პირველი ფიტნა
პირველი ფიტნა | ||||
---|---|---|---|---|
ოთხი ფიტნას ნაწილი | ||||
სიფინის ბრძოლა (მინიატურა მუჰამედ ბალამის „თარიხნამადან“, XIV ს.) | ||||
თარიღი | 656-661 | |||
მდებარეობა | არაბთა სახალიფო | |||
შედეგი | ომაიანთა სახალიფოს ჩამოყალიბება | |||
მხარეები | ||||
| ||||
მეთაურები | ||||
| ||||
პირველი ფიტნა ვიკისაწყობში |
პირველი ფიტნა (არაბ. فتنة , فتن; „გამოცდა“, „განსაცდელი“, „არეულობა“) — სამოქალაქო ომი არაბთა სახალიფოში 656-661 წლებში, რომელსაც „მართლმორწმუნე ხალიფებების“ მმართველობის დასრულება და ტახტზე ომაიანთა დინასტიის დამკვიდრება მოჰყვა. ომის უშუალო მიზეზი გახდა 656 წელს მეამბოხეთა მიერ ხალიფა უსმან იბნ აფანის მკვლელობა და დაპირისპირება მისი შემცვლელის, ალი იბნ აბუ ტალიბის ლეგიტიმურობის ირგვლივ. ამას მოჰყვა ღია ომი ალის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის. კონფლიქტი 661 წელს ალის მოკვლით და მისი ძის, ჰასანის მიერ ომაიანი მუავიას ხალიფად აღიარებით დასრულდა. სწორედ პირველი ფიტნის დროს ჩაისახა ისლამის ის ძირითადი მიმდინარეობები, რომელიც დღემდე ჰყოფს მუსულმანურ სამყაროს.
ომის მიზეზები
რედაქტირებამართლმორწმუნე ხალიფების პირველი ორი წარმომადგენლის — აბუ ბაქრის (632-634) და უმარის (634–644) — დროს არაბთა დაპყრობითი ომების შედეგად სახალიფოს საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მუსულმან მორწმუნეთა შორის ხალიფებს ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდათ, მაგრამ მესამე ხალიფას, უსმანის დროს (644-656) სახალიფოში განხეთქილებამ იჩინა თავი. უკმაყოფილების მიზეზი არაერთი იყო: მუსულმან მეომრებს შორის სამხედრო ნადავლისა და დაპყრობილი მიწების არათანაბარი გადანაწილება; ასევე, განცდა, რომ უსმანი ხშირად გამორჩენის სურვილით მოქმედებდა, ხაზინას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა და მნიშვნელოვანი თანამდებობების განაწილებისას უპირატესობას საკუთარ ნათესავებს ანიჭებდა. განსაკუთრებით უკმაყოფილონი იყვნენ მაჰმადის უახლოესი მიმდევრები მედინაში, რომლებიც თვლიდნენ, რომ უსმანი თავისი მექელი ახლობლების დაწინაურებით მათ უსამართლოდ ექცეოდა. ეს დაპირისპირება მაჰმადის ტომის, კურაიშების მნიშვნელოვანი გვარების თავკაცებს შორის მეტოქეობის და რეგიონულ ინტერესთა შორის კონფლიქტის გამოხატულება იყო.[1]
ომის მიმდინარეობა
რედაქტირებაუკმაყოფილება სახალიფოს რამდენიმე პროვინციაში, განსაკუთრებით ეგვიპტეში, აშკარა აჯანყებაში გადაიზარდა. 656 წლის 17 ივნისს ხალიფა უსმანი ამბოხებულმა ჯარისკაცებმა საკუთარ სასახლეში მოკლეს. მის მემკვიდრედ მედინელთა მხარდაჭერით მაჰმადის სიძე, ალი გამოაცხადეს, რომელმაც მოკლულის ნათესავებს შურისძიების მოთხოვნაზე უარი უთხრა. ამან ბევრი ახალი მმართველის წინააღმდეგ აამხედრა. ალის მოწინააღმდეგეები მაჰმადის ერთ-ერთი ქვრივის აიშასა და მაჰმადის ძველი თანამებრძოლების — თალჰა იბნ უბაიდულაჰის და აზ-ზუბაირ იბნ ალ-ავამის ხელმძღვანელობით მექიდან ჯარებით დაიძრნენ, მაგრამ 656 წლის დეკემბერში ბასრასთან, „აქლემის ბრძოლაში“ სასტიკად დამარცხდნენ (აიშა აქლემზე იყო ამხედრებული; აქედან მოდის ბრძოლის სახელიც). თალჰა და ზუბაირი მოკლეს, აიშა კი ხალიფის ერთგული ჯარისკაცების მეთვალყურეობით მედინაში გაგზავნეს.[1]
