რაინის ფიქლოვანი მთები

რაინის ფიქლოვანი მთები, აგრეთვე რაინის ფიქლოვანი მასივი ან რაინის მასივი (გერმ. Rheinisches Schiefergebirge) — მთები გერმანიაში, ნაწილობრივ ბელგიაში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში. ვრცელდება მდინარე რაინის შუაწელის ორივე მხარეს. სიგრძე დაახლოებით 400 კმ, სიმაღლე 878 მ-მდე (მთა გროსერ-ფელდბერგი). უმთავრესად აგებულია ფიქლებით, კვარციტებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემორჩენილია ბაზალტური გუმბათები. ხეობებით გამოყოფილ მასივებს აქვს მოსწორებული თხემები ვულკანური კონუსებითა და მაარებით. კალთები შემოსილია ნაძვის, მუხისა და წიფლის მეჩხერი ტყეებით. კალთების ქვედა ნაწილები და მდინარეთა ტერასები დამუშავებულია. განვითარებულია მეცხოველეობა. რაინის ფიქლოვანი მთების ჩრდილოეთი მთისწინა როფში არის რურის ქვანახშირის აუზი.[1]

რაინის ფიქლოვანი მთები
გროსერ-ფელდბერგი
გროსერ-ფელდბერგი
კოორდინატები: 51°00′ ჩ. გ. 7°50′ ა. გ. / 51.000° ჩ. გ. 7.833° ა. გ. / 51.000; 7.833
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ბელგიის დროშა ბელგია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
უმაღლესი წერტილი გროსერ-ფელდბერგი
სიმაღლე 878 
სიგრძე 400 კმ
სიგანე 180 კმ
რაინის ფიქლოვანი მთები — ევროპა
რაინის ფიქლოვანი მთები

მასივის ზევით, საერთოდ ფართო, ნოტიო პლატოს ლანდშაფტი აქვს; ის დაფარულია ტყეებით, რომლებშიც მრავალრიცხოვანი ტორფობები და დაჭაობებული უბნებია. პლატოს გასწვრივ სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია ამაღლებული ქედისმაგვარი ზოლები, რომელთა შორის მულდისებრი დეპრესიები მდებარეობს. ყველაზე დიდი მულდა მდინარე მოზელისა და ლანის ხეობებით ჰუნსრიუკ-ტაუნუსის ქედს აშორებს მაღალი აიფელისა და ვესტერვალდის ამაღლებულ ზოლს. უფრო ჩრდილოეთით შეიმჩნევა კიდევ ორი, ამაღლებული, რაინის ხეობასთან ღერძის გასწვრივ ჩაზნექილი ზოლი, რომელიც მაღალ ვენეზე 690 მ-მდე და ზაუერლანდის და როტჰარის მთებზე კი 840 მ-მდე აღწევენ.[2]

რაინის ფიქლოვანი მთების ქედისმაგვარად აწეული ზონები შეიძლება უფრო მყარი ქანების ზონებად ჩაითვალოს, რომლებიც გამოდიოდნენ ჰერცინული დანაოჭების მიმართულებით, ისინი გადარეცხვით გამოყვნენ ამ ადგილის უკანასკნელი, მესამეულის გაპენეპლენების დროს. ასეთია ჰუნსრიუკ-ტაუნუსის კვარციტებიანი ქედები.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 293.
  2. 2.0 2.1 დობრინინი ბ. დასავლეთი ევროპის ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქ.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 348-351. თბ. 1953.