ჟან ბედელ ბოკასა
ჟან ბედელ ბოკასა (ფრანგ. Jean-Bédel Bokassa; დ. 22 თებერვალი, 1921, ბობანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა — გ. 3 ნოემბერი, 1996, ბანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1966-1976 წწ. და იმპერატორი ბოკასა I-ის სახელით 1976-1979 წწ. XX საუკუნის ყველაზე ექსცენტრიული დიქტატორი.
ჟან ბედელ ბოკასა | |
ცენტრალური აფრიკის იმპერიის იმპერატორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 დეკემბერი, 1976 – 20 სექტემბერი, 1979 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1966 – 4 დეკემბერი, 1976 | |
წინამორბედი | დავიდ დაკო |
მემკვიდრე | დავიდ დაკო |
დაბადებული | 22 თებერვალი, 1921 ბობანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
გარდაცვლილი | 3 ნოემბერი, 1996 (75 წლის) ბანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
რელიგია | კათოლიკე |
ბიოგრაფია
რედაქტირებასამხედრო კარიერა
რედაქტირებაჟან ბედელ ბოკასა დაიბადა 1921 წლის 22 თებერვალს ბობანგში (უბანგი-შარი), ის თორმეტ და-ძმას შორის ერთ-ერთი იყო. წარმოშობით მიეკუთვნებოდა მბაკას ეთნიკურ ჯგუფს. მისი სახელი ჟან-ბედელი არის შედეგი კალენდარზე არასწორად წაკითხული წმინდა ჟან ბატისტ დე ლა სალის შემოკლებული სახელისა (Jean-B. de la S გადაიქცა Jean-Bédel-ად). ბოკასა, რომელიც მბაკას ენაზე ნიშნავს „პატარა ტყეს“, თავიდან ჟან ბედელის გვარი იყო, იმპერიის გამოცხადების შემდეგ კი სახელი გახდა.
ექვსი წლის ასაკში ის დაობლდა. მამამისი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ფრანგი კოლონისტების კონცესიურ პოლიტიკას, დახვრიტეს, დედამ კი თავი მოიკლა. ის აღზარდეს ნათესავებმა, რომლნიც მას მღვდლად ამზადებდნენ, მაგრამ ბოკასამ 1939 წლის მაისში დაიწყო სამხედრო სამსახური საფრანგეთის კოლონიალურ არმიაში. 1941 წლის ნოემბერში „მებრძოლი საფრანგეთის“ რიგებში მიიღო უფროსი სერჟანტის წოდება, მონაწილეობდა ბრაზავილის დაპყრობაში. 1944 წელს მონაწილეობდა ანტიჰიტლერული ჯარების სადესანტო დანაყოფებში, რომელნიც გადასხდნენ სამხრეთ საფრანგეთში. შემდეგ იბრძოდა რაინზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ბოკასა ნორმანდიაში შეხვდა უფროსი სერჟანტის ჩინით.
1949 წელს დაამთავრა სენ-ლუის (სენეგალი ) ოფიცერთა სკოლა, 1950 წლის სექტემბრიდან 1953 წლის მარტამდე მონაწილეობდა ინდოჩინეთის ომში. ამ ომში გაწეული სამხედრო დამსახურების გამო გადაეცა საპატიო ლეგიონის ორდენი და ლოთარინგული ჯვარი. ბოკასამ სამხედრო სამსახური გააგრძელა ბრაზავილში და 1961 წელს მიიღო საფრანგეთის არმიის კაპიტნის წოდება.
1962 წლის იანვარში ფრანგული არმიის შენადგენლობიდან გამოვიდა და გაწევრიანდა ცენტრალური აფრიკის შეიარაღებულ ძალებში, სადაც მან მაიორის ჩინი მიიღო. ცენტრალური აფრიკის პრეზიდენტმა, ბოკასას ბიძაშვილმა დავიდ დაკომ, 1963 წელს იგი შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელად დანიშნა.1964 წელს ბოკასამ მიიღო პოლკოვნიკის წოდება.
პრეზიდენტი
რედაქტირება1965 წლის 31 დეკემბრიდან 1966 წლის 1 იანვრამდე ბოკასამ განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება ("საშობაო გადატრიალება" ან "წმინდა სილვესტერის დღის პუჩტი"), დაამხო დავიდ დაკო და დააპატიმრა. შეთქმულება მოეწყო ჟანდარმერიის ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ბოკასამ გაანეიტრალა და პუჩტი თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ბოკასამ თავი პრეზიდენტად და ერთადერთი მთავარი პოლიტიკური პარტიის - „მოძრაობა შავი აფრიკის სოციალური ევოლუციისთვის“ (ფრანგ. Mouvement pour l'évolution sociale de l'Afrique noire) ლიდერად გამოაცხადა. ამ პარტიის წევრობა სავალდებულო იყო ქვეყნის ყველა ზრდასრული მოქალაქისათვის. 4 იანვარს ბოკასამ გააუქმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კონსტიტუცია და დაიწყო დიქტატორული მმართველობა. 1972 წელს ბოკასამ საკუთარი თავი მუდმივ პრეზიდენტად დაასახელა.
1969 და 1974 წლებში გადატრიალების გზით ბოკასას დამხობის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა იყო; 1976 წელს იყო მისი მოკვლის მცდელობაც. ეს შემთხვევები ბოკასას საბაბს აძლევდა გაეძლიერებინა თავისი ერთპიროვნული მმართველობა.
ბოკასა აქტიურად მონაწილეობდა პანაფრიკულ მოძრაობაში, კერძოდ, 1968 წელს მან დააფუძნა ცენტრალური აფრიკის ქვეყნების კავშირი, რომელშიც ასევე შედიოდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ჩადი. თავის ქვეყანაში მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობისა და აგრარული რეფორმების გაძლიერებას. საგარეო პოლიტიკაში მერყეობდა საბჭოთა კავშირს, დასავლეთსა და მიუმხრობლობის მოძრაობას შორის.
ყოფილ მეტროპოლიასთან (საფრანგეთი) ბოკასას ურთიერთობა შეიცავდა მთელ რიგ შანტაჟის მცდელობას, მაგალითად: 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირთან, რუმინეთთან, იუგოსლავიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაახლოება, დედაქალაქ ბანგში მდებარე საფრანგეთის საელჩოსთან დემონსტრაციის ორგანიზება (1970 წლის სექტემბერი), ფრანკის ზონიდან გამოსვლის მუქარა (1971 წლის აგვისტო), საფრანგეთის გენერალური საკონსულოს დახურვა ბანგში და ფრანგი ჟურნალისტების საწინააღმდეგო ზომების მიღება (1974 წლის მაისი), 1966 წელს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (1976 წლის აგვისტო), ისლამის მიღება და მუამარ კადაფისთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება (1976 წლის ოქტომბერი). ყველა ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა საფრანგეთისგან უფრო დიდი ფინანსური დახმარების მიღებას. საფრანგეთი თავის მხრივ დათმობებზე მიდიოდა, რადგან უნდოდა შეენარჩუნებინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიციები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (კერძოდ ურანის საბადო ბაკუმეში). ამავე დროს საფრანგეთი ცდილობდა ბოკასას ხელისუფლების დამხობას. 1974-1976 წლებში განხორციელდა ბოკასას ფიზიკური განადგურების რამდენიმე მცდელობა,რომელიც დაგეგმილი იყო საფრანგეთის სპეცსამსახურების მიერ.
1971 წელს დედის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაულის ფარგლებში ბოკასამ ციხეებიდან გაანთვისუფლა ყველა ქალი პატიმარი და ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ის მამაკაცი მსჯავრდებულები, რომელნიც სასჯელს იხდიდნენ ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო. 1976 წლის 4 სექტემბერს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლიბიის რევოლუციის ლიდერი მუამარ კადაფი. ამ ვიზიტის დროს ბოკასამ და მთავრობის წევრებმა მიიღეს ისლამი და დაირქვეს შესაბამისი სახელები. ბოკასამ თავისი ქრისტიანული სახელი ჟან-ბედელი შეცვალა სალაჰ-ედ-დინ აჰმედ ბოკასათი. იმავე თვეს მან დაითხოვა მთავრობა და ჩამოაყალიბა ცენტრალური აფრიკის რევოლუციური საბჭო (ლიბიის რევოლუციური სისტემის მაგალითზე) ამ საბჭოში გაწევრიანდა დავიდ დაკო, რომელიც პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
იმპერატორი
რედაქტირება1976 წლის 4 დეკემბერს გაიმართა ქვეყნის მმართველი პარტიის საგანგებო ყრილობა სადაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა იმპერიად გამოცხადდა. ყრილობამ მიიღო იმპერიის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მეთაურად გამოცხადდა იმპერატორი. ტახტი გადადიოდა მამიდან შვილზე. იმპერიის გამოცხადების შემდეგ ჟან-ბედელ ბოკასამ ქრისტიანობა და იმპერატორის ტიტული მიიღო. რადგანაც ამ მოვლენამდე ორი წლით ადრე დაამხეს ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასიე I, ბოკასა გახდა ერთ-ერთი იმდროინდელი მსოფლიოს სამი იმპერატორიდან. დანარჩენი ორი იყო ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი და იაპონიის მონარქი ჰიროჰიტო.
