ანანაური (ვარძია)
ანანაური — კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრული კომპლექსი, „კლდის სოფელი“ საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს ვარძიის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. უჭირავს დიდი ტერიტორია. გამოქვაბული კომპლექსის გარდა მოიცავს ბაღებისა და ვენახებისთვის მოწყობილ ტერასებს, საერთო დანიშნულების კლდეში ნაკვეთ საცხოვრებლებს. მათ შორისაა ორსართულიანი სახლი თავისი ბოსლით, კლდის ლოდში გამოკვეთილი საწნახლითა და წყალსაცავით. სოფლის მთავარი ნაგებობა კლდეში გამოკვეთილი X–XII საუკუნეების ეკლესიაა, რომელიც ზემო ტერასაზე მდებარეობს. ეკლესიას წინ ეგვტერი აქვს. ეკლესიის მოხატულობა პალეოლოგოსთა ხანას მიეკუთვნება და XV საუკუნეშია შესრულებული, ეგვტერისა — XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე. ტაძრის გაწმენდის შემდეგ ეკლესიაში აღმოჩნდა უფრო ძველი მოხატულობის კვალი, რომელიც, შესაძლებელია, ეგვტერის მოხატულობის თანადროული ან უფრო ადრინდელიც იყოს. სახელწოდება „ანანაური“ ახლა მხოლოდ ეკლესიას შერჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
- კლდიაშვილი ა., ვარძიის ანანურის ეკლესიისა და მიმდებარე დასავლეთის სათავსის მოხატულობათა შედარება, «ძეგლის მეგობარი», 1986, № 3.
- Гаприндашвили Г. М., Вардзиа, Л., 1975.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8236