პანკრეასი
პანკრეასი — ადამიანისა და ცხოველის საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვალი, რომელიც გამოყოფს პანკრეასის წვენს და ჰორმონებს. პანკრეასი მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებასა და მათი ცვლის რეგულაციაში.
ფუნქცია
რედაქტირებაეგზოკრინული ფუნქცია აკისრია პანკრეასის რთულ ალვეოლურ-მილაკოვანი აღნაგობის ჯირკვლოვან ქსოვილს, რომლის თხელი, შეამერთებელ-ქსოვილოვანი ფირფიტები ჯირკვლის პანერქიმას ყოფენ ცალკეულ წილაკებად — აცინუსებად. სწორედ აცინუსთა უჯრედები გამოყოფენ პანკრეასის წვენს. აცინუსების ჯირკვლების სადინარები ერთვიან ჯირკვლის საერთო სადინარს. ენდოკრინულ ფუნქციას ასრულებენ პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულები.
მოცულობა, მდებარეობა და სტრუქტურა
რედაქტირებაადამიანის პანკრეასის მასა 70 გრამია, სიგრძე 15-25 სანტიმეტრს აღწევს. პანკრეასი განივად მდებარეობს მუცლის უკანა კედელზე, წელის I-II მალების დონეზე. მის მარჯვნივ, ბოლოს თავს ნალივით გარს ეხვევა თორმეტგოჯა ნაწლავი, მარცხნივ ბოლო — კუდი ელენთას აღწევს. თავსა და კუდს შორის მოთავსებულია პანკრეასის სხეული. პანკრეასის სტრუქტურა ძალიან ჰგავს სანერწყვე ჯირკვლის აგებულებას. პანკრეასის ეკზოსეკრეტორული ნაწილის გამომყოფი საბოლოოდ თავს იყრის ორ სადინარში: მთავარი სადინარი იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივ ნაწილში არსებულ დვრილში, ნაღვლის საერთო სადინართან ერთად, დამატებითი სადინარი კი მთავრი სადინარის ცოტა ზემოთ და მარცხნივ. პანკრეასის ეგზოკრინულ ნაწილაკებში, განსაკუთრებით კუდის მიდამოში გაფანტულია ინკრეტორული ფუნქციის მქონე უჯრედოვანი მიკროსკოპული გროვები, რომლებიც წარმოქმნიან 200 ათასი-1,8 მილიონამდე პანკრეასის კუნძულს. კუნძულები გარშემოხვეულია შემაერთებელი ქსოვილით და იზოლირებულია ჯირკვლის ელემენტებისაგან. კუნძულების საერთო წონაა 0,7-0,8 გრამი.
ინსულინი
რედაქტირებაპანკრეასის კუნძულების მიერ გამოყოფილი ჰორმონი — ინსულინი პირდაპირ გადადის სისხლში და არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას. კუნძულების ფუნქციის დაქვეითებას (ჰიპოფუნქცია) შაქრიანი დიაბეტის განვითარება მოჰყვება. 1922 წელს კანადელმა მეცნიერებმა შეძლეს სუფთა ინსულინის მიღება. ინსულინს წარმატებით იყენებენ შაქრიანი დიაბეტისა და დიაბეტური კომის სამკურნალოდ.
პათოლოგიები
რედაქტირებაპანკრეასის დაავადებებიდან აღსანიშნავია პანკრეასის მწვავე ანთება — პანკრეატიტი, პანკრეასის მწვავე ჰემორაგიული ანთება. პანკრეასის ჩირქოვანი ანთება უფრო ხშირად მეზობელი ორგანოების დაავადების შედეგად ვითარდება. პანკრეასის სადინარის დახშვა იწვევს ქრონიკულ პანკრეატიტს. პანკრეასში შეიძლება განვითარდეს, ცისტა, სიმსივნე.
მოქმედება
რედაქტირებადღე-ღამის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა 1,5-2 ლიტრი პანკრეასის წვენი. იგი უფერო, უსუნო, ტუტე რეაქციის სითხეა. შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს. ფერმენტებიდან აღსანიშნავია პროტეაზები, ლიპაზები და ამილაზები. სეკრეცია იწყება საკვების მიღებიდან 1-3 წუთის შემდეგ და გრძელდება 6-10 საათი. პანკრეასის ფუნქცია რეგულირდება ნერვული და ჰუმორული მექანიზმებით. პანკრეასის სეკრეციაზე გავლენას ახდენენ თანაფარისებრი, ჰიპოფიზი, აგრეთვე ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 664.