ბრძოლაში გამარჯვებამ ალის მდგომარეობა დროებით გაამყარა, თუმცა მის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა მუავია, სირიის გამგებელი და უსმანის კლანის ერთ-ერთი გვარის, ომაიანების თავკაცი. მუავია კვლავ უსმანის მკვლელების დასჯას ითხოვდა და ალის ხალიფობის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდა. ალი და მისი მომხრეები ქუფაში გამაგრდნენ და ომაიანთა წინააღმდეგ ჩრდილოეთით, სირიისკენ გაილაშქრეს. 657 წლის ივლისში მდინარე ევფრატის ნაპირებზე, სიფინის ბრძოლამ საბოლოო გამარჯვებული ვერ გამოავლინა; მხარეები დროებით დაზავდნენ და საბოლოო გადაწყვეტილება ავტორიტეტულ მომრიგებლებს მიანდეს. ამასობაში, ხალიფას პოზიციები მნიშვნელოვნად დაასუსტა მის ბანაკში განხეთქილებამ: ალის განუდგა შემდგომში ხარიჯიტების სახელით ცნობილი დაჯგუფება, რომელიც თვლიდა, რომ ხალიფის ტახტზე მჯდომის კანონიერება ალაჰის და არა ადამიანური სასამართლოს გადასაწყვეტი იყო და, ამდენად, მოლაპარაკებებით ყურანის მცნება დაირღვა. ამასობაში, 659 წლის იანვარში ქალაქ აზრუხში შეკრებილმა მომრიგებლებმა შუამდგომლობა დაასრულეს; მათი დასკვნის შინაარსი ბოლომდე ნათელი არაა, თუმცა ბევრმა ის ალის ხალიფობის უკანონოდ ცნობად მიიღო. ამან მუსულმანურ სამყაროში შეუქცევად განხეთქილებას დაუდო დასაბამი: ალის ერთგულ მომხრეთა გუნდი (არაბ. „შია“; აქედან — შიიტები, შიიზმი) სხვა სულიერ წინამძღოლს არ სცნობდა, მისი პოლიტიკური პოზიცია კი საბოლოოდ ჩამოყალიბდა რელიგიურ თვალსაზრისად, რომლის მიხედვით ალი და მისი შთამომავლები ალაჰის მიერ იყვნენ ხალიფას ტახტზე მაჰმადის კანონიერ მემკვიდრეებად კურთხეული.[1]
ომის დასასრული
რედაქტირებამოლაპარაკებების შედეგმა ყველა მხარე უკმაყოფილო დატოვა. 658 წლის გაზაფხულიდან შეტაკებები კვლავ მიმდინარეობდა. მუავიამ ეგვიპტე დაიპყრო და ალის მომხრეთა მთავარ დასაყრდენზე — ერაყზე დაიწყო თავდასხმები. მეორე მხრივ, ალის განდგომილ ხარიჯიტებთან მოუწია ბრძოლა და 658 წლის ივლისში დაამარცხა ისინი ნაჰრავანთან ერაყის აღმოსავლეთში, თუმცა ამით მისი პოზიციები დიდად არ გამყარებულა. ხარიჯიტების მიერ მიგზავნილმა მკვლელმა ის 661 წლის 6 თებერვალს ქუფის დიდი მეჩეთში ლოცვის დროს მოკლა. ხარიჯიტებმა მუავიას მკვლელობაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. 6 თვის შემდეგ ალის ძე ჰასანი, რომლის რეალური ძალაუფლება ქუფას უკვე აღარ სცილდებოდა, მორწმუნეთა შორის მშვიდობის აღდგენის მიზნით მუავიას დაუზავდა და ის ახალ ხალიფად აღიარა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მუავია თითქმის 20 წელი მართავდა სახალიფოს; მან შეძლო ალის მომხრეების დაშოშმინება და ხარიჯიტების მარგინალიზება, განაახლა აქტიური საგარეო დაპყრობითი პოლიტიკა და განავრცო სახალიფოს საზღვრები, თუმცა მუსულმანებს შორის იდეოლოგიური ერთიანობა არ აღდგენილა; ასევე გადაუჭრელი დარჩა სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი საკამათო საკითხი — რა წესითა და კრიტერიუმებით უნდა მომხდარიყო მუსულმანთა ახალი ლიდერის შერჩევა. პირველი ფიტნისა და შემდგომი სამოქალაქო ომების შედეგად ისლამი საბოლოოდ დარჩება გაყოფილი სუნიტურ და შიიტურ ბანაკებად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Donner, Fred M. (1999). "Muhammad and the Caliphate". In Esposito, John L. (ed.). The Oxford History of Islam. Oxford University Press. pp. 15–16. ISBN 9780195107999.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ფიტნა“ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- „ისლამური სამყარო: ოთხი ფიტნა“ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- სიფინის ბრძოლა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)