ოთარ ხატიაშვილი
ოთარ გიორგის ძე ხატიაშვილი (დ. 26 აპრილი, 1928, სიღნაღი, საქართველოს სსრ — გ. მაისი, 2007, თბილისი, საქართველო) — ქართველი საბჭოთა სამხედრო და პარტიული მოღვაწე. გენერალ-მაიორი. საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (1991).
ოთარ ხატიაშვილი | |
საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
იანვარი, 1991 – 23 აგვისტო, 1991 | |
წინამორბედი | ტარიელ ლორთქიფანიძე |
მემკვიდრე | კომიტეტი გაუქმდა |
დაბადებული | 26 აპრილი, 1928 სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | მაისი, 2007 თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოთარ ხატიაშვილი დაიბადა 1928 წლის 26 აპრილს ქ. სიღნაღში. 1948-1954 წლებში სწავლობდა საქართველოს ს. მ. კიროვის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით დაამთავრა. სკკპ წევრი იყო 1957 წლის აპრილიდან. 1954-1956 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის კამოს სახელობის საჩამოსხმო მექანიკურ ქარხანაში ტექნიკური კონტროლის ოსტატად, სამჭედლო თერმიული საამქროს უფროს ოსტატად და ქარხნის მთავარ მექანიკოსად. 1956 წლიდან 1962 წლის აგვისტომდე მუშაობდა კვებისა და მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში პირველი კატეგორიის ინჟინრად, განყოფილების უფროსად და დირექტორის მოადგილედ. 1962 წლის 7 აგვისტოდან 26 დეკემბრამდე იყო საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი, 1962 წლის დეკემბრიდან 1963 წლის ოქტომბრამდე — საქართველოს სსრ საყოფაცხოვრებო მომსახურების მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი, 1963 წლის 30 სექტემბრიდან 1964 წლის 1 დეკემბრამდე — საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სამრეწველო-სატრანსპორტო განყოფილების ინსტრუქტორი.
1964 წლიდან ო. ხატიაშვილი სამუშაოდ უშიშროების ორგანოებში გადავიდა. 1964 წლის დეკემბრიდან 1966 წლის ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1966 წლის 15 დეკემბრიდან 1969 წლის 15 ოქტომბრამდე — სუკ-ის თავმჯდომარის თანაშემწედ კადრების დარგში, 1969 წლის 15 ოქტომბრიდან 1976 წლის 14 სექტემბრამდე — სუკ-ის თავმჯდომარის მოადგილედ კადრების დარგში. 1976 წლის დეკემბრიდან 1979 წლის აგვისტომდე იყო საბჭოთა კავშირის სუკ-ის კამჩატკის საოლქო სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1979 წლის 21 აგვისტოდან 1982 წლის 9 მარტამდე — აჭარის ასსრ სუკის თავმჯდომარე, 1982 წლის 9 მარტიდან 1989 წლის 1 აგვისტომდე — საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე ოპერატიულ დარგში, რის შემდეგაც დატოვა უშიშროების ორგანოები. 1989 წლის 13 ივლისიდან 1990 წლის 25 მარტამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტში სამმართველოს უფროსად. 1990 წლის 25 მარტიდან მუშაობა დაიწყო საბჭოთა კავშირი-იტალიის ერთობლივი საწარმო „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ კადრების დარგში. 1991 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. ამ თანამდებობაზე 1991 წლის 23 აგვისტომდე იმუშავა. 1991 წლიდან გარდაცვალებამდე დასაქმებული იყო კერძო ბიზნესში.
გადაღებულია ქართულ მხატვრულ ფილმებში:
- „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ (ლადო, 1959 წ.),
- „გლახის ნაამბობი“ (დათიკო, 1961 წ.).
საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულებით დაჯილდოვდა „საპატიო ნიშნის“ ორდენით. 1983 წელს მიენიჭა უშიშროების გენერალ-მაიორის წოდება. 1987 წელს დაჯილდოვდა წითელი ვარსკვლავის ორდენით, 1988 წლის 28 აპრილს კი — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. 1980 წლის 24 თებერვალს აირჩიეს აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ამავე წლის 17 დეკემბერს, აჭარის პარტკონფერენციაზე არჩეულ იქნა საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრად.
ოთარ ხატიაშვილი გარდაიცვალა 2007 წლის მაისში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 119-120, ISBN 978-9941-0-5532-4.