ანრი დიუნანი

(გადამისამართდა გვერდიდან ჟან ანრი დიუნანი)

ჟან ჰენრი დიუნანი (ფრანგ. Jean Henri Dunant; დ. 8 მაისი, 1828, ჟენევა — გ. 30 ოქტომბერი, 1910, ჰაიდენი) — შვეიცარიელი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე, ცნობილი, როგორც წითელი ჯვრის მამა. მამამისი წარმატებული ბიზნესმენი იყო, ხოლო დედამისი ღვთისმოსავი ქალი, რომელსაც მისი პიროვნების ჩამოყალიბებასა და აღზრდაში ადრეული ასაკიდანვე დიდი წვლილი მიუძღვის. იგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა მოძრაობაში, მათ შორის იყო ორგანიზაცია „მოწყალების ლიგის“ წევრი, რომლის მიზანიც ღარიბთა და დაავადებულთა დახმარება იყო. იგი ჩართული იყო გაერთიანების: „ახალგაზრდა ქრისტიან კაცთა ასოციაცია“ შექმნაში, ასევე ცნობილი როგორც Y.M.C.A. მისი ბიზნეს კარიერა 1849 წელს დაიწყო, როდესაც ჟენევაში საბანკო საქმის შესწავლა დაიწყო. 1853 წელს იგი დროებით დაინიშნა საწარმოს გენერალურ მენეჯერად ალჟირში.

ანრი დიუნანი, 1860.

1859 წელს საქმიანი მოგზაურობისას იტალიაში სოლფერინოს ბრძოლის შედეგების თვითმხილველი გახდა, ბრძოლა მიმდინარეობდა ჩრდილოეთ იტალიში: ფრანგ, იტალიელ და ავსტრიელ სამხედრო ძალებს შორის. იგი შეშფოთებული იყო ბრძოლის ველზე მიტოვებული დაჭრილი მეომრების ბედით და მახლობელი სოფლების მკვიდრ ქალებთან ერთად ცდილობდა მათი ტანჯვა შეემსუბუქებინა.[1] ჟენევაში დაბრუნების შემდეგ საკუთრი მოგონებები და განცდები ომის საშინელებების შესახებ მან „სოლფერინოს მემუარებში“ აღწერა და ასევე ეცადა ეპოვა გამოსავალი.

ვიკიციტატა
„მე უბრალო ტურისტი ვიყავი, რომელსაც არანაირი წვლილი მიუძღვოდა ამ დიდ კონფლიქტში. თუმცა, ეს იყო ჩემი იშვიათი პრივილეგია განპირობებული მთელი რიგი არაჩვეულებრივი გარემოებებით, რომ შევსწრებოდი ამ სულისშემძვრელ კადრებს, რომელთა აღწერაც განზრახული მაქვს. წიგნის გვერდებში აღვწერ პირად შთაბეჭდილებებს, ასე რომ ჩემი მკითხველი არ უნდა მოელოდეს სპეციალურ დეტალებსა, თუ ინფორმაციას სტრატეგიულ საკითხებზე. ამ ყოველივეს წაკითხვას სხვა ნაშრომებშიც შეძლებენ.[2]

მისი ერთ-ერთი შეთავაზება ითვალისწინებდა სახელმწიფოთა მოწვევას ისეთი ხელშეუხებელი საერთაშორისო პრინციპის შესაქმნელად, რომელსაც კონვენციით გათვალისწინებული სანქციები გაუმაგრებდა ზურგს და იქნებოდა ბრძოლის ველზე დაჭრილთა იურიდიული დაცვის გარანტი.

დიუნანის იდეას ევროპაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წიგნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჟენევაში პატარა კომიტეტი დაარსდა, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წინამორბედი იყო.[3] კომიტეტის დაარსების მთავარი მიზანი დიუნანის იდეების პრაქტიკაში გამოცდა და მათი რეალიებისათვის საჭირო გზების მოძებნა იყო. სამხედრო და სამედიცინო ექსპერტებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, 1863 წელს ჟენევის კომიტეტმა დაარწმუნა შვეიცარიის მთავრობა დიპლომატიური კონფერენციის მოწვევაში. აღნიშნული კონფერენცია გაიმართა ჟენევაში 1864 წლის აგვისტოს, რომლის ფარგლებშიც მიიღეს 1864 წლის ჟენევის კონვენცია დიუნანის იდეებზე დაყრდნობით. პირველად მსოფლიოს ისტორიაში, სახელმწიფოები შეთანხმდნენ ინდივიდის სასარგებლოდ შეეზღუდათ ძალაუფლება — საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც ღიაა რატიფიცირებისათვის ყველა სახელმწიფოსთვის და ასევე პირველად ომი დაექვემდებარა დაწერილ სამართალს. ამ მოვლენებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შექმნას.

1865-1866 წლებში მისი აქტიურობა შემცირდა კონფერენციებსა და შეხვედრებზე. 1867 წელი კი მისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. მისი საწარმოები დაიხურა, კრედიტორების გასასტუმრებლად მას ყველაფრის დათმობა მოუწია. 39 წლის ასაკში გადაწყვიტა ჟენევა დაეტოვებინა და აღარასოდეს დაბრუნებულიყო. შემდეგი 20 წელიწადი მისთვის რთული აღმოჩნდა, ძირითადად ოჯახისა და მეგობრების დახმარებით ცხოვრობდა. 1887 წლის ივლისში დიუნანი ჰაიდენში, შვეიცარიის პატარა ქალაქში დასახლდა, სადაც რამდენიმე ადამიანმა ჯეროვანი პატივი მიაგო 59 წლის ასაკში. დაახლოებით 5 წლის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც უკანასკნელი 18 წელი გაატარა. 1901 წელს მან პირველი ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო ფრედერიკ პასისთან ერთად და გახდა პირველი შვეიცარიელი ნობელის ლაურეატი. ვინაიდან მგზავრობა არ შეეძლო, პრიზი და შემდგომში მედალი შვეიცარიაში გაუგზავნეს. ჟენევიდან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან კი შემდეგი წერილი მიიღო:

ვიკიციტატა
„არ არსებობს კაცი, რომელიც უფრო მეტად იმსახურებს ამ პატივს, ვიდრე თქვენ, ვინც 40 წლის წინ ფეხზე დააყენა საერთაშორისო ორგანიზაცია ბრძოლის ველზე დაჭრილთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად. თქვენს გარეშე, წითელი ჯვარი, მეცხრამეტე საუკუნის უზენაესი ჰუმანიტარული მიღწევა დიდი ალბათობით — არ იარსებებდა.“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. How Does Law Protect in War? Volume I, Third Edition, Marco Sassòli, Antonie A. Bouvier, Anne Quintin, International Committee of the Red Cross, Geneva 2011, p. 140
  2. https://quotes.yourdictionary.com/author/henry-dunant/
  3. infra, part I, Chapter 15, The International Committee of the Red Cross (ICRC), p. 465