ოროჯოლარის ეკლესია

ოროჯოლარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯოლარში.

ოროჯოლარის მონოფიზიტური ტაძარი სოფელში დაბალი გალავნით შემოზღუდულ ველზე დგას. აგებულია სხვადასხვა ზომის ტუფის ქვით. წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, რომელიც ხის თაღნარით სამ ნავადაა გატიხრული. გადახურვა კოჭოვანია. კედლებში მეორადი გამოყენებით ჩატანებულია შუა საუკუნეების საფლავის ქვები და ტოლკმლავა ჯვრის რელიეფი. აღმოსავლეთის ფასადში სარკმლის ქვეშ ჩადგმულია ადრეშუა საუკუნეების სტელის სვეტი წიწვისებური ორნამენტით. ტაძრის აღმოსავლეთ კედელში ჩადგმული იყო დიდი ბარელიეფი ანგელოზისა და ქტიტორის გამოსახულებით, რომელიც ამჟამად ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალშია დაცული. ბარელიეფი X საუკუნით თარიღდება. გამოსახულებებს ახლავს დაქარაგმებული წარწერები: "დრნგ", "მჴეცი", "დლკ", "სიმონ"; სავედრებელი წარწერა: "ქრისტე შეიწყალე მჴეცი". ტაძარი განათებული იყო ფართო, თაღოვანი და სწორკუთხა სარკმლებით. საკურთხეველი ნახევარწრიული და აწეულია. გვერდით დამხმარე ოთახები არ აქვს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16881