ოროვანდი

მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა

ოროვანდი[1] (ლათ. Arctium) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ღერო სწორმდგომია, სიმაღლე 1–3 მეტრამდე, უხვად დატოტვილი, სქელი ხორცოვანი ფესვით. ფოთლები დიდია, მორიგეობით განლაგებული. ყვავილები იისფერ-მეწამული, შეკრებილია ბურთისებრ კალათებში, საბურველის ფოთოლაკები კაუჭისებურადაა წამახვილებული და ადვილად ეკვრება სხვადასხვა ზედაპირს; ბურთისებრი კალათები შეკრებილია საერთო ფარისებრ ყვავილედში. ცნობილია 10-მდე სახეობა. ჩვეულებრივ, რუდერული და სარეველა მცენარეებია. გავრცელებული არიან ევრაზიისა და აფრიკის (განსაკუთრებით ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების) ზომიერად თბილ და სუბტროპიკულ ოლქებში; რიგი სახეობები შეტანილია სხვა არატროპიკულ ქვეყნებში, სადაც ველურ ბუნებაში გავრცელდნენ. ოროვანდი გვხვდება მთების ტყიან ფერდობებზე, მდინარეთა ხეობებში, ნაკადულების ნაპირებზე, ნათესებში, ანეულებში, ნაგვიან ადგილებში, საცხოვრებელთან ახლოს, გზების გასწვრივ, ბაღებში. ყველაზე მეტად ცნობილია აბლაბუდისებრი (A. tomentosum) და დიდი ოროვანდი (A. lappa). ყველა სახეობა ადვილად წარმოქმნის ჰიბრიდებს, კარგი თაფლოვანი მცენარეებია და საკმაოდ ძველი დროიდან სამკურნალო მცენარეებად იყენებენ ხალხურ მედიცინაში. ფესვები შეიცავს ინულინს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მისი ნაყენი თმების გამაგრებისათვის გარეგანი მოხმარების საშუალებაა; წყლიანი ნაყენი და ნახარში გამოირჩევა თმის ცვენის საწინააღმდეგო, შარდ- და ოფლსადენი მოქმედებით. ოროვანდის ახალგაზრდა ფესვები და ყლორტები საკვებად ვარგისია.[2]

ოროვანდი

დიდი ოროვანდი (Arctium lappa)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ოროვანდი
ლათინური სახელი
Arctium L., 1753
  1. burdock — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Чернева О. В. Лопух // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 36.