პრინცეფსი
პრინცეფსი (ლათ. princeps — პირველი) — ძველ რომში იყო პირი, რომელიც პირველ ნომრად იყო სენატორთა სიაში. მას ხშირად უწოდებდნენ „პირველს თანასწორთა შორის“. იგი სათავეში ედგა სენატორებს, თუმცა ეს ფორმალურად იყო, რადგან ფაქტობრივად, იგი სათავეში ედგა მთელი რომის იმპერიას[1].
I საუკუნიდან მოყოლებული მიმდინარეობდა ბრძოლა პრინცეფსსა და სენატს შორის. ეს ბრძოლა დამრთავდა პრინცეფსის გამარჯვებით და ამით ბოლო მოეღო დიარქიას, ანუ სენატისა და პრინცეფსის ერთობლივ მმართველობას[1].
ძვ. წ. 27 წელს რომის პირველი პრინცეფსი გახდა გაიუს ოქტავიანე იულიუს კეისარი (ძვ. წ. 63 — ახ. წ. 14 წ.). მას არ გაუუქმებია რესპუბლიკისდროინდელი დაწესებულებები. მის დროს ახალი წყობილება რესპუბლიკის ფორმით შეინიღბა. ძვ. წ. 27 წელს კი ოქტავიანემ იმპერატორის ტიტული მიიღო და ავგუსტუსი ეწოდა. ძვ. წ. 23 წელს ავგუსტუსი ტრიბუნიც გახდა და კონსულის წოდებაც მიენიჭა. 12 წელს კი უზენაესი ქურუმის ტიტული მიიღო[1].
პრინცეფსის ხელისუფლება თავიდანვე მემკვიდრეობით არ ყოფილა. მას შეეძლო თავის სიცოცხლეში დაესახელებინა კანდიდატი ამ თანამდებობის დასაკავებლად. პრინცეფსს სენატი ირჩევდა, მაგრამ ეს არჩევნები ფორმალური იყო. ფაქტობრივად, არჩევნებს წყვეტდა ჯარი — სამხედრო ძალა[1].
პრინცეფსს ფართო უფლებები ჰქონდა. იგი იყო ქვეყნის მხედართმთავარი, მის ფუნქციებში შედიოდა ომისა და ზავის საკითხები, ხელშეკრულებების დადება უცხო სახელმწიფოებთან, პროვინციების მართვა-გამგეობა, სენატის თავმჯდომარეობა, ქურუმთუხუცესობა. მანვე მიისაკუთრა ცენზორის ფუნქციები. მას ჰქონდა ვეტოს უფლება, ანუ შეეძლო შეეჩერებინა ან გაეუქმებინა მაგისტრატების მიერ გამოცემული განკარგულებები თუ აქტები. პრინცეფსის ძალაუფლება, ფაქტობრივად, შეუძღუდავი იყო. ყოველ მის განკარგულებას ჰქონდა კანონის ძალა[1].
პრინცეფსთან არსებობდა „პრინცეფსის სათათბირო საბჭო“, რომლის შემადგენლობაშიც პრინცეფსს შეჰყავდა თავისი ახლობელი ადამიანები, მათ შორის, იურისტებიც[1].
პრინცეფსთან არსებობდა გვარდია, რომელიც მას იცავდა. გვარდიას ხელმძღვანელობდა პრინცეფსის მოადგილე. იგი იტალიის ჯარების სარდლადაც ითვლებოდა. ხელი მიუწვდებოდა სისხლისა თუ სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, ზედამხედველობდა პრინცეფსის სხვა ორგანოებს, გამოსცემდა სავალდებულო დადგენილებებს[2].
პრინცეფსთან იქმნებოდა „იმპერატორის კანცელარია“, რომელსაც რამდენიმე განყოფილება ჰქონდა, მათ შორის, წერილების, საფინანსო, კვლევა-ძიებისა და სხვ[2].
სპეციალურად შეიქმნა „იმპერატორის ხაზინა“ და დაეცა საერთო სახელმწიფო ხაზინის მნიშვნელობა. იმპერატორის ხაზინაში თავს იყროდა პროვინციებიდან შემოსული ქონება, ხარკი თუ გადასახადი. ამავე ხაზინაში ირიცხებოდა პრინცეფსის პირადი შემოსავალი და ქონება[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. მეტრეველი, რომის სამართლის საფუძვლები, თბ., 2005
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 192.