედარებით შევაკებულ ადგილზე დგას, აღმოსავლეთისა კი – თითქმის ციცაბო ფერდობზე. შიდა ტერიტორია მოსწორებული არ არის. ციხე მთლიანად ნაგებია ნატეხი ქვით.
გალავანი წარმოადგენს მარტივ უსწორო მრგვალგვერდას (სიმაღლე 5 მეტრი), რომელსაც თითო კარი აქვს ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით. კედლები გამაგრებულია კონტრფორსებით. შიგნით გალავანი ორიარუსიანია. საბრძოლო ბილიკი ხისა ყოფილა. გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა იარუსზე კი სათოფურებია.
ეკლესია დარბაზულია თარიღდება XIII საუკუნით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით აფსიდში, და დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკნმელია. დარბაზი გადახურულია ორ შეკიდულ თაღზე დაყრდნობილი კამარით. კედლებზე შერჩენილია მოხატულობის კვალი. იგი თარიღდება XIII საუკუნის II ნახევრით. აფსიდის კონქში ჩანს ვედრების კომპოზიციის ნაწილი. მომდევნო რეგისტრში ზიარების კომპოზიციაა წარმოდგენილი. მხატვრობის ფერებში ჭარბობს ზურმუხტისფერი-მწვანე. ეკლესიის ფასადები ნატეხი ქვითაა ნაგები. წყობაში გამოყენებულია XII-XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევებიდან მოტანილი ჩუქურთმიანი ქვები.
კოშკი დგას გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყველაზე მაღალ ადგილას. მისი სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლები კლდეს ეყრდნობა, ხოლო დანარჩენი ორი - მასიურ კედელს. ქვედა სართულის იატაკი ხის კოჭებზე ყოფილა დაგებული. კედლებში დატანებულია ბუხრები და სათოფურები.
სადაზვერვო კოშკი დგას ციხის ზემოთ, მთის წვერზე. მისი გეგმა კვადრატს უახლოვდება. შემორჩენილია სამი სართული: პირველი ყრუა, მეორის კედლებში სათოფურებია, მესამე დაზიანებულია.
სასახლე დგას ციხის ეზოში შემორჩენილია სამსართულიანი ნაგებობის ნანგრევები. პირველ სართულზე ორი კარი, ბუხარი და სამეურნეო დანიშნულების ნიშებია, მეორეზე – ნიშები და ბუხარი; მესამე სართულის კედლები ძლიერ დაზიანებულია, ჩანს მხოლოდ კარი.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 189.