პიონერი (კოსმოსური პროგრამა)

„პიონერი“ (ინგლ. Pioneer) — სახელწოდება მთვარის, პლანეტებისა და პლანერტათშორისი სივრცის გამოსაკვლევად განკუთვნილი ამერიკული ავტომატური საპლანეტათშორისო სადგურების (ასს) სერიისა და მათი შექმნისა და ფრენის პროგრამა 1958-1978 წლებში.

მთვარის კვლევა

რედაქტირება
მთვარის საკვლევი აპარატები
მთვარის საკვლევი I ტიპის „პიონერი“.
მთვარის საკვლევი II ტიპის „პიონერი“.
მთვარის საკვლევი III ტიპის „პიონერი“.

მთვარის გამოსაკვლევად შეიქმნა 3 ტიპის „პიონერი“. I ტიპის სამი „პიონერი“ (მაქსიმალური მასა 39.2 კგ) გაუშვეს 1958 წელს. სერიის პირველი სამი აპარატის გაშვების სამეცნიერო მიზანი იყო მთვარის შესწავლა და მისი უკანა მხარის გადაღება.

  • „პიონერ 0“ (17 აგვისტო, 1958; წარუმატებელი — რაკეტა-მატარებელი აფეთქდა აფრენისას; მასა 38.0 კგ).
  • „პიონერ 1“ (11 ოქტომბერი, 1958; სიჩქარის ნაკლებობის გამო დაფარა მთვარემდე მანძილის მხოლოდ მესამედი და დაიწვა ატმოსფეროში; მასა 34.2 კგ).
  • „პიონერ 2“ (8 ნოემბერი, 1958; მესამე საფეხურის გაუმართაობის გამო მოწყობილობა დედამიწაზე დაუბრუნდა; მასა 39.2 კგ).

II ტიპის ორი „პიონერი“ (მაქსიმალური მასა 6.08 კგ) გაუშვეს 1958-1959 წლებში. ერთ-ერთმა მათგანმა ჩაუფრინა მთვარეს და პირველი ამერიკული მზის ხელოვნური თანამგზავრი გახდა.

  • „პიონერ 3“ (6 დეკემბერი, 1958; სიჩქარის უქონლობის გამო მთვარემდე მაქსიმალური მანძილი იყო 102320 კმ. აღმოაჩინა დედამიწის მეორე რადიაციული სარტყელი. დაიწვა ზედა ატმოსფეროში გაშვებიდან ერთი დღის შემდეგ; მასა 5.87 კგ).
  • „პიონერ 4“ (3 მარტი, 1959; „პიონერ-3“-ის ანალოგი. შეისწავლა მთვარის მახლობლად რადიაციული ფონი. მთვარემდე მინიმალური მანძილი იყო 60050 კმ, რაც არ იძლეოდა ფოტოელექტრული სენსორის გამოყენებისა და ფოტოების გადაღების საშუალებას. მთვარეზე გავლის შემდეგ, იგი შევიდა ჰელიოცენტრულ ორბიტაზე, გახდა პირველი ამერიკული კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მიაღწია მეორე კოსმოსურ სიჩქარეს; მასა 6.08 კგ).

III ტიპის ოთხი „პიონერი“ (მაქსიმალური მასა 175.5 კგ) გაუშვეს 1959-1960 წლებში. NASA-მ მიზნად დაისახა ასს-ების სელენოცენტრულ ორბიტაზე გაშვება, მთვარის ვიზუალური გამოსახულების მიღება და მისი მაგნიტური ველის გაზომვა. აშენდა უფრო მოწინავე ახალი თაობის ზონდები, მაგრამ შემდეგი ოთხი გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც აპარატებს არ მიენიჭათ ინდექსები.

  • „პიონერ P-1“ (24 სექტემბერი, 1959; წარუმატებელი; მასა 168 კგ).
  • „პიონერ P-3“ (26 ნოემბერი, 1959; წარუმატებელი — მოწყობილობა ჩავარდა ატლანტის ოკეანეში გამშვები რაკეტა-მატარებლის განადგურების გამო; მასა 168.7 კგ).[1]
  • „პიონერ P-30“ (25 სექტემბერი, 1960; წარუმატებელი — რაკეტა-მატარებლის მეორე საფეხურის ჩავარდნა; მასა 175.5 კგ).
  • „პიონერ P-31“ (15 დეკემბერი, 1960; წარუმატებელი — რაკეტა-მატარებელი ფრენის დროს 68 წამში აფეთქდა 13 კმ სიმაღლეზე; მასა 175.0 კგ).

„პიონერის“ სერიის პირველი აპარატების მთვარეზე გაშვება არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. მთვარის შემდგომი შესწავლა გაგრძელდა „სერვეიორი“ და „ლუნარ ორბიტერის“ სერიის აპარატებით.

პლანერტათშორისი სივრცის კვლევა

რედაქტირება
პლანერტათშორისი სივრცის საკვლევი აპარატები
ასს „პიონერ 5“.
ასს „პიონერ 6, 7, 8, 9, E“.