1977 წლის 4 დეკემბერს შედგა ბოკასა I-ის იმპერატორად კურთხევა. საუკეთესო ევროპულმა საიუველირო ფირმებმა დაამზადეს გვირგვინი, რომელსაც ამშვენებდა ორი ათასი ბრილიანტი. გვირგვინი დაჯდა 5 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო მთლიანდ ცერემონიაზე დაიხარჯა ქვეყნის წლიური საექსპორტო შემოსავლების მეოთხედი ნაწილი. ცერემონიისთვის ასევე დამზადდა 2 ტონიანი ოქროს საიმპერატორო ტახტი, რომელსაც მჯდარი არწივის ფორმა ჰქონდა. შეიძინეს საუკეთესო უცხოური მარკის 100 ავტომობილი და 130 თეთრი ცხენი. ფეხსაცმელი, რომელიც ბოკასას ცერემონიალის დროს ეცვა, გინესის წიგნში შევიდა როგორც ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში. ეს ცერემონია ძალიან ჰგავდა ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევას, რადგან ბოკასას კუმირი სწორედ იგი იყო. ცერემონიაზე მიწვეული იყო აფრიკისა და დანარჩენი მსოფლიოს ლიდერთა უმრავლესობა. ბოკასას იმპერატორად კურთხევის ცერემონიაზე ასევე დაპატიჟეს რომის პაპი პავლე VI . ცხადია, რომ მისთვის მზადდებოდა პაპ პიუს VII-ს როლი, რომელმაც ნაპოლეონი აკურთხა საფრანგეთის იმპერატორად. მიუხედავად ბოკასას მხრიდან დაპირებული ძვირფასი საჩუქრებისა მოწვეული პაპი და სახელმწიფოს მეთაურები ცერემონიას არ დასწრებიან. ცერემონიაზე არც ბოკასას მეგობარი და მოკავშირე პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი იმყოფებოდა, საფრანგეთი წარმოდგენილი იყო თანამეგობრობის საქმეთა მინისტრითა და ბატალიონით, რომელიც ცერემონიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
ბევრი ბოკასას ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანად თვლიდა და უგანდის სასტიკ დიქტატორ იდი ამინსაც ადარებდა. როდესაც საიმპერატორო კარზე ასეთი ძვირადღირებული კორონაცია ტარდებოდა, ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. 1977 წელს 43,4 ათას მოსახლეზე მხოლოდ ერთი ექიმი მოდიოდა. მთელს ქვეყანაში კი მხოლოდ ერთი კბილის ექიმი იყო და ისიც სიკვდილით დასაჯეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმად კონსტიტუციური მონარქია დასახელდა, ამას ბოკასას დიქტატურის შერბილება არ მოჰყოლია. დისიდენტების დევნა და წამება, რომელშიც ბოკასა პირადად იღებდა მონაწილეობას, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ბოკასას რეჟიმი სარგებლობდა საფრანგეთის მხარდაჭერით. იმპერატორმა პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დ’ესტენს შესთავაზა ურანის მოპოვების ხელსაყრელი პირობები. 1975 წელს ჟისკარ დ’ესტენმა ბოკასა თავის „მეგობრად“ და „ოჯახის წევრად“ გამოაცხადა. ის ასევე რამდენიმეჯერ ეწვია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას სანადიროდ.
ბოკასას დამხობა
რედაქტირება1979 წლის იანვარში დაიწყო მოსწავლეთა დემონსტრაცია ხელისუფლების მიერ ძვირადღირებული სასკოლო ფორმების შემოღების წინააღმდეგ. დემონსტრანტები დააპატიმრეს, 100-ზე მეტი მოსწავლე კი ამ გამოსვლებს ემსხვერპლა. ამ მოვლენებმა გამოიწვია საერთაშორისო რეზონანსი და უფლებადამცველთა დიდი ყურადღება. ამავე პერიოდში გავრცელდა ხმები ბოკასას კანიბალიზმის შესახებ, რაც შემდგომში დადასტურდა. მთავრობის ერთ-ერთ შეკრებაზე ის მინისტრებს მათი ყოფილი კოლეგის ხორცითაც კი გაუმასპინძლდა. ამის გარდა, ბოკასა ისევ დაუახლოვდა ლიბიას. ყველა ეს ნაბიჯი საფრანგეთისთვის მიუღებელი იყო. 1979 წლის 20 სექტემბერს, როდესაც ბოკასა ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ლიბიაში, ფრანგული დესანტის მონაწილეობით (ოპერაცია ბარაკუდა) მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება. აღდგა რესპუბლიკური წყობა, ქვეყნის სათავეში კვლავ დავიდ დაკო მოვიდა. ფრანგმა დიპლომატმა ჯაკ ფოკარმა ამ ოპერაციას „საფრანგეთის უკანასკნელი კოლონიური ექსპედიცია“ უწოდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბოკასა ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდა ჟისკარ დ’ესტენს, რათა მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ყველაფერ ამას ეკონომიკური კრიზისიც დაერთო და ჟისკარ დ’ესტენი 1981 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა მიტერანთან დამარცხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 1973 წელს ბოკასამ ბრილიანტები აჩუქა ჰენრი კისინჯერსაც.
