პოდალირიუსი, აფროსანა, მერცხალკუდა (ლათ. Iphiclides podalirius) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მისი ფრთების შლილი 68-72 მმ აღწევს. საერთო ფონი მკრთალი ყვითელია. წინა ფრთებზე სოლისებრი, დამრეცი შავი ზოლები აქვს, უკანა ფრთებზე — შავი და მუქი მოწითალო-ყავისფერი არშია. გარეთა კუთხე მთავრდება გრძელი „კუდით“ (12-15 მმ), რისთვისაც მას საქართველოში „მერცხალკუდა“ უწოდეს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. აგრეთვე ყირიმსა და კავკასიაში. ტყე-ველის ბინადარია. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროდან 1900-2000 მ-მდე. მატლი აზიანებს ხეხილს.