პენტალა ჰარიკრიშნა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პენტალა ჰარიკრიშნა - ((ტელუგ. పెండ్యాల హరికృష్ణ; ინგლ. Pentala Harikrishna) დ.10 მაისი, 1986, გუნტური, ანდჰრა-პრადეში, ინდოეთი) - ინდოელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2001), აზიის ჩემპიონი (2011). 10 წლამდელ ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონი (1996), 14 წლამდელებში აზიის ჩემპიონი (2000), თანამეგობრობის ჩემპიონატის გამარჯვებული (2001), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი (2004). ნაკრების შემადგენლობაში 7-ჯერ იასპარეზა საჭადრაკო ოლიმპიადაზე (2000–2012).

პენტალა ჰარიკრიშნა

პენტალა ჰარიკრიშნა. 2021 წელი
ქვეყანა (სპორტი) ინდოეთის დროშა ინდოეთი,
ეროვნება ინდოელი
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1986 (1986-05-10) (38 წლის)
დაბადების ადგილი გუნტური, ანდჰრა-პრადეში, ინდოეთი
წოდება დიდოსტატი (2001)
ფიდე რეიტინგი 2721 (ნოემბერი 2021) [1]
მაქსიმალური რეიტინგი 2770 (დეკემბერი 2016)
ჯილდოები და პრემიები არჯუნას პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

პენტალა ჰარიკრიშნა დაიბადა ინდოეთში, შტატ ანდჰრა პრადეშის ქალაქ გუნტურში. ჭადრაკის თამაში 4 წლისას ბაბუამ რანგა რაომ ასწავლა და მისი პირველი მწვრთნელიც გახდა. [2]

პატარამ კარგად აითვისა ჭადრაკი და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. 1993 წელს 8 წლამდელებში, 1995-ში 10 წლამდელებში, 1998-ში 15 და 18 წლამდელებში, ხოლო 1999-ში 14 წლამდელებში. 1999 წელს თანამეგობრობის ჩემპიონატზე ჭადრაკში 18 წლამდელებში მოიპოვა ოქროს მედალი. მისი კარგი თამაშის წყალობით 2000 წელს 14 წლისა და 5 თვისა ინდოეთის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და საჭადრაკო ოლიმპიადაზე წაიყვანეს. იგი მესამე დაფაზე გამოვიდა და 11 პარტიიდან 6,5 ქულა დააგროვა, რითაც დიდოსტატის პირველი ნორმა შეასრულა. მეორე ნორმა 2001 წელს, ვეიკ ან ზეში, Corus ტურნირის B ჯგუფში შეასრულა, მან 13 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა აიღო და მეხუთეზე გავიდა. მესამე ნორმა აზიის ჩემპიონატზე შეასრულა, 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე გავიდა. ამ მონაცემებით ფიდეს რეიტინგში 2500-იან ზღვარს გადააბიჯა. ლონდონში თანამეგობრობის ჩემპიონატზე იასპარეზა და პირველი ადგილი აიღო. 2002 წელს მოსკოვში ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე დაუშვეს, სადაც 128 მოჭდარაკე ნოკაუტ-სისტემით დაუპირისპირდა ერთმანეთს. ინდოელი პირველივე რაუნდში სლოვენიელ ალეკსანდრ ბელიავსკისთან 0,5:1,5 დამარცხდა და ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა. იმავე წელს ჰასტინგსის ტურნირზე ალეკსეი ბარსოვთან და კრიშნან საშიკირანთან ერთად იმარჯვა, ხოლო ინდოეთის ჩემპიონატში მეორეზე გავიდა და ნახევარი ქულით ჩამორჩა საშიკირანს. 2003 წელს აბუ დაბიში სამ მოჭადრაკესთან ერთად პირველი ადგილი აიღო.

2004 წელს ფიდეს რეიტინგში 2600-იან ზღვარს გადასცდა. ზაფხულში ტრიპოლში ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. პირველ ეტაპზე ჩინელი ჟუნ ქსიუ დაამარცხა 2,5:1,5, თუმც მეორეში ტაი-ბრეიკით უკრაინელ ვასილ ივანჩუკთან დამარცხდა 1:3 და მონაწილეობაც დაასრულა. ნოემბერში კოჩში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 13 პარტიიდან 10 ქულა აიღო და ოქროს მედალიც მოიპოვა.

2005 წელს საკუთარი თამაშის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პენტალამ ვიშვანათან ანანდის ყოფილ მწვრთნელ ელიზბარ უბილავასთან დაიწყო ვარჯიში [3]. მან გაიმარჯვა Sanjin Hotel Cup-ზე, 11-დან 8,5 ქულით. დეკემბერში ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს თასზე იასპარეზა. პირველ ეტაპიდან ჩინელი იუ შააოტენი გამოთიშა ასპარეზობიდან 3:1, მეორეში ბრაზილიელი ჯოვანი ვესკოვი 4:2, მაგრამ მესამეში რუს ალეკსანდ დრეევთან დამარცხდა 1,5:2,5. დეკემბერში პამპლონას ტურნირზე მეორე ადგილს დასჯერდა, ნახევარი ქულით ჩამორჩა ფიდეს ექს-ჩემპიონ რუსლან პონომარიოვს[4]. 2006 წლის მარტში რეიკიავიკის ტურნირზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით ოთხ მონაწილესთან ერთად პირველზე გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკით მეხუთეზე ჩამოვიდა. „ფიშერის შემთხვევით ჭადრაკში“, იგივე Chess960-ში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ფინალში არკადი ნაიდიჩს სძლია 4,5:3,5[5]. 2007 წელს „აეროფლოტ ოფენზე“ 9 პარტიაში 3,5 ქულა დააგროვა, მონრეალის საერთაშორისო ტურნირზე კი მესამეზე გავიდა, ფინალური შეხვედრა გამარჯვებულ ივანჩუკთან დათმო.

2008-ში Corus ტურნირზე B ჯგუფში მეხუთეზე გავიდა 13-დან 7,5 ქულით. ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე კი გერმანულ OSG Baden-Baden-ის შემადგენლობაში იასპარეზა და გუნდური ვერცხლი მოიგო. 2009 წელს აზიის გუნდურ ჩემპიონატში ინდოეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველ დაფაზე გამოვიდა და ჩემპიონიც გახდა, თვითონ კი ინდივიდუალურში მცირე ბრინჯაო მიიღო. 2010-ის იანვარში Corus ტურნირზე B ჯგუფში მეექვსეზე გავიდა 13-დან 6,5 ქულით, აზიის ჩემპიონატზე კი 23-ე ადგილს დასჯერდა და 17 სარეიტინგო ქულა დაკარგა. ნაკრების შემადგენლობაში წარუმატებლად გამოვიდა ოლიმპიადაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი გუნდურ ბრინჯაოს დაეუფლა.

 
პენტალა 2013-ში Tata Steel Chess ტურნირზე, A ჯგუფში

2011-ის იანვარში გიბრალტარის ტურნირზე 10-დან 7 ქულა აიღო და მეცხრე ადგილზე გავიდა. მაისში მეშჰედში აზიის ჩემპიონი გახდა [6]. ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პირველ დაფაზე გამოვიდა, თუმცა მხოლოდ გუნდურ მერვე და ინდივიდუალურ მე-7 ადგილს დასჯერდა. სექტემბერში ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს თასზე იასპარეზა. პირველ ეტაპზე ებრაელი მაქსიმ როდშტეინი დაამარცხა 1,5:0,5, თუმც მეორეში რუს დმიტრი იაკოვენკოსთან 0,5:1,5 დამარცხდა. 2012-ის იანვარში Tata Steel Chess ტურნირზე, (უკვე ყოფილ Corus ტურნირზე) B ჯგუფში 13-დან 9 ქულით პირველი ადგილი აიღო და მომდევნო წლისთვის A ჯგუფის საგზური მოიპოვა. ინდოეთის ნაკრების შემადგენლობაში აზიის გუნდურ ჩემპიონატზე მეორე დაფაზე გამოვიდა და გუნდური ვერცხლი მოიპოვა, ინდივიდუალურში კი მეოთხე იყო. 2013-ში Tata Steel Chess ტურნირზე, A ჯგუფში უკვე უძლიერეს შემადგენლობაში 13-დან 6,5 ქულა მოიპოვა და კარიერაში პირველად ფიდეს რეიტინგში 2700-იან ზღვარს გადასცდა. წარუმატებლად გამოვიდა კაპაბლანკას მემორიალზე, სადაც 10-დან 3 ქულა დააგროვა. სამაგიეროდ იყოჩაღა შვეიცარიაში და Biel Masters-ზე 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით იმარჯვა.

2014-ის იანვარში Tata Steel Chess ტურნირზე მეშვიდე ადგილზე გავიდა, 11 შესაძლებლობიდან 5,5 ქულით. აზიის ბლიცის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიგო, ხოლო ჩეხური კლუბის, ქალაქ ნოვი-ბორის G-Team-ის შემადგებლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ვერცლის მედალი აიღო და მესამე დაფაზე საუკეთესო თამაშითვის მცირე ოქროს მედალიც მიიღო. წლის ბოლოს ყატარის მასტერსზე იასპარეზა და 9-დან 5,5 ქულით 25-ე ადგილზე გავიდა. 2015 წელს გიბრალტარის ტურნირზე 10-დან 7,5 ქულით მეცხრე ადგილს დასჯერდა. მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ინდოეთის ნაკრებში პირველ დაფაზე იჯდა, 9 პარტიიდან 5 ქულა აიღო და ინდივიდუალულში მეოთხეზე გავიდა, ნაკრებს კი მე-9 ადგილი ხვდა წილად. ივნისში ედმონტონის მეათე ტურნირზე იმარჯვა, 9 პარტიაში 7,5 ქულა დააგროვა. მსოფლიოს თასზე მხოლოდ ერთი ეტაპი გადალახა და მეორიდან გამოვარდა. იმარჯვა Pokerstars International Open-ზე. 2016-ის თებერვალ-მარტში ჩინეთში საერთაშორისო ინტელექტუალურ სპორტულ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. სწრაფ ჭადრაკში მეშვიდე ადგილზე გავიდა, ხოლო ბლიცში მესამეზე. ამ შედეგებით კი ფიდეს ბლიცის რეიტინგსიას 113 ქულა შესძინა და კარიერაში უმაღლეს 2774 პუნქტს უწია. წლის ბოლომბე კი ათამდე ძლიერი მოჭადრაკე დაამარცხა და კლასიკური ჭადრაკის რეიტინგშიც მისთვის უმაღლეს 2768 პუნქტს უწია.

2017-ის იანვარში Tata Steel Chess ტურნირზე მეცხრე ადგილზე გავიდა 11 შესაძლებლობიდან 9 ქულით. თბილისში მსოფლიოს თასზე იასპარეზა და კვლავ მეორე ეტაპიდან გამოვარდა. 2019-ში ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს თასზე მესამე ეტაპამდე მივიდა. 2020-ში ბილში Chess960-ის ტურნირი მოიგო, 7 პარტიიდან 5,5 ქულით[7], COVID-19-ის გამო მოთამაშეები ერთმანეთისგან შუშის კედლით იყვნენ გამოყოფილები. ფიდეს ონლაინ ოლიმპიადაზე ინდოეთის ნაკრებში იასპარეზა და ოქროს მედლები მოაპოვებინა.

2021 წელს Tata Steel Chess ტურნირზე მეშვიდე ადგილზე გავიდა. 13 პარტიიდან 6,5 ქულით.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2018 წელს სერბ ნაძეჟდა სტოიანოვიჩზე დაქორწინდა[8] და 2021 წელს გოგონა მაია შეძინათ[9]. 2018-დან პრაღაში ცხოვრობს და ქალაქ ნოვი-ბორის საჭადრაკო კლუბში თამაშობს[10].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1]. FRL november 2021.
  2. From Pratipadu to Belgrade: The journey of Harikrishna Pentala. ChessBase India (30 October 2017).
  3. Sport / Chess : Harikrishna to train with Ubilava from June 4 (2005-06-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-22. ციტირების თარიღი: 2021-11-25.
  4. The Week in Chess 582. Mark Crowther. ციტირების თარიღი: 11 February 2016
  5. Harikrishna wins György Marx Memorial. ChessBase.com (11 August 2006).
  6. Chess-Results Server Chess-results.com - Asian Individual Open Chess Championship 2011. Chess-Tournament-Results-Server (2011-05-10). ციტირების თარიღი: 2021-07-27
  7. Indian GM Harikrishna wins Chess960 event at Biel Festival, sportstar.thehindu.com
  8. The grand wedding of Harikrishna and Nadezda. ChessBase India (22 March 2018).
  9. P. Harikrishna: My focus is the World Cup scheduled in July.
  10. Winning is a habit; don't lose it says Grandmaster Pentala Harikrishna (12 August 2020).