ჩანდრა მოჰან ჯაინი (ჰინ. चन्द्र मोहन जैन), აგრეთვე ცნობილი როგორც აჩარია რაჯნიში, ბჰაგვან შრი რაჯნიში ან ოშო (დ. 11 დეკემბერი, 1931, მადჰია-პრადეში, ინდოეთი — გ. 19 იანვარი, 1990, მაჰარაშტრა, ინდოეთი) — ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.

ოშო (რაჯნიში)

ოშო საკუთარი მანქანის მართვის დროს
მშობლიური სახელი रजनीश चन्द्र मोहन जैन
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1931
გარდაცვალების თარიღი 19 იანვარი, 1990
ეროვნება ინდოელი
საიტი (http://www.osho.com/)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩანდრა მოჰან ჯაინი დაიბადა 1931 წლის 11 დეკემბერს სოფელ კუშადვეში (მადია პრადეშის შტატი, ინდოეთი) ღარიბი ქსოვილებით მოვაჭრის ოჯახში. მისი მამა ჯანაიზმის მიმდევარი იყო. იგი შვიდი წლის ასაკამდე ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, სადაც აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. მისი ბავშვობის მეტსახელი იყო რაჯნიში, რაც მან შემდგომში სასულიერო სახელად აირჩია. ბაბუის სიკვდილის შემდეგ ის ბებიასთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან დაბრუნდა (სხვათა შორის რაჯნიშის ბებია სიკვდილამდე თავს შვილიშვილის მოწაფედ თვლიდა). 14 წლის ასაკიდან რაჯნიში უკვე იწყებს მედიტაციებს და ცხოვრების არსის ძიებას.

1957 წელს მან წარმატებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და მიიღო ფილოსოფიის მაგისტრის წოდება, ხოლო 1966 წელს კი პროფესორის წოდება.

60-იანი წლებიდან ის აჩარია (მასწავლებელი) რაჯნიშის სახელით იწყებს მოგზაურობას მთელი ინდოეთის მასშტაბით — ქადაგებს, ქმნის ბანაკებს, სადაც ეწყობა კოლექტიური მედიტაციები, ლოცვები, რელიგიური თვითჩაღრმავებები.

1970 წელს რაჯნიში ქალაქ ბომბეიში (ამჟ. მუმბაი) აარსებს მედიტაციურ ბანაკს, ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი მეგობრები აარსებენ ფონდს, სადაც ხდება შემოწირულობების შეგროვება. რაჯნიშის გარშემო ბევრი ინტელექტუალი იყო — სხვადასხვა ეზოთერული მოძღვრების მიმდევრები, მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები. ბევრმა მათგანმა შემდგომში რაჯნიშთან მიღებული იმპულსი საკუთარ შემოქმედებაში გამოიყენა, მაგალითად, ცნობილი გერმანელი მუსიკოსი კარუნეში. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო რაჯნიშის მოძღვრების ინდოეთის ფარგლებს გარეთ სწრაფად გავრცელებას (ამერიკა, ევროპა, იაპონია და ა. შ.). სწორედ ამ პერიოდიდან ის მოღვაწეობას აგრძელებს, როგორც ბჰაგვან შრი რაჯნიში, რაც უფალ რაჯნიშს ნიშნავს.

1974 წელს ქალაქ პუნაში რაჯნიშმა გახსნა აშრამი (სანსკ. განმარტოვება, განდეგილობა, ადგილი, სადაც განმარტოვება ხდება). რაჯნიში მთელი დღე განმარტოვებული იყო და თავისი ოთახიდან მხოლოდ დილით, ლექციის წასაკითხად და საღამოს, ინდივიდუალური საუბრებისთვის გამოდიოდა. მალე ქალაქ პუნაში, აშრამის გარშემო გაჩნდა ახალი დასახლებები, რადგან აქ ჩამოსული ხალხი უკან აღარ მიდიოდა, ხოლო რაჯნიშის მიმდევრები ელვის სისწრაფით იზრდებოდა. მისი ქადაგებები ადამიანს საშუალებას აძლევდა განეცადა სულიერი ტრანსფორმაცია, თვითჩაღრმავება და მიეღო რთულ კითხვებზე პასუხი. ამ პერიოდისთვის მთელი მსოფლიო მასშტაბით ქალაქი პუნა, უფრო სწორედ კი რაჯნიშის აშრამი „ჭეშმარიტების მაძიებელთათვის“ ნამდვილი მექა იყო. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მორაჯი დესაი, რომელიც დოგმატური ინდუისტი იყო, ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა რაჯნიშის მოძღვრების პოპულარიზაციისთვისა და გავრცელებისთვის, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ადგილობრივ რელიგიასთან — ინდუიზმთან (და არა მხოლოდ ინდუიზმთან). მიუხედავად თითქმის ყველა „ოფიციალური“ რელიგიის წინააღმდეგობებისა, რაჯნიშის მიმდევართა რიცხვმა მალე რამდენიმე მილიონს გადააჭარბა, ხოლო პუნაში მათი რიცხვი თითქმის მეოთხედი მილიონი იყო.

