პრობუსი
მარკუს ავრელიუს პრობუსი (ლათ. Marcus Aurelius Probus) (დ. 19 აგვისტო, 232 — გ. 282) — რომის იმპერატორი 276–282 წლებში. რომაულ ისტორიოგრაფიაში ცნობილია უფრო მეტად, როგორც პრობუსი.
მარკუს ავრელიუს პრობუსი | |
---|---|
Marcus Aurelius Probus | |
![]() პრობუსის ბიუსტი კაპიტოლიუმის მუზეუმში | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 276 |
მმართ. დასასრული: | 282 |
წინამორბედი: | ფლორიანუსი |
მემკვიდრე: | კარუსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 აგვისტო, 232 |
დაბ. ადგილი: | სირმიუმი, პანონია, რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 282 |
გარდ. ადგილი: | სირმიუმი, პანონია, რომის იმპერია |
დინასტია: | ილირიელი იმპერატორები |
პრობუსი წარმოშობით პანონიიდან იყო. იგი იბრძოდა იმპერატორების ვალერიანეს, გალიენუსის, კლავდიუს II-ისა და ავრელიანეს დროს. იმის გამო, რომ იგი აღმოსავლეთში მსახურობდა მხედართმთავრად, იმპერატორ ტაციტუსის სიკვდილის შემდეგ ჯარისკაცებმა იმპერატორად გამოაცხადეს. ტაციტუსის ნათესავი მარკუს ანიუს ფლორიანუსი, რომელმაც დასავლეთში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, მალევე მოკლეს მისმა ხელქვეითებმა.
მას შემდეგ, რაც სენატმა აღიარა მისი კანონიერი ძალაუფლება, პრობუსმა დაიწყო იმპერიის საზღვრების დაცვა. 277 წელს დაარბია ფრანკები, ბურგუნდები, ალემანები და ვანდალები, რომლებიც შეჭრილიყვნენ გალიაში. დაცარიელებული სასაზღვრო პროვინციების დასასახლებლად პრობუსმა 279 წელს ბარბაროსების უმრავლესობა დაასახლა მეზიაში და თრაკიაში. განსაკუთრებით ზრუნავდა მიწათმოქედებაზე და გააუქმა აკრძალვა ღვინის წარმოება იტალიის საზღვრებს გარეთ.
მისმა მკაცრმა დამოკიდებულებამ ჯარისკაცების მიმართ, მეომრებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია და 282 წელს აჯანყების დროს იმპერატორი მოკლეს.
პრობუსი ავრელიანეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამგრძელებელი იყო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმპერატორი მეტ შემწყნარებლობას იჩენდა სენატისადმი, მისაღებად მიაჩნდა მისი მონაწილეობა მმართველობის ცალკეულ სფეროებში. იმპერატორის ყურადღების ცენტრში იდგა აჯანყებების ჩაქრობა და ბარბაროსების შემოსევებთან გამკლავება. იგი ითვალისწინებდა იმასაც, რომ ცენტრალური ხელისუფლების დონე, რომელსაც მიაღწია ავრელიანეს გატარებული რეფორმებით, თითქმის მოშლილი იყო. ბევრი რამ თავიდან უნდა დაეწყო.
ავრელიანეს გარდაცვალების შემდეგ ტაციტუსი თავისი ხანმოკლე მმართველობის დროს დაკავებული იყო მცირე აზიით. საიმპერატორო ხელისუფლების ყურადღების აზიისკენ მიპყრობით ისარგებლეს ფრანკებმა და ალემანებმა და შეიჭრნენ გალიაში. პრობუსმა მთელი ძალები მიმართა გააქტიურებული ბარბაროსების წინააღმდეგ. მძიმე ბრძოლების შემდეგ განდევნა ისინი რაინის მეორე სანაპიროზე. ვრცელი ტერიტორია დაკარგული გალიენის დროიდან კვლავ რომის ლეგიონებმა დაიკავეს. პრობუსის დიპლომატიური პოლიტიკის წყალობით, 15 ათასი ფრანკი და ალემანი ჩარიცხა რომის არმიაში, შემდეგ ლაშქრობა გააგრძელა დუნაისპირეთში, გაწმინდა ეს მხარე ბურგუნდებისა და ვანდალებისაგან. ქვემო დუნაიზე დაასახლა ბასტარნების ტომი. ეს იყო ძველი რომაული ტრადიციების აღდგენა, მსგავსი ტიპის დასახლებები თავიდანვე გამიზნული იყო საზღვრების დასაცავად.
ევროპული პრობლემების მოგვარების შემდეგ პრობუსი გადავიდა აზიაში. მან მიზნად დაისახა მთის ტომების, ისავრიელების, დაპყრობა, რომლებსაც დამოუკიდებლობა ჰქონდათ გამოცხადებული. ისავრიელებს მორჩილება მხოლოდ სიტყვით ჰქონდათ გამოცხადებული, სინამდვილეში სრულიად დამოუკიდებლად გრძნობდნენ თავს და ყაჩაღური თავდასხმებით შიშის ზარს სცემდნენ გარშემო მცხოვრებ ხალხებს. ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ რომაელებმა შეაღწიეს ისავრიის მიუდგომელ მთებში, აიღეს მათი გამაგრებული ციხეები და მეომარი ტომები 279 წელს დაუმორჩილეს იმპერიის ხელისუფლებას.
პრობუსის აღმოსავლური ლაშქრობის სადამსჯელო არეალში მოექცა სამხრეთ ეგვიპტე, სადაც ლიბიელი ტომების მხარდაჭერით მიმდინარეობდა ანტირომაული აჯანყება.
პრობუსის აღმოსავლეთში ყოფნის დროს ვინმე პროკულუსმა გალია ააჯანყა რომის წინააღმდეგ და კელნში თავი გამოახცადა იმპერატორად. მისი ხელისუფლება გაალის სამხრეთ სანაპიროებამდე ვრცელდებოდა. ფრანკი მეკობრეები ძარცვავდნენ სიცილიასა და ჩრდილო აფრიკის სანაპიროებს. თვითმარქვია პროკულუსი მოკლეს მისმა მეომრებმა. იმპერატორად „აკურთხეს“ ახალი უზურპატორი ბონოსი. მის წინააღმდეგ გაილაშქრა პრობუსმა და გალიაში არსებულ სახელმწიფოს ბოლო მოუღო. ბრიტანეთშიც დაიწყო აჯანყება, მაგრამ მალე ჩააქრეს. 279-280 წლებში სირიის ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს სატურნინუსი, მაგრამ იგი მისივე ჯარისკაცებმა მოკლეს. იმპერატორის გონივრულ ქმედებათა წყალობით აჯანყების ყველა კერა ჩამქრალი იყო. პრობუსს მშვიდად შეეძლო გაეგრძელებინა საქმიანობა. ამ კუთხით პირველი, რაც გააკეთა, იყო გრანდიოზული ტრიუმფი, რომლის შემდეგაც დაიწყო ზრუნვა იმპერიის განადგურებული მეურნეობის აღსადგენად. საამისოდ ცდილობდა არმიის გამოყენებას. პრობუსი,როგორც რეფორმატორი,კარგად გრძნობდა,რომ ქვეყნის ეკონომიკური ბაზის შექმნასთან ერთად, აუცილებელი იყო, რომაული არმია დაბრუნდებოდა ძველ დისციპლინურ რეჟიმს, რაც საერთოდ მოშლილი იყო. იმპერატორის სიმკაცრე ჯარისკაცთა უკმაყოფილებას იწვევდა. შედეგმაც არ დააყოვნა — 282 წელს პანონიის არმიამ იმპერატორის გვირგვინი დაადგა დამსახურებულ და ნიჭიერ სენატორს, გვარდიის პრეფექტს, მარკუს ავრელიუს კარუსს. პრობუსი შეუდგა ახალმოვლენილი იმპერატორის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ საკუთარმა ჯარისკაცებმა მოკლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქავთარია გ., რომის ისტორია, ტ. II, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2020, გვ. 279-280.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Roman Imperial Coins of Probus. Wildwinds. ციტირების თარიღი: 2013-09-29.