პავლე კვარაცხელია
პავლე დიმიტრის ძე კვარაცხელია (ფსევდონიმი: „ნაური“ ; დ. 20 ივლისი, 1883, ნაა — გ. 12 ნოემბერი, 1973, ფორტ-ლოდერდეილი (აშშ)) — ქართველი აგრონომი, პუბლიცისტი, ემიგრანტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპავლე კვარაცხელია 1883 წლის 20 ივლისს დაიბადა აფხაზეთში, კოდორის ნაპირთან მდებარე სოფელ ნააში. მისი მშობლები იყვნენ დიმიტრი კვარაცხელია და მატრონა ჯოლოხავა. ოთხი დედმამიშვილიდან პავლე იყო უფროსი. 1900 წელს მშობლებმა იგი გორის საოსტატო სემინარიაში მიაბარეს, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ნიკო ლომოური ასწავლიდა. 1904 წელს პავლემ სკოლა დაამთავრა და ექვსი წელი ოჩამჩირის სკოლაში ქართული ენის პედაგოგად იმუშავა.
1913 წელს პავლე კვარაცხელიამ სწავლა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა, რომლის დამთავრებაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ მოახერხა. საქართველოში დაბრუნებულმა აგროკულტურის შესწავლას მიჰყო ხელი თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.
მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროში. 1918 წელს მოხვდა იმ 84 ახალგაზრდას შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ გაუშვა სასწავლებლად. 1920 წელს პავლე კვარაცხელია ჯერ ლონდონში, შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და ქალაქ ითაკის კორნელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ 84 სტუდენტიდან ერთადერთი იყო, ვინც ბოლშევიკებს უარი უთხრა სტიპენდიაზე.
პავლემ წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და 1923 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი აგროკულტურისა და მცენარეთა დაცვის დარგში. მუშაობდა ტომპსონის სახელობის მცენარეთა კვლევის ინსტიტუტში. დაიცვა მაგისტრის, შემდეგ დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ინსტიტუტშიც და კორნელის უნივერსიტეტშიც ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
პავლემ კორნელის უნივერსიტეტში გაიცნო მომავალი მეუღლე თამარ ჯორჯიკია, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი იყო მწერალ და პედაგოგ ჯაჯუ ჯორჯიკიას ბიძაშვილი. თამარი მშობლებთან ერთად ხარბინში ცხოვრობდა, მერე ამერიკაში სან-ფრანცისკოში გადასახლდნენ, საბოლოოდ კი ნიუ-იორკში დასახლდნენ.
თამარი და პავლე 1923 წელს დაქორწინდნენ. 1924 წელს შეეძინათ ქალიშვილი ნინო, 1926 წლეს კი – ელისაბედი (ბეტი). ბავშვების გამო თამარმა ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძელება. კვარაცხელიებმა სახლი შეიძინეს ნიუ-იორკთან ახლოს, ქალაქ იანკერსში, სადაც ტომპსონის ინსტიტუტი მდებარეობდა.
1930-იანი წლების დასაწყისში პავლე მეუღლესთან, გიორგი მაჩაბელთან, ასლან ყრუაშვილთან, ვასილ დუმბაძესთან და სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად იყო აშშ-ში ქართული სათვისტომოს დაარსების ორგანიზატორი. სათვისტომოს საზეიმოდ კურთხევა 1932 წლის 31 იანვარს კვარაცხელიების სახლში მოხდა. 1932 წლის 24 აპრილს ქართული ასოციაციის პირველ კრებაზე სათვისტომოს თავმჯდომარედ პავლე კვარაცხელია აირჩიეს. პავლე სათვისტომოს გარდა სხვა მხრივაც ეწეოდა აქტიურ ქართულ საქმიანობას. თანამშრომლობდა ემიგრაციულ პრესასთან –"დამოუკიდებელი საქართველო", "კავკასიონი". წერდა სტატიებს და კორესპონდენციებს ფსევდონიმით – "ნაური". ოჯახთან ერთად მონაწილეობდა ყველა ქართულ ღონისძიებაში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ამერიკაში ანტისაბჭოთა ტენდენციები გააქტიურდა, პავლე კვარაცხელია აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი იყო 1950 წელს დაარსებული „ქართველ-ამერიკელთა ლიგის“ ვიცე თავმჯდომარე, ლიგის ოფიციალური ორგანოების, ჟურნალების – „ცნობის ფურცელი“ და „ჩვენი გზა“ – სარედაქციო კოლეგიის წევრი.
1950-იანი წლების დასაწყისში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პავლე კვარაცხელია პენსიაზე გავიდა, ინსტიტუტმა დიდი პატივისცემითა და ჯილდოებით გააცილა. პენსიაზე გასვლის შემდეგ კვარაცხელიების ოჯახი ფლორიდის სამხრეთ სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ ფორტ ლაუდერდელში გადასახლდა.
1972 წელს 12 ნოემბერს პავლე კვარაცხელია გარდაიცვალა. კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი ოკეანის თავზე გაფანტეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დაუშვილი, რუსუდან. პავლე კვარაცხელია - ამერიკაში ქართული სათვისტომოს დაარსებელი // ბარათები ჩვენი სანაპიროდან : იალქანი-25. - თბილისი : სამშობლო, 2021. გვ. 137-138
- ქართველები უცხოეთში = Georgians abroad. წ. 1. - თბილისი, 2012. - გვ.119.