1980 წელს რაჯნიშს ლექციის კითხვისას თავს ფანატიკოსი ინდუისტი დაესხა და დანით დაჭრა. 1981 წელს ის ოპერაციისთვის აშშ-ში გადააფრინეს, ამ პერიოდიდან რაჯნიშმა თავის თავს ოშო (ოკეანისებური) უწოდა. ამავე პერიოდში ორეგონში ოშოს მიდევრებმა იყიდეს მიწა, სადაც დააარსეს აშრამი. ამ ადგილას ოშოს მიმდევრებმა დასახლება დაიწყეს და ძალიან მალე აქ ქალაქის ტიპის დასახლება (კომუნა) გაჩნდა. ამერიკის ხელისუფლება საგონებელში ჩავარდა. მით უმეტეს, რომ 1985 წელს ოშო საკუთარმა პირადმა მდივანმა დატოვა და ამის გამო ამ კომუნაში მთელი რიგი არაკანონიერი საქმიანობები გამჟღავნდა. ოშო დააპატიმრეს და ამერიკიდან გააძევეს. ის იძულებული გახდა წასულიყო ნეპალში და აქედან იწყება მისი იძულებითი მოგზაურობები, რადგან მისი მიღება არცერთ ქვეყანას არ სურდა. ნეპალი, საბერძნეთი, ინდოეთი, შვეიცარია, შვედეთი, ინგლისი, ირლანდია, ურუგვაი, იამაიკა, ესპანეთი, პორტუგალია — ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ოშომ დაჰყო რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. მას აეროპორტში ხვდებოდა პოლიცია და თვითმფრინავის ბილეთი, სადაც მას სხვა ქვეყანაში უხდებოდა გაფრენა. მთლიანობაში დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ოშომ გამოიცვალა თერთმეტი ქვეყანა, ხოლო ათმა საერთოდ უარი უთხრა მიღებაზე.

ოშო იძულებული გახდა ისევ ინდოეთში, პუნაში დაბრუნებულიყო. 1987 წელს ფანატიკოსმა ინდუსმა ოშო დანით დაჭრა, ეს იყო იგივე პიროვნება, რომელმაც 1980 წელს ოშოს დანა დაარტყა. მის სახლს დღედაღამ პოლიცია იცავდა. ხოლო პუნაში ისევ ახლიდან დაიწყო ოშოს მიმდევრების დასახლება. ოშო 1990 წლის 19 იანვარს, ქალაქ პუნაში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მისმა მოწაფეები იწერდნენ მის საუბრებს, რომლებიც შემდგომში წიგნებად გამოიცემოდა და საერთო რიცხვი ასეულობითაა. ოშო უდავოდ შედის იმ ადამიანების რიცხვში, რომლებმაც თავისი აზროვნებით მსოფლიოზე უდიდესი გავლენა მოახდინეს, ის შეიძლება დავაყენოთ ისეთი ადამიანების გვერდით, როგორებიცაა ელენა ბლავტსკაია, რუდოლფ შტაინერი, გიორგი გურჯიევი, პეტრე უსპენსკი, ჯუდი კრიშნამურტი, სვამი ვივეკანანდა და ა. შ.

21 წლის ასაკში მიაღწია ყოფიერების ტრანსცენდენტურ მდგომარეობას — გასხივოსნდა. ის ამბობს: „მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ“. იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა: „პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება“. ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: „ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჟს ახალი დაბადებისკენ“. ოშო ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამიანური ყოფის ყველანაირ ასპექტზე: მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე. იგი მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი ავტორია: 650 წიგნი, რომელიც მსოფლიოს 55 ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ოშოს სამედიტაციო ცენტრები. ოშომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა სადაც ის ატარებდა ე.წ. საუბრებს, იგი თავის სწავლებას ეძახდა საუბარს, რადგან სიტყვა ლექცია მკაცრ დირექტიულ გამიჯვნას გულისხმობს ლექტორსა და მსმენელებს შორის, ოშომ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას მიუძღვნა.

ოშოს ფილოსოფია

რედაქტირება

ოშოს მიხედვით, ცხოვრების უმაღლესი ფასეულობები შეგნებულობა, სიყვარული, მედიტაცია (პირდაპირი და ფართო გაგებით), უქმად ყოფნის უნარი, დღესასწაულობა, შემოქმედებითობა და მხიარულებაა. მისი თქმით გასხივოსნებულობა ყოველი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ადამიანთა უმეტესობა შინაგანად იმდენადაა დაბნეული, რომ მათ არ ძალუძთ ეს. მეტიც ისინი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და ხდებიან უფრო პათოლოგიურები. ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცხოვრებაში, მაგრამ არა მეტი ბედნიერებისთვის, არამედ მეტი დამოკიდებულებისთვის. სოციალური მოლოდინები, რომლებიც საბოლოოდ იმედგაცრუებებად გადაიქცა წაშლის ყოველგვარ შანსს, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავისი შეგნების მწვერვალს. ცნობილია ოშოს იგავები, ბრძნული ფრაზები, ანეკდოტები და მის მიერ შემუშავებული მედიტაციური ტექნიკები.

ოშოს კრიტიკა

რედაქტირება

ოშოს მოწაფეთა მიერ გამოქვეყნებულ წიგნში „ახალი ადამიანის უფლებანი“ (1994) კრიტიკოსები ხაზს უსვამენ მის ფაშისტურ მსოფლმხედველობას, სადაც იგი ქადაგებს დედამიწის მოსახლეობის შემცირებაზე და ამის განხორციელების გზებზე. მისი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ აბორტებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებით, არამედ ჰიტლერული ევტანაზიის მეთოდითაც, ანუ ავადმყოფ, ინვალიდ ბავშთა და მოზრდილთა ფიზიკური ლიკვიდირებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოშო&oldid=4448546“-დან