ნიკოლოზ ბარათოვი

რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი

ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარათოვი (ბარათაშვილი) (დ. 1 თებერვალი, 1865, ვლადიკავკაზი — გ. 22 მარტი, 1932, პარიზი) — რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი, რუსეთ-იაპონიის ომის, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ნიკოლოზ ბარათოვი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1865(1865-02-01)
დაბადების ადგილი ვლადიკავკაზი
გარდაცვალების თარიღი 22 მარტი, 1932(1932-03-22) (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
ჯარის სახეობა სამხედრო კავალერია
წოდება General of the Cavalry
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი, პირველი მსოფლიო ომი და რუსეთის სამოქალაქო ომი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, Grand Officer of the Order of the Lion and the Sun და Order of noble Bukhara

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკოლოზ ბარათოვი (ბარათაშვილი) დაიბადა ვლადიკავკაზში პოლკოვნიკის ოჯახში. სწავლობდა ვლადიკავკაზის რეალურ სასწავლებელში. დამთავრებული აქვს კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი, ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (1885) და ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია (1891).

მისი სამხედრო კარიერა იწყება 1882 წლიდან: მსახურობდა მე-13 ქვეითთა დივიზიაში, ქართულ მე-14 გრენადერების პოლკში, 151-ე პიატიგორსკის ქვეით პოლკში, 1897-1900 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს სამხედრო მეცნიერებებში სტავროპოლის კაზაკთა სასწავლებელში. 1900 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1901-1907 წლებში მეთაურობდა სუნჯა-ვლადიკავკაზის I პოლკს. მსახურობდა 65-ე ქვეითთა სარეზერვო ბრიგადაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და I მსოფლიო ომებში. 1905 წელს დაჯილდოვდა ოქროს იარაღით. 1906 წელს „სამხედრო წარჩინებისთვის“ მიენიჭა გენერალური შტაბის გენერალ-მაიორის წოდება. 1907-1912 წლებში მეთაურობდა კავკასიის II საარმიო კორპუსის შტაბს. 1912 წელს გახდა გენერალ-ლეიტენანტი. 1912-1915 წლებში ხელმძღვანელობდა კავკასიის კაზაკთა პირველ დივიზიას და საარმიო ჯგუფს კავკასიის ფრონტზე. 1916 წლიდან იყო კავკასიის პირველი კავალერიის კორპუსის მეთაური და სპარსეთში დისლოცირებული რუსული საიმპერიო არმიის ცალკეული საექსპედიციო კორპუსის სარდალი.

ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ გარკვეული პერიოდი ინდოეთში ცხოვრობდა, შემდგომ თეთრ მოძრაობას შეუერთდა. 1918 წელს კავალერიის გენერლის წოდებით დაინიშნა გენერალ ანტონ დენიკინის ხელმძღვანელობით მოქმედ მოხალისეთა არმიისა და სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლად ამიერკავკასიაში.

თბილისში ნიკოლოზ ბარათოვზე, როგორც სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელზე, თავდასხმა განხორციელდა. 1919 წლის 13 სექტემბერს ვერის დაღმართზე, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილს, რომლითაც რუსთაველისკენ მიდიოდნენ გენერალი ბარათოვი, საქართველოს თავდაცვის საბჭოს წევრი, გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გიორგის ძე ალხავი, ორი ყუმბარა ესროლეს. ცხენოსანმა მცველებმა სროლა ატეხეს და ტერორისტი ადგილზე მოკლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლული თავდამსხმელი ბოლშევიკი არკადი ელბაქიძე იყო, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში დენიკინის პირადი წარმომდგენლის, გენერალ ბარათოვის ლიკვიდირება. ავტომობილში მსხდომთაგან ადგილზევე გარდაიცვალა პოლკოვნიკი ალხავი, მძღოლი ვასილ ჟუჟიაშვილი და გენერლის თანაშემწე შალვა სამათაძე, ოდიშელიძე მსუბუქად დაშავდა, ბარათოვი კი მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით მას ფეხი მოჰკვეთეს. ელბაქიძის წარუმატებელი თავგანწირვა კი 8 წლის შემდეგ მამია ორახელაშვილმა გაიხსენა და 1927 წელს ვერის დაღმართს ელბაქიძის დაღმართი ეწოდა.

1920 წლის მარტ-აპრილში ნიკოლოზ ბარათოვს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა სამხრეთ რუსეთის მთავრობაში. 1920 წელს თეთრგვარდიელებს გაჰყვა ემიგრაციაში. იგი მსახურობდა გენერალ პეტრე ვრანგელთან და დაკავებული იყო სამხედრო ინვალიდთა დახმარებით. 1920–1932 წლებში ბარათოვი თავმჯდომარეობდა რუსეთის სამხედრო ინვალიდების ორგანიზაციის საზღვარგარეთის კავშირს და იყო ყოველთვიური სამხედრო სამეცნიერო-ლიტერატურული გაზეთის, „Русский инвалид“, მთავარი რედაქტორი. 1931 წელს გახდა კავკასიის ჯარების ოფიცერთა საზოგადოების თავმჯდომარე.

გენერალი ბარათოვი სამხედრო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს იარაღითა და წმინდა გიორგის IV-ხარისხის, წმინდა ანას I-II-III ხარისხების, წმინდა ვლადიმერის IV-III ხარისხების, წმინდა სტანისლავის III ხარისხის, სპარსეთის ლომისა და მზის III ხარისხის, ბუხარის ოქროს ვარსკვლავის III ხარისხის ორდენებით.

ნიკოლოზ ბარათოვი გარდაიცვალა პარიზში, 1932 წლის 22 მარტს. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევ დე ბუას რუსულ სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბეჟიტაშვილი, გიორგი. ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარათოვი (ბარათაშვილი) // ქართული ემიგრაცია ევროპაში (1921-1953). - თბ., 2012. - გვ.49–50.
  • ჯავახიშვილი, ნიკო. ქართველი თეთრგვარდიელები : კავალერიის გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი (ბარათაშვილი) // შრომები / თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - თბ., 2003. - ტ. 349. - გვ.165–166.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება