რიყიანის სამაროვანი
რიყიანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ გლდანთან. 1964 წელს სოფელში, ადგილ „რიყიანში“, სახლების მშენებლობის დროს დანგრეულა ქვის სამარხები. სამარხეული ინვენტარიდან შემორჩა: ბრინჯაოს ორი საყურე; საკიდის მარჯნის თავები ბროწეულის ყვავილის მოყვანილობისა: ბრინჯაოს საკინძის ღერო და რკინის სამაჯურის ნატეხი. ნივთები თარიღდება VI-VII საუკუნეებით.
2012 წელს გლდანში, II-IV მიკრორაიონების გასაყარზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძღ. დავით მინდორაშვილი) გათხარა ქვის 7 სამარხი. ქვის სამარხები დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე, მეტ-ნაკლები გადახრით. მკვეთრადაა გადახრილი №3, 7 სამარხები. სამარხებში დასვენებული იყო ერთი-ოთხი მიცვალებული. ყველა დაეკრძალათ ქრისტიანულად – ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით. მიცვალებულებს ხელები ელაგათ ტანის გასწვრივ ან მუცელზე. ადრე დაკრძალულთა ძვლები უკლებლივ ყველა, სამარხების ჩრდილოეთ კედელთანაა მიხვეტილი. №3, 4 სამარხებში მიცვალებული დაეკრძალათ სამარხის გვერდითი კედლის ახლოს ისე, რომ მომდევნო მიცვალებულისთვის სამარხის ერთი ნაწილი თავისუფალი ყოფილიყო. მსგავსი ფაქტი დასტურდება ვაშლიჯვარას სამაროვანზეც. საინტერესოა 4 სამარხი, სადაც მიცვალებულს მარჯვენა ფეხი გაჭიმული ჰქონდა, მარცხენა მუხლში მოხრილი. ამგვარად დაკრძალულები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ადრეული შუა საუკუნეების ზოგიერთ სამაროვანზე (მატანი, დაღეთი). №7. სამარხში ზურგზე დასვენებულ მიცვალებულს ფეხები მოხრილი ჰქონდა. მოხრილი ფეხების მიხედვით აქ წარმართული წესით დაკრძალვის ელემენტებთან უნდა გვქონდეს საქმე. ისევე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს ადრეული შუა საუკუნეების არაერთი სამაროვნის მასალებით (სამთავრო. ვაშლიჯვარი, ბაჭყალა, იაღსარი, ქვემო ალევი და სხვ.). „რიყიანის“ სამაროვნის მასალებითაც ჩანს, რომ საზოგადოებაში ქრისტიანული წეს-ჩვეულებების გვერდით წარმართული რწმენა წარმოდგენები და მასთან დაკავშირებული ტრადიციები კვლავ დიდხანს იყო შემორჩენილი.
მცირერიცხოვანი ინვენტარიდან ერთი რკინის ცალპირლესული დანაა. დანარჩენი სამკაულია. რკინისა და ბრინჯაოს საკინძები მთლიანადსხმულია ან მძივებით შემკული. გვხვდება მთლიანადსხმული, ხელის გამოსახულებით შემკული საკინძიც. ბრინჯაოს ბეჭდის წრიული ფორმის ბუდეზე გამოსახულია რელიეფური წერტილებით შედგენილი ვარდული. მეორე ბეჭედი ვერცხლისაა. თვალბუდეში ჩასმულ გემაზე ამოკაწრულია სქემატურად გამოსახული ცხოველი. გამოსახულება თავისი სტილითა და შესრულების მანერით სასანურია. სამაროვანი თარიღდება VI-VII საუკუნეებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ტ. I, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2014, გვ. 232-233.