რაფაელ ჩხოტუა
რაფაელ ნიკოლოზის ძე ჩხოტუა (დ. 2 იანვარი, 1885 — გ. 1937) — აფხაზი თავადი, სამხედრო პირი და პოლიტიკოსი.
ჩქოტუების (ჩხოტუების) საგვარეულოს წარმომადგენელი. დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა მე-17 პოლკში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს შტაბ-როტმისტრი ჩხოტუა მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში პოლონეთის ტერიტორიაზე (თავი გამოიჩინა სადგურ კოლიუშკისთან ბრძოლაში 1914 წლის ნოემბერში), შემდეგ გენერალ ნიკოლოზ ბარათოვის ექსპედიციაში ირანში. 1916 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, შემდეგ პოლკოვნიკის წოდება.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ მონაწილეობდა სოხუმის ოკრუგის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრი. 1918 წელის 25 ივლისს დაამტკიცეს აფხაზეთის საქმეთა მინისტრად — აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენლად საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურ ხელისუფლებასთან თბილისში. იმავე წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერის ბრალდებით თანამდებობიდან გაათავისუფლა და დროებით დააპატიმრა. შემდეგ თანამშრომლობდა რესპუბლიკის ხელისუფლებასთან. 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის IV (ხმლებით და ბაფთით, 1915), წმ. ანას III (ხმლებით და ბაფთით, 1915) და IV (წარწერით „მამაცობისთვის“, 1915), წმ. სტანისლავის II (ხმლებით, 1915) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (1915).
ლიტერატურა
რედაქტირება- მარშანია ნ. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Абхазская аристократия в изгнании.-თბ.,2018.-მე-2 შევსებული გამოცემა.-გვ.282.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რაფაელ ჩხოტუა — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
- Чхотуа Рафаил Николаевич, «Офицеры русской императорской армии»