ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი — მუზეუმ-ნაკრძალი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ვარძიასა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე.

ვარძია. საერთო ხედი.

შეიქმნა 1938 წელს საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებით ამ სახელწოდებით, ხოლო 1981 წელს მას ეწოდა ხელოვნების, ისტორიის და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი „ვარძია“. 2004 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო. 2008 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მუზეუმ-ნაკრძალი გადავიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში და ეწოდა ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი.

მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. მისი საერთო ფართობია 40 054 მ².

მუზეუმ-ნაკრძალი შედგება XII საუკუნის ვარძიის კლდეში ნაკვეთი ისტორიული არქიტექტურული გამოქვაბულთა კომპლექსისა და უფრო ადრინდელი ხანის (X–XII საუკუნეები) ანანაურის ძეგლისაგან. მრავალსართულად (13 სართული) გამოკვეთილი კომპლექსი (ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, თავდაცვითი და საირიგაციო ნაგებობები, მონაზონთა სენაკები და სხვ.) ძირითადად შეიქმნა 1156–1203 წლებში, ეკურთხა 1185 წელს თამარის მეფობის ხანაში (1184–1213). ვარძიის მრავალსათავსიანი პალატებისა (120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსი, 25 მარანი 185 ქვევრით და სხვ.) და ანსამბლის სხვა ელემენტების (სენაკები, სამრეკლო, სატრაპეზო და სხვ.) აგება XIII–XIV საუკუნეებში დასრულდა.

2010 წლის 1 იანვრისათვის კომპლექსში შედიოდა: 242 გამოქვაბული, „სადარბაზო“ მცირე ეკლესიით, თამარის სენაკი, სათათბირო ოთახი, სატრაპეზო, სალხინო მარნით, აფთიაქი, წყალსადენის ტრასა, თავდაცვითი ნაგებობები (საგანგებო სამალავები, საიდუმლო გვირაბები), XIII საუკუნის სამრეკლო და მთავარი ეკლესიის კარიბჭე, ანანაურის ეკლესია XIII–XV საუკუნეების მოხატულობით, „ლიტანიის ეკლესია“ (სულ 15 ეკლესია); განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184–1203), სადაც მაცხოვრის ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები. მუზეუმ-ნაკრძალი ზედამხედველობას ახორციელებს, სწავლობს და პოპულარიზაციას უწევს მის სამოქმედო ზონაში განლაგებულ ისტორიულ, არქიტექტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება