ოზონის შრე

(გადამისამართდა გვერდიდან ოზონის ფენა)

ოზონის შრე[1]დედამიწის ატმოსფეროს ნაწილი, სადაც ექსპერიმენტული მეთოდით შესაძლებელი ხდება ოზონის დადგენა. იკავებს სივრცეს დედამიწის ზედაპირიდან და ვრცელდება ზღვის დონიდან 70–80 კმ-მდე. უფრო ვიწრო გაგებით, ოზონის შრეს ან ოზონოსფეროს უწოდებენ მთლიანად სტრატოსფეროს ან მის ფენას 20-იდან 30 კმ-მდე, სადაც წარმოდგენილია ოზონის ყველაზე დიდი რაოდენობა. ოზონის შრე წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს დედამიწას და მთელ ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. შეშფოთება ოზონის შრის გათხელების თაობაზე მეცნიერებმა პირველად XX საუკუნის 70-იან წლებში გამოთქვეს. ოზონის შრის დაშლის ყველაზე თვალსაჩინო ფაქტია ეგრეთ წოდებული ოზონის ხვრელი.[2]

ოზონ-ჟანგბადის ციკლი ოზონის შრეში
NASA-ს სტრატოსფერული ოზონის კონცენტრაციის პროექცია თუკი არ იქნება აკრძალული ქლორ-ფთორ-ნახშირბადები

თუკი მთელ ატმოსფეროში შენარჩუნდებოდა ნორმალური პირობები და შესაძლებელი იქნებოდა მისი დაყოფა შრეებად, რომელთაგან თითოეული იქნებოდა მხოლოდ ერთი აირის შემცველი, მაშინ მთელი ატმოსფერო დაიკავებდა დაახლოებით 8 კმ სისქის შრეს, ხოლო ოზონის შრის სისქე დაახლოებით 3 მმ იქნებოდა. ამ ჰიპოთეტური ოზონის შრის სისქე კონკრეტულ ადგილზე განსაზღვრავს ოზონის შრის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს, — ოზონის საერთო შემცველობას, რომელიც დობსონის ერთეულებში იზომება და რომელსაც სახელი ეწოდა ბრიტანელი ფიზიკოსისა და მეტეოროლოგის გორდონ მილერ ბორნ დობსონის პატივსაცემად.

დობსონის ერთეული წარმოადგენს ოზონის მოლეკულების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა 0,01 მილიმეტრი სისქის სუფთა ოზონის შრის წარმოსაქმნელად 0 გრადუს ცელსიუსსა და 1 ატმოსფერო ჰაერის წნევის პირობებში.[3] მოყვანილი ოზონის შრის 3 მმ-იანი სისქე შეესაბამება დობსონის 300 ერთეულს. ეკვატორიდან დაცილებისას ოზონის საერთო შემცველობა ჩვეულებრივ იზრდება; ოზონის მაქსიმალური საერთო შემცველობა შეინიშნება გაზაფხულის დასაწყისში, მინიმალური — შემოდგომაზე. ეს დამოკიდებულება არამტკიცეა ანტარქიდისთვის. ოზონის საერთო შემცველობა შეიძლება იცვლებოდეს დობსონის 80 ერთეულიდან (