1965-1968 წლებში მზისირგვლივ ორბიტებზე გასაყვანად გაუშვეს ერთნაირი ტიპის ხუთი „პიონერი“ (მაქსიმალური მასა 67 კგ) მზისეული ანთებების, მიკრომეტეორების, კოსმოსური რადიაციის შესასწავლად. ამავე მიზნით იყენებდნენ 1960 გაშვებულ 43 კგ მასის მქონე „პიონერს“.

  • „პიონერ 5“ (11 მარტი, 1960; ეწეოდა კვლევას პლანეტათაშორისი სივრცის შესახებ დედამიწისა და ვენერას ორბიტებს შორის, დედამიწიდან 100000 კმ-ზე მეტ მანძილზე. კერძოდ, პირველად განხორციელდა კოსმოსური სხივების გაზომვები დედამიწის ატმოსფეროს გავლენისგან სრულიად თავისუფალ პირობებში; მასა 43.2 კგ).
  • „პიონერ 6“ („პიონერ A“; 16 დეკემბერი, 1965; ძირითადი გაზომვების გარდა, 1973 წელს მან შეისწავლა კომეტა Kohoutek. „პიონერ 6“-მა დაამყარა რეკორდი კოსმოსურ ხომალდებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით - მასთან კომუნიკაციის ბოლო სესია 2000 წელს განხორციელდა. მოწყობილობასთან კომუნიკაცია შენარჩუნდა 1990-იანი წლების შუა ხანებამდე, 2000 წლის დეკემბერში წარმატებული კომუნიკაციის სესია ჩატარდა „პიონერ 6“-თან მისი გაშვების 35 წლის იუბილეს საპატივცემულოდ; მასა 62.14 კგ).
  • „პიონერ 7“ („პიონერ B“; 17 აგვისტო, 1966; ეძებდა მთვარის ატმოსფეროს კვალს. გარდა ამისა, ეს არის ამერიკული ზონდი, რომელიც მაქსიმალურად მიუახლოვდა ჰალეის კომეტას. კომუნიკაცია შენარჩუნდა 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე; მასა 62.75 კგ).
  • „პიონერ 8“ („პიონერ C“; 13 დეკემბერი, 1967; მან შეისწავლა სუსტი მაგნიტური ველები. კომუნიკაცია შენარჩუნდა 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე; მასა 65.36 კგ).
  • „პიონერ 9“ („პიონერი D“; 8 ნოემბერი, 1968; ფუნქციონირებდა 1983 წლამდე; მასა 65.36 კგ).
  • „პიონერ E“ (27 აგვისტო, 1969; წარუმატებელი — გამშვები მანქანის გაუმართაობის გამო ზონდი ატლანტის ოკეანეში ჩავარდა; მასა 65.4 კგ).

შორეული კოსმოსის კვლევა

რედაქტირება
შორეული კოსმოსის საკვლევი აპარატები
ასს „პიონერ 10„ და „პიონერ 11“.
ასს „პიონერ-ვენერა 1„ და „პიონერ-ვენერა 2“.

შეიქმნა ახალი „პიონერები“ (მაქსიმალური მასა 260 კგ), რომელთაგან ორმა 1973-1974 წლებში გადაიღო იუპიტერის, სატურნის, ასტეროიდების ზოლის სურათები და აგრძელებენ შორი პლანეტების კვლევას. ეს ხომალდები მესამე კოსმოსური სიჩქარის შეძენის გამო მზის სისტემის გარეთ გავიდნენ ერთ-ერთ მათგანზე („პიონერ 11“) მოთავსებულია ლითონის ფირფიტა, რომელზეც მოცემულია ზოგიერთი ცნობა დედამიწის ცივილიზაციის შესახებ. მათ პირველებმა მიაღწიეს მესამე კოსმოსურ სიჩქარეს, გადალახეს ასტეროიდების სარტყელი და გამოიკვლიეს შორეული კოსმოსი.

  • „პიონერ 10“ (3 მარტი, 1972; იუპიტერს გადაუფრინა 1973 წლის დეკემბერში. მისი მთავარი ამოცანა იყო იუპიტერის მიმდებარედ არსებული პირობების შესწავლა და პლანეტის ფოტოების მოპოვება. ბოლო სიგნალი „პიონერ 10“-დან მიღებული იქნა 2003 წლის 23 იანვარს; მასა 258 კგ).[2]
  • „პიონერ 11“ (6 აპრილი, 1973; 1974 წელს გაიარა იუპიტერი და განაგრძო ფრენა. 1979 წელს მან მიაღწია სატურნს. 1995 წლის სექტემბერში აპარატთან კონტაქტი შეწყდა; მასა 258.5 კგ).[2]

1978 წელს ვენერის კვლევისთვის გაუშვეს „პიონერ-ვენერა 1“ და „პიონერ-ვენერა 2“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „In Depth | Pioneer P-3 – Solar System Exploration: NASA Science“. Solar System Exploration: NASA Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-23. ციტირების თარიღი: 2018-08-02.
  2. 2.0 2.1 Administrator, NASA Content (2015-03-03). „The Pioneer Missions“. NASA (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29. ციტირების თარიღი: 2018-08-02.