ჟინვალის სამაროვანი და ეკლესიები
ჟინვალის სამაროვანი და ეკლესიები — არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა ნაპირზე. 1971-1984 წლებში ძეგლი გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
სამაროვანის ორი აკლდამა და ორი ეკლესია თავისი სამარხებითურთ გადატანილი და აღდგენილია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზის ეზოში. სამაროვნის ქვეშ გამოვლინდა სამი კულტურული ფენა. ქვედა ფენაში აღმოჩნდა ფერადი კაჟის ექვსი და ობსიდიანის ოთხი ანატკეცი. შუა ფენაში - მცირე ზომის თიხის სასმისების ფრაგმენტები, ტოლჩა და ბრინჯაოს სატევრისპირი, ხოლო ზედა ფენაში - თიხის სამი სხვადასხვა ჭურჭლის ფრაგმენტები და მასრაგახსნილი ბრინჯაოს შუბისპირი. სამაროვანზე გათხრილია სამი მონაკვეთი. გათხრების შედეგად აღმოჩნდა 681 სამარხი. სამარხები ოთხი ტიპისაა: ორმოსამარხები, ქვისსამარხები, ამოშენებულკედლიანი სამარხები და აკლდამები. სამარხების ნაწილი განლაგებული იყო მჭიდროდ - ორ ან სამ სართულად, ხოლო ნაწილი მეჩხრად და ზოგ შემთხვევაში ორ სართულად. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია, ჭარბობდა საოჯახო სამარხები, რომლებშიც ადრე დაკრძალულ მიცვალებულთა ძვლები მიყრილი იყო აღმოსავლეთით, ბოლო მიცვალებული კი პირაღმა იყო დასვენებული. ინვენტარი აღმოჩენილია მხოლოდ 314 სამარხში.
სამაროვნის ჩრდილოეთ მონაკვეთში გამოვლინდა ციხე-ქალაქ ჟინვალის მფლობელის საოჯახო აკლდამა. გეგმით სწორკუთხა აკლდამა, რომლის გრძივი ღერძი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იყო მიმართული, აგებული იყო კლდოვან მასივში, საშუალო ზომის, კარგად დამუშავებული კლდის ქვითა და რიყის ქვით. დასავლეთის მხრიდან მოწყობილი ჰქონდა ქვის ფილებით გადახურული, ექვსსაფეხურიანი სწორკუთხა ჩასასვლელი - დრომოსი. აკლდამაში შესასვლელი ამოშენებული იყო ნატეხი ქვის ყორე წყობით. დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების გასწვრივ მოწყობილი იყო 0,8 მეტრი სიგანის ქვის ტახტი, რომელთა შორის განთავსებული იყო სწორკუთხა დასაკრძალავი კამერა. სამხრეთ კედელში სამი პატრა ნიში იყო მოწყობილი. აკლდამა გადახურული იყო შეისრული კამარით. გარედან ჩრდილოეთ კედელს მიშენებული ჰქონდა კონტრფორსი. დასაკრძალავ კამერაში გამოვლინდა ერთმანეთში არეული 60-მდე ჩონჩხი. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამა გაძარცვული იყო, მასში აღმოჩნდა მინის სამაჯურები და მძივები, ბრინჯაოს სამაჯურები, საყურეები და ხვიები, რკინის სამაჯურები და რგოლები, ვერცხლის მონეტები და სხვა.
სამაროვანზე აგებული იყო სამი დარბაზული ეკლესია. მათგან ორი მდებარეობდა სამაროვანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში - ერთმანეთთან ახლოს, ხოლო მესამე - ჩრდილოეთ ნაწილში. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ეკლესიებიდან ერთი დატოვებულია ადგილზე, ხოლო მეორე და ჩრდილოეთ ნაწილში მდგარი ეკლესია გადატანილია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. წყლის ქვეშ მოქცეული ეკლესია განეკუთვნებოდა XIII საუკუნეს. ნაგები იყო ნატეხი ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებული იყო შირიმი. ძლიერ იყო დაზიანებული, ჩამოშლილი ჰქონდა კამარა, კონქი და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი თაღოვანი სარკმლის გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიში იყო მოწყობილი. ერთი მსგავსი სარკმელი იყო გაჭრილი სამხრეთ კედელშიც. გარედან ეკლესიის დასავლეთი კედელი გამაგრებული იყო ორი ტრაპეციული კონტრფორსით. გათხრების დროს აღმოსავლეთ კედელთან აღმოჩნდა შირიმის სწორკუთხა ქვა, რომელშიც სარკმლის გარეთა ღიობი იყო გამოკვეთილი. ღიობს გარს ევლებოდა სადა ლილვი და დასრულებული იყო ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი თავსართით. ეკლესია გადახურული იყო მოჭიქული და მოუჭიქავი კრამიტით.
მოგვიანებით, XIII-XIV საუკუნეებში ეკლესიისათვის სამხრეთიდან მინაშენი მიუდგამთ. მინაშენში გაითხარა ორი აკლდამა.
არქეოლოგიური ბაზის ეზოში გადმოტანილი ორივე ეკლესია ძლიერ იყო დაზიანებული. მათგან შედარებით მოზრდილი ეკლესია, რომელიც სამაროვანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა, XI-XII საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესია უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვითაა ნაგები. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიული აფსიდის კედელზე, სარკმლის ქვემოთ, მიშენებულია სწორკუთხა ტრაპეზი. აფსიდის გვერდებში თითო ღრმა, გეგმით ნალისებრი ნიშია. აფსიდის იატაკი ორი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდისა და დარბაზის კედლებს საფეხური გასდევს. მოგვიანებით ეკლესიაზე სამხრეთიდან მიუშენებიათ გეგმით სწორკუთხა უაფსიდო სათავსი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მინაშენში ორი აკლდამაა. იგი, როგორც ჩანს, საგანგებოდ ამ აკლდამებისთვის აუგიათ.
მეორე, სამაროვანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდგარი ეკლესია პატარაა. განეკუთვნება XIII საუკუნეს. ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია 1 მეტრი სიმაღლის კედლები. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის კედელზე, შუაში. ტრაპეზია მიშენებული. გათხრებისას ეკლესიაში აღმოჩნდა XIII საუკუნის ერთი აკლდამა.
სამაროვანზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ძირითადი ნაწილი კი — არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 298.