ემიგრაცია და სასამართლო
რედაქტირებაბოკასა ლიბიიდან კოტ-დ’ივუარში გაემგზავრა. შემდეგ კი ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზთან ახლოს. 1980 წელს თავის სამშობლოში ბოკასას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1986 წელს ბოკასა ისევ ექსცენტრიულად მოიქცა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნებაყოფლობით დაბრუნდა იმ იმედით, რომ ხალხი მას კიდევ ერთხელ დასვამდა ტახტზე. ის დააკავეს და დაიწყო ხელახალი სასამრთლო პროცესი. ბოკასას ბრალად ედებოდა სახელმწიფო ღალატი, მკვლელობა, კანიბალიზმი და სახელმწიფო ქონების გაფლანგვა. ბოკასა აქტიურად იცავდა თავს და შეძლო დაერწმუნებინა მოსამართლეები, რომ მოკლულ ადამიანების გვამებს მაცივარში საჭმელად არ ინახავდა, არამედ სიმბოლური მიზნით. მართალია ბოკასა კანიბალიზმში უდანაშაულოდ სცნეს, მაგრამ დარჩენილი ბრალდებების გათვალისწინებით 1987 წელს მას კვლავ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მომდევნო წელს ბოკასა შეიწყალეს და სიკვდილით დასჯა შეუცვალეს ჯერ სამუდამო პატიმრობით, შემდეგ კი ოცწლიანი პატიმრობით.
1993 წელს, მას შემდეგ რაც რესპუბლიკაში დემოკრატიული წყობა აღდგა, გამოცხადდა საყოველთაო ამნისტია და ბოკასა პატიმრობიდან განთავისუფლდა. ის ინფაქტის შედეგად გარდაიცვალა 1996 წლის 3 ნოემბერს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაბოკასას ჰყავდა 18 ცოლი და 77 მის მიერ აღიარებული შვილი. ერთ-ერთი ცოლი, ეკატერინა დანგიადე, იყო მისი კათოლიკე მეუღლე, რომლის დედოფლად კურთხევა ძალიან ჰგავდა ნაპოლეონის მეუღლის, ჟოზეფინას კორონაციას. ბოკასასა და ეკატერინას უფროსი შვილი, პრინცი ჟან-ბედელი მამის გარდაცვალების შემდეგ არის ცენტრალური აფრიკის საიმპერატორო ოჯახის მეთაური ბოკასა II-ს სახელით.
მემკვიდრეობა
რედაქტირება2010 წლის 1 დეკემბერს ცენტრალური აფრიკის პრეზიდენტმა ფრანსუა ბოზიზემ ხელი მოაწერა ჟან-ბედელ ბოკასას სრული რაბილიტაციის ბრძანებულებას. ბოზიზემ ბოკასას „უდიდესი ჰუმანისტი“ და თავისი ქვეყნის აღმშენებელი უწოდა და განაცხადა:
„მე მინდა ვისაუბრო ბოკასას შესახებ. მან ააშენა ქვეყანა, ჩვენ კი გავანადგურეთ ყველაფერი, რაც მან ააშენა.“
|
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Imperial stamp example დაარქივებული 2006-07-25 საიტზე Wayback Machine.
- Imperial currency example დაარქივებული 2006-07-25 საიტზე Wayback Machine.
- Imperial flag დაარქივებული 2005-09-07 საიტზე Wayback Machine.
- WorldStatesme- CAR
- The Big Man (Info on Bokassa and other African Rulers) დაარქივებული 2007-12-30 საიტზე Wayback Machine.
- Werner Herzog's documentary film on Bokassa
- Amusing story about Emperor Bokassa's "crown jewel"
- Jean-Barthelemy Bokassa's blog (about his first book "Diamonds of treason" dealing with Jean-Bedel and Martine bokassa) დაარქივებული 2007-05-14 საიტზე Wayback Machine.
- Jean-Bedel Bokassa video interview while exiled at Abidjan in 1983 დაარქივებული 2007-05-25 საიტზე Wayback Machine.
- Various documentaries about Bokassa დაარქივებული 2008-09-26 საიტზე Wayback Machine.