ჟოზე მანუელ ბაროზუ

(გადამისამართდა გვერდიდან ჟოზე მანუელ დურან ბაროზუ)

ჟოზე მანუელ დურან ბაროზუ (პორტ. José Manuel Durão Barroso; [ʒu'zɛ mɐnu'ɛɫ du'ɾɐ̃ũ bɐ'ʁozu]; დ. 23 მარტი 1956, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 2004 წლის 22 ნოემბრიდან 2014 წლის 31 ოქტომბრამდე იყო ევროკომისიის პრეზიდენტი. 2002-2004 წლებში იყო პორტუგალიის ვიცე-პრეზიდენტი. 1992-1995 წლებში პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი. პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

ჟოზე მანუელ ბაროზუ
ჟოზე მანუელ ბაროზუ
ევროკომისიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2004 წლის 22 ნოემბერი – 2014 წლის 31 ოქტომბერი
წინამორბედირომანო პროდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2002 წლის 6 აპრილი – 2004 წლის 17 ივლისი

დაბადებული23 მარტი 1956
ლისაბონი, პორტუგალია
ეროვნებაპორტუგალიელი
პოლიტიკური პარტიაპორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
მამალუიშ ანტონიუ სარაივა ბაროზუ
დედამარია დი ფრეიტაშ ელიზაბეთ დურანი
მეუღლემარგარიდა სოუზა უვა
შვილებილუიში, გილიერმი, ფრანსიშკუ
განათლებალისაბონის უნივერსიტეტი
ჟენევის უნივერსიტეტი
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერა

ჟოზე მანუელ ბაროზუ დაიბადა 1956 წლის 23 მარტს ლისაბონში, პორტუგალიაში, მამამისის ლუიშ ანტონიუ სარაივა ბაროზუსა და დედამისის, — მარია დი ფრეიტაშ ელიზაბეთ დურანის ოჯახში. დაამთავრა სამართლის ფაკულტეტი ლისაბონის უნივერსიტეტში და გაიარა მაგისტრატურა პოლიტოლოგიის სპეციალობით ჟენევის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ გარკვეული დროით სწავლობდა ვაშინგტონში, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში.[1] 1980 წელს ის შეუერთდა პორტუგალიის სოციალისტურ-დემოკრატიულ პარტიას. 1999 წელს ბაროზუ აირჩიეს სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად, 2002 წელს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა კი საშუალება მისცა, შეექმნა კოალიციური მთავრობა, რომლის პრემიერ-მინისტრიც თავადვე გახდა. ბაროზუ ამ პოსტზე ორი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.[2]

ბაროზუმ კარიერა დაიწყო საუნივერსიტეტო გარემოში, ასწავლიდა ლისაბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მოგვიანებით ხანმოკლე კურსებს გადიოდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ლუქსემბურგში არსებულ საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ფლორენციაში არსებულ ევროპის უნივერსიტეტში.

1985 წელს ბაროზუ პირველად იქნა არჩეული პორტუგალიის პარლამენტში და დაინიშნა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის დამხმარედ. 1987 წელს გახდა სახელმწიფოს მდივანი საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში. 1992 წელს ბაროზუ დაინიშნა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრად.[1]

2004 წლის ნოემბრიდან ის არჩეული იქნა ევროკომისიის პრეზიდენტად, მას ამ თანამდებობაზე კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ნდობა 2009 წელს ჩატარებულ არჩევნებში (ბაროზუს გარდა ორი ვადით ევროკომისიის მხოლოდ ერთი პრეზიდენტი, ჟაკ დელორი იყო არჩეული). ბაროზუმ თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის მთავარ გამოწვევად ევროკავშირის ეკონომიკური მმართველობის ეფექტურობის გაზრდა დაასახელა.[2]

2006 წელს ჟურნალმა „European Voice“-მა ბაროზუ დაასახელა „წლის ევროპელად“. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი პოლიტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის საკითხებში.[3]

ჟოზე მანუელ ბაროზუ მშობლიური პორტუგალიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს. არის ვიტაუტას დიდის ორდენის კავალერი (ლიტვა, 14 ივნისი 2007).[4]

ბაროზუ ქორწინებაში იმყოფება მარგარიდა სოუზა უვასთან. მათი ქორწილი შედგა 1980 წელს ქალაქ პორტუში. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ლუიში, გილიერმი და ფრანსიშკუ. ბაროზუ გატაცებულია პეტერ სლოტერდაიკის ფილოსოფიით.[3]

2014 წლის 12 ივნისს ჟოზე მანუელ ბაროზუ საქართველოს ეწვია. მასთან ერთად საქართველოში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატა საბანაძე დახვდნენ.[5] აეროპორტიდან ჟოზე მანუელ ბაროზუ ავლაბრის სასახლეში გაემართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, რომლის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.[6]

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკომიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება