ივანე პავლოვი

(გადამისამართდა გვერდიდან პავლოვი, ივანე)

ივანე პეტრეს ძე პავლოვი (რუს. Ива́н Петро́вич Па́влов; დ. 14 სექტემბერი, 1849, რიაზანი, რუსეთის იმპერია, — გ. 27 თებერვალი, 1936, ლენინგრადი, რუსეთის სფსრ) — რუსი ფიზიოლოგი. მსოფლიო აღიარება მოუტანა კვლევებმა საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის, სისხლის მიმოქცევის, ცხოველებისა და ადამიანის უმაღლესი ნერვულ მოქმედების საკითხებში. ცნობილია მისი კლასიკური ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში პავლოვი მშიერ ძაღლებს „ასწავლიდა“ ნერწვის გამოყოფას მეტრონომის ან ზარის ხმაზე. ეს სიგნალი მანამდე საკვების მიწოდებასთან იყო შეუღლებული. ამ ცდების საფუძველზე პავლოვმა მეცნიერებაში პირობითი რეფლექსის ცნება შემოიტანა. დიდი წვლილი შეიტანა დასწავლის ფიზიოლოგიური საფუძვლების გააზრებაში. 1904 წელს მას ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭა საჭმლის მომნელებელი სეკრეციის კვლევისთვის.

ივანე პავლოვი
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი, 1849(1849-09-26)[1] [2]
დაბ. ადგილი რიაზანი, რიაზანის გუბერნია, რუსეთის იმპერია[3]
გარდ. თარიღი 27 თებერვალი, 1936(1936-02-27)[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [1] [2] (86 წლის)
გარდ. ადგილი ლენინგრადი[3]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ქიმიკოსი, ექიმი, ფიზიოლოგი[11] [2] , neurologist[11] და მკვლევარი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია[12] და Institute of Experimental Medicine[12]
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[13] და კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია[13]
განთქმული მოსწავლეები პეტრე ანოხინი, ბორის ბაბკინი, კონსტანტინე ბიკოვი, ნიკოლოზ ვოიცეხოვსკი, ანატოლი ივანოვ-სმოლენსკი, ნიკოლოზ კრასნოგორსკი, პიოტრ კუპალოვი, ლეონ ორბელი, ვიკტორინ დერიაბინი, Davyd Hlinski, Lev Pavlovich Rozanov, Gleb Anrep და Yevgeny Kreps[14]
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი[13]
მეუღლე Sara Pavlov[12]
შვილ(ებ)ი Q131316718?, Vera I. Pavlova, Q131316764? და Q131316820?
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[15] [16] , კოპლის მედალი[17] , წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, კოთენიუსის მედალი, ბაერის მედალი[18] , კრუნის სახელობის პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[19] , ბელის მედალი, წმინდა სტანისლავის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და doctor honoris causa from the University of Paris[20]
გავლენა მოახდინეს

ბიოგრაფია

რედაქტირება

ივან პავლოვი 1849 წელს დაიბადა რიაზანელი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ადგილობრივ საეკლესიო სკოლასა და სასულიერო სემინარიაში. 1870 წელს საღვთისმეტყველო განათლების გაგრძელებაზე უარი თქვა და ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ქიმიასა და ფიზიოლოგიას სწავლობდა. 1879 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამედიცინო აკადემია; იქვე დაიცვა დისერტაცია 1883 წელს. 1884-1886 წლებში სწავლობდა ლაიფციგსა და ბრესლაუში ცნობილი გერმანელი ფიზიოლოგების — კარლ ლუდვიგისა და რუდოლფ ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელობით. ლაიფციგში ლუდვიგთან მან პირველი დამოუკიდებელი სამეცნიერო სამუშაო შეასრულა სისხლის მიმოქცევის სისტემის ფიზიოლოგიის შესახებ. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1888-1890 წლებში პეტერბურგში, ბოტკინის ლაბორატორიაში იკვლევდა გულის ფიზიოლოგიისა და არტერიული წნევის რეგულაციის საკითხებს.

ამავე პერიოდში დახელოვნდა ექსპერიმენტული ქირურგიის სხვადასხვა მანიპულაციაში: შეეძლო ძაღლში ბარძაყის არტერიის კათეტერიზაცია ანესთეზიის გარეშე და სხვადასხვა ფარმაკოლოგიური და ემოციური სტიმულის პასუხად სისხლის წნევის ცვლილებების რეგისტრაცია. გულის ნატიფი ნერვების ფრთხილი დისექციით პავლოვმა გამოავლინა გულისცემაზე გულის წნულიდან გამომავალი ნერვული ტოტების ზეგავლენა; კისრის ნერვების გადაჭრილი დაბოლოებების სტიმულირებით აჩვენა გულის მუშაობაზე ცთომილი ნერვების ეფექტი.

