ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რეიჩელ კორი, ინგლ.Rachel Corrie (1979-2003) - ამერიკელი სამოქალაქო აქტივისტი, "საერთაშორისო სოლიდარობის მოძრაობის" წევრი, რომელიც 23 წლის ასაკში დაიღუპა ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციისთვის არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევისას.

რეიჩელ კორი
დაბადების თარიღი 10 აპრილი 1979
ოლიმპია, ვაშინგტონის შტატი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 16 მარტი 2003
რაფაჰი, ღაზის სექტორი, პალესტინა
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული პერიოდი

რედაქტირება

ოჯახში რეიჩელ კორი სამ დას შორის ყველაზე უმცროსი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კოლეჯში შევიდა, ხოლო პარალელურად ნებაყოფლობით და უანგაროდ დაკავებული იყო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებით. მაგალითად, იგი სამი წლის მანძილზე ზრუნავდა ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებზე. კოლეჯში სწავლისას ჩამოყალიბდა მისი მსოფლმხედველობა, რომელიც ომის, უსამართლობის და ძალმომრეობის მიუღებლობას დაეფუძნა. სტუდენტური აქტიურობის პროცესში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თუ წერილებში, იგი ხაზს უსვამდა სამართლიანობის და ადამიანის ღირსების დაცვის აუცილებლობას.

2003 წელს დასაწყისში ინტენსიური ტემპებით მიმდინარეობდა მზადება ერაყში ომისთვის, რასაც რეიჩელი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა. ვინაიდან ვაშინგტონის შტატის ქალაქ ოლიმპია დაძმობილებული იყო პალესტინურ ქალაქ რაფაჰთან, მისი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ღაზის სექტორში მიმდინარე პროცესებმა.

ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში

რედაქტირება

ორგანიზაციის აქტივისტების ჩასვლა განაპირობა ისრაელის არმიის მიერ წარმოებულმა ფართომასშტაბიანმა კამპანიამ პალესტინელთა საცხოვრებელი სახლების ორგანიზებული განადგურების მიზნით. ისრაელი თავის პოლიტიკას პალესტინელი მებრძოლებისგან თავის დასაცავად და მათი მიწისქვეშა გვირაბების დანგრევის აუცილებლობით ამართლებდა, უფლებადამცველთა აზრით კი ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგებოდა გაეროს მიერ 1949 წელს მიღებულ ჟენევის კონვენციას საომარი მოქმედებების პირობებში სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ. გაეროს უშიშროების საბჭოს ასევე ჰქონდა მიღებული რეზოლუციები, რომელიც თელ-ავივისგან მოითხოვდა სახლების დანგრევის პრაქტიკის შეწყვეტას. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელს ხელი არ ჰქონდა მოწერილი ჟენევის კონვენციებზე, ის ამ პრინციპების იგნირორებას ახდენდა.

გაეროს პალესტინელი დევნილების საქმეთა სააგენტოს მონაცემებით, ბოლო სამი წლის მანძილზე 12 ათასზე მეტი ადამიანის სახლი ან თავშესაფარი იქნა განადგურებული.[1] უფლებადაცველთა მტკიცებით, სახლების დემონტაჟი წარმოადგენდა პალესტინელთა კოლექტიური დასჯის ოპერაციას. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მოხალისეები ადგილზე მიდიოდნენ, ხელს უშლიდნენ ისრაელის ჯარს ტექნიკის გადაადგილებაში და მეგაფონით ხელში კითხულობდნენ საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს.

ტრაგედია

რედაქტირება

"სოლიდარობის მოძრაობის" წევრთა თქმით, 16 მარტს ღაზის სექტორის ქ.რაფაჰში ისრაელის არმიის ჯარისკაცები გამორჩეულად აგრესიულად იქცეოდნენ მათი ცხრაკაციანი ჯგუფის მიმართ, ფიზიკურად ეხებოდნენ ზოგ მათგანს გვერდზე გაწევის მიზნით, ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ.

 

არმიის ბულდოზერი აპირებდა მორიგი პალესტინელის სახლთან მიახლოვებას, როცა მას წინა გადაუდგა რეიჩელ კორი და ხელების ქნევით გაჩერებას ანიშნებდა. მაგრამ სხვა აქტივისტების ყვირილის მიუხედავად, ბულდოზერის ოპერატორმა სვლა განაგრძო მანამდე, ვიდრე მას სრულად არ გადაუარა. მრავალრიცხოვანი მოტეხილობები გოგონასთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.[2]

გამოძიება და სასამართლო

რედაქტირება

იმის მიუხედავად, რომ შარონის მთავრობამ ამომწურავი, სანდო და გამჭვირვალე გამოძიების პირობა დადო, არმიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში უარყოფილია ჯარისკაცის ბრალეულობა, ტრაგიკული შედეგი კი აქტივისტების "უკანონო და უპასუხისმგებლო საქციელს" დაბრალდა. დასკვნის თავდაპირველ ვერსიაში საერთოდ უარყოფილი იყო ბულდოზერის მიერ ქალის მოკვლის ფაქტი.

2010 წელს კორის ოჯახმა სარჩელი შეიტანა ჰაიფას ოლქის სასამართლოში ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ორი წლის შემდეგ სასამართლომ ხელისუფლების გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა.[3]

გასაჩივრებული განაჩენი ძალაში დატოვა 2015 წელს უმაღლესმა სასამართლომ, რომელმაც მიიჩნია, რომ საომარ ზონაში ნებისმიერი არასანქციონირებული საქმიანობა უკანონობას წარმოადგენდა. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობდა სამხედრო პირების მიერ გაცემული ბრძანება საომარი ზონის დაწესებასთან დაკავშირებით.[4]

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch სინანული გამოთქვა ისრაელის მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. მან დაასკვნა, რომ ამ განაჩენმა ფაქტობრივად იმუნიტეტი შესძინა არმიას ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამო პასუხისმგებლობისგან, რომელიც გამომდინარეობდა საბრძოლო მოქმედებების შესახებ კანონიდან, ხოლო ისრაელის კანონმდებლობა ზოგ შემთხვევაში არ ექვემდებარებოდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.[5]

2005 წელს ბრიტანეთში დაიდგა სპექტაკლი "ჩემი სახელია რეიჩელ კორი", რომელიც შეიცავდა დაღუპული აქტივისტის ჩანაწერებს და წერილებს. იგი ათ ქვეყანაში შესრულდა, მათ შორის ისრაელში.

რამდენიმე ბრიტანელმა და ამერიკელმა მომღერალმა შექმნა რეიჩელისადმი მიძღვნილი სიმღერები, ბი-ბი-სიმ, ბრიტანულმა მე-4 არხმა და ალ-ჯაზირამ კი დოკუმენტური ფილმები გადაიღეს.

 
ქუჩა რამალაჰში

რეიჩელ კორის სახელი დაერქვა ქუჩას პალესტინურ ქალაქ რამალაჰში, ასევე გემს, რომლის მეშვეობით 2009 წელს საერთაშორისო აქტივისტები ცდილობდნენ სამი წლით ადრე ღაზის სექტორის წინააღმდეგ შემოღებული სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ემბარგოს გარღვევას.[6]

მშობლებმა და მეგობრებმა შექმნეს რეიჩელ კორის ფონდი მშვიდობისა და სამართლიანობისათვის, რომელიც აგრძელებს ახალგაზრდა ქალის მიერ წარმოებულ საქმიანობას. რეიჩელის ჩანაწერებმა და მიმოწერამ წიგნის სახე მიიღო, რაც მიმართულია მისი იდეალების პოპულარიზაციისკენ. ფონდი ახორციელებს პალესტინელთა მდგომარეობის შესახებ მსოფლიოს ინფორმირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

რეიჩელ კორის ფონდი

ბრიტანეთის მე-4 არხის დოკუმენტური ფილმი

გვერდი გაზეთ "გარდიანში"

  1. House demolitions hit 12700 in West Bank and Gaza strip electronicintifada.net
  2. Robert Fisk, The Great War for Civilization, The Conquest of the Middle East, 2006, გვ. 1280. 
  3. Profile: Rachel Corrie bbc.com
  4. Supreme Court rejects Rachel Corrie wrongful death case jpost.com
  5. Israel: Dangerous Ruling in Rachel Corrie Case hrw.org
  6. Rachel Corrie rejects deal jpost.com
  7. Rachel Corrie Foundation rachelcorriefoundation.org
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეიჩელ_კორი“-დან