1881 წელს პავლოვმა ფიოდორ დოსტოევსკის მეგობარ სტუდენტ ქალზე იქორწინა, თუმცა მატერიალური ხელმოკლეობის გამო ცოლ-ქმარი თავიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდა. მეცნიერი მის შემდგომ წარმატებებს თავის მეუღლის — მზრუნველი, რელიგიური და განათლებული ქალის მხარდაჭერას უკავშირებდა. 1890 წელს პავლოვი რუსეთის საიმპერატორო სამედიცინო აკადემიის ფიზიოლოგიის პროფესორი გახდა და ამ პოზიციაზე 1924 წელს მის გადადგომამდე მუშაობდა. ამავე პერიოდში ექსპერიმენტული მედიცინის ახალდაარსებულ ინსტიტუტში ცხოველებში ექსპერიმენტული ქირურგიის ახალი სტანდარტები შექმნა, რომელიც სათანადო ოპერაციისშემდგომ მოვლასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც გულისხმობდა.

1890-1900 წლებში პავლოვი ინტენსიურად სწავლობდა საჭმლის მომნელებელი გზების სეკრეტორულ ფუნქციას. ბრესლაუში ჰაიდენჰაიმთან მუშაობის პერიოდში მან შექმნა მინიატურული ტოპრაკის („კუჭის“) ფორმირების მეთოდი, რაც გულისხმობდა ცთომილი ნერვის ტოტების შენარჩუნებით კუჭის სეგმენტის იზოლირებას საკვების მასისგან. ამ გზით პავლოვს შეეძლო ცხოველის ჯანმრთელ ორგანიზმში ხანგრძლივად დაკვირვებოდა კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ აქტიურობას.

პირობითი რეფლექსის კანონები

რედაქტირება

ჯანმრთელ არაანესთეზირებულ ცხოველებში საჭმლის მომნელებელი სეკრეციის ცვალებადობაზე დაკვირვებებმა პავლოვი პირობითი რეფლექსის ჩამოყალიბების კანონების ფორმულირებამდე მიიყვანა. უმაღლესი ნერვული მოქმედების საკითხებს პავლოვის მოღვაწეობაში ცენტრალური ადგილი ეჭირა 1898-1930 წლებში და მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.

პავლოვი ლაბორატორიული ცხოველის ფსიქიკური სფეროს ანუ „სუბიექტურის“ რაოდენობრივ მსაზღვრელად ნერწყვის გამოყოფას (სეკრეციას) იყენებდა და ამით, მისი აზრით, ხაზს უსვამდა „ობიექტურის“ ანუ ფიზიოლოგიურის — როგორც გონებრივი ფენომენებისა და უმაღლეს ნერვული მოქმედების მახასიათებლის — უპირატესობას.

პავლოვის მიხედვით, ორგანიზმის აქტიურობის ერთეულებია „უპირობო რეფლექსი” (თანადაყოლილი) და „პირობითი რეფლექსი” (შეძენილი). გამოყო აგრეთვე რეფელქსების სხვა ტიპები (საორიენტაციო რეფლექსი, „მიზნის რეფლექსი”, „თავისუფლების რეფლექსი”), რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის უკეთეს შეგუებას გარემოსთან. პავლოვმა და მისმა მოწაფეებმა ორიგინალური ექსპერიმენტული მეთოდოლოგიით შეისწავლეს ახალი რეფლექსების ჩამოყალიბების დინამიკა, ანუ გაარკვიეს, რა პირობებია საჭირო იმისთვის, რათა ძველი უპირობო რეაქცია (მაგ., ნერწყვის გამოყოფა საჭმელის დანახვაზე) დაუკავშირდეს ახალ გამღიზიანებელს (მაგ., ზარს ან სინათლეს). რეფლექსის წარმოქმნის სავარაუდო მექანიზმი ტვინის ორ უბანს შორის ე.წ. „დროებითი კავშირების” დამყარებაა. აქედან გამომდინარე, პავლოვი ცდილობდა, რეფლექტორული ახსნა მიეცა თავის ტვინის ქერქში მიმდინარე პროცესებისთვის, რომლებიც ფსიქიკის მატერიალურ საფუძველს შეადგენენ (რეფლექსური რგოლი). პავლოვმა გამოყო ტემპერამენტის საფუძველმდებარე ნერვული სისტემის ძირითადი თვისებები და ტიპები; მან აგრეთვე გადაასხვაფერა ტრადიციული შეხედულება შეგრძნების ორგანოებზე ანალიზატორის კონცეფციად, რომლის მიხედვითაც სენსორული სისტემები გამღიზიანებლების მიმღებ და გამაანალზებელ ერთიან ნერვულ მექანიზმად არის წარმოდგენილი.

პავლოვის დამოკიდებულება ფსიქოლოგიისადმი არაერთმნიშვნელოვანი იყო. ზოგადად, ფსიქოლოგიის მიმართ მას დადებითი დამოკიდებულება არ ჰქონია. ის ამტკიცებდა ფსიქიკურისა და ფიზიოლოგიურის ერთიანობას და ფიქრობდა, რომ მან არსებითად გადაჭრა ფსიქოფიზიკური პრობლემა. პავლოვი არ უარყოფდა ფსიქოლოგიის არსებობის უფლებას, როგორც მეცნიერებისა სუბიექტური სამყარის შესახებ. თუმცა, ამავე დროს, მიაჩნდა, რომ ფსიქოლოგიას არ შეუძლია ობიექტურად შეისწავლოს ქცევა და ახსნას მისი ბუნება — რაც ფიზიოლოგიის საქმეა.

1930-იან წლებში პავლომა სცადა მის მიერ ფორმულირებული კანონები ადამიანის ფსიქოზური მდგომარეობების ასახსნელად გამოეყენებინა. მისი აზრით ფსიქოზისთვის დამახასიათებელი ჭარბი ინჰიბიცია (დათრგუნვა) დამცველობითი მექანიზმია, რომლის მიზანი გარეგანი დამაზიანებელი სტიმულის ზემოქმედების გამოთიშვაა. რუსეთში გამოიყენებოდა ამ მოსაზრებაზე დაფუძნებული მეთოდი, რომლითაც ფსიქიატრიულ პაციენტებს მშვიდ და არამასტიმულირებელ გარემოში მკურნალობდნენ. ამავე პერიოდში პავლოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანის ლინგვისტური ფუნქციის საფუძველი პირობითი რეფლექსების გრძელი ჯაჭვი იყო, რომელიც ცალკეულ სიტყვებს მოიცავდა. ამასთანავე, პავლოვი თვლიდა, რომ ენის ფუნქცია არა მხოლოდ სიტყვებზეა დაფუძნებული, არამედ მცნებების განზოგადების უნარზე, რაც მხოლოდ ადამიანისთვისაა შესაძლებელი.

კომუნიზმის პერიოდი

რედაქტირება

პავლოვის რთული ურთიერთობა ჰქონდა კომუნისტებთან და საბჭოთა მთავრობასთან. რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ დაძაბულ პერიოდში, 1922 წელს მეცნიერმა ვლადიმირ ლენინს სთხოვა ნებართვა მისი ლაბორატორია საზღვარგარეთ გადაეტანა. ლენინმა უარით უპასუხა და განუცხადა, რომ რუსეთს პავლოვის მსგავსი მეცნიერები სჭირდებოდა და საკვების ის ნორმა შესთავაზა, რაც გამოჩენილ რევოლუციონერებს ჰქონდათ გამოყოფილი. რუსეთში იმ პერიოდში შიმშილი მძვინვარებდა. მიუხედავად ამისა, პავლოვმა საკვების მისდამი დათმობილ წილზე უარი განაცხადა თუ იგივე პრივილეგიაზე მის ყველა თანამშრომელზე არ გავრცელდებოდა. მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობისა, პავლოვი დაუფარავად აკრიტიკებდა ახალ რეჟიმს. 1923 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიდან დაბრუნებილმა პავლოვმა საჯაროდ დაგმო კომუნიზმი და განაცხადა, რომ ინტერნაციონალური მარქსიზმის საფუძვლები ყალბი იყო. 1924 წელს, როდესაც ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიიდან სასულიერო წოდების ოჯახების წარმომადგენლები გარიცხეს, პროტესტის ნიშნად პავლოვი ფიზიოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობიდან გადადგა.

1927 წელს პავლოვმა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში ე.წ. წითელი პროფესორების დანიშვნასთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი მისწერა სტალინს და რუსეთის ინტელიგენციის განადგურებაში დაადანაშაულა. იმავე წლებში თავის ლაბორატორიაში არ მიიღო საბჭოთა კავშირის განათლების კომისარი ნიკოლაი ბუხარინი (მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიას სწორედ ბუხარინის უწყება აფინანსებდა). სიცოცხლის ბოლო წლებში პავლოვმა თანდათან შეწყვიტა საბჭოთა რეჟიმთან აქტიური დაპირისპირება და უფრო შემრიგებლური პოზიცია დაიკავა ხელისუფლების მიმართ.

პიროვნული თვისებები

რედაქტირება

პიროვნულად პავლოვი იყო უაღრესად პუნქტუალური ადამიანი; რევოლუციის დღეებშიც კი დროულად მიდიოდა ლაბორატორიაში და საყვედურობდა დაგვიანებულებს. იყო გაბედული, არაკონფორმისტი მეცნიერებასა და პირად ცხოვრებაში. პავლოვი მეცნიერული აგნოსტიციზმის მიმდევარი იყო, თუმცა რელიგიას სასარგებლო მოვლენად თვლიდა; ამბობდა, რომ არავისი შურდა, გარდა მისი ღრმადმორწმუნე მეუღლისა.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

პავლოვის წარმატების საფუძველი სამეცნიერო ექსპერიმენტის მიმართ მისი მიდგომა იყო: საკვლევ საგანს ის ნორმალურ, ჯანმრთელ ცხოველში აკვირდებოდა ბუნებრივ გარემო პირობებში ხანგრძლივი დროის მანძილზე. პავლოვს რთული სამეცნიერო ამოცანა ექსპერიმენტის მარტივ პირობებამდე დაჰყავდა, რამაც განაპირობა პირობითი რეფლექსის იდეის წარმატებით ფორმულირება. ამავდროულად, პავლოვი აღიარებდა, რომ ასეთი მიდგომა არ ითვალისწინებდა სუბიექტურ (ფსიქიკურ) კომპონენტს, მაგრამ თვლიდა, რომ გონებრივი ფენომენების მეცნიერული შესწავლა შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი გაზომვად ფიზიოლოგიურ სიდიდეებამდე დაყვანით.

მიუხედავად სამეცნიერო ღვაწლისა და აკადემიური რეპუტაციისა, პავლოვის მიდგომები უნაკლო არ ყოფილა. ის აღიარებდა სუბიექტურის განსაკუთრებულობას და სამეცნიერო მეთოდებისგან მის დამოუკიდებლობას, მაგრამ არ მოუცია ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის - სუბიექტურისა და მატერიალური სფეროების - მკაცრი განსაზღვრა და გამიჯვნა. კლინიკურ რეალობაში პავლოვი კრიტიკის გარეშე იღებდა შიზოფრენიისა და პარანოიის შესახებ დამკვიდრებულ ფსიქიატრიულ შეხედულებებს და უმაღლესი გონებრივი მოქმედებების მიმართ მართებულად თვლიდა ისეთ კონცეფციებს, როგორიცაა ინდუქცია და ირადიაცია. ბევრი თანამედროვე ფსიქიატრი პრობლემის ამგვარ ახსნას არასრულყოფილად მიიჩნევს.

პავლოვს რუსეთის საზღვრებს გარეთ ბევრი მოწაფე არ ჰყოლია. ექსპერიმენტურლ ფიზიოლოგიაში ნორმალურ, ჯანმრთელ, არაანესთეზირებულ ცხოველზე ხანგრძლივი დაკვირვების მისეული მეთოდი ფართოდ ვერ გავრცელდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აკადემიკოსი ივანე პავლოვი : ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა / გ. ვ. ხვედელიძე. თბილისი : სახელგამი, 1951.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  2. 2.0 2.1 2.2 Olomouc City Library regional database
  3. 3.0 3.1 3.2 Павлов Иван Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. W. Horsley Gantt Encyclopædia Britannica
  6. SNAC — 2010.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. Académie nationale de médecine
  10. Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  11. 11.0 11.1 The Fine Art Archive — 2003.
  12. 12.0 12.1 12.2 Тодес Д. «Что есть самое трудное, самое страшное в человеческой жизни?»: Правильность и Случайность в жизни и работе И.П. Павлова, What is the Most Difficult, the Most Terrible in Human Life?”: Lawfulness and Chance in I.P. Pavlov’s Life and Work // Историко-биологические исследования — 2018. — Т. 10, вып. 1. — С. 23–41. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  13. 13.0 13.1 13.2 Марков А. Г. Направления научных исследований И.М. Сеченова: количественный анализ частоты встречаемости терминов в заглавии статей, Areas of I.M. Sechenov’s research: a quantitative analysis of term frequency in the titles of articles // Историко-биологические исследования — 2020. — Т. 12, вып. 1. — С. 85–94. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24411/2076-8176-2020-11003
  14. Наточин Ю. В. История организации и становления Института эволюционной физиологии и биохимии им. И.М. Сеченова РАН, The History of the Organisation and Development of the Sechenov Institute of Evolutionary Physiology and Biochemistry of the Russian Academy of Sciences // Историко-биологические исследования — 2023. — Т. 15, вып. 3. — С. 77–100. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  15. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1904Nobel Foundation.
  16. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  17. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  18. Манойленко К. В. Награды имени академика К.М. Бэра: история основания, значение, Awards Named for the Academician Karl von Baer: A History of Their Foundation and Significance // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 1. — С. 26–47. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  19. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 274.
  20. Liste des docteurs honoris causa de l'Université de Paris de 1918 à 1933 inclus — 1934. — Vol. 9, გამ. 1. — P. 90–95. — ISSN 0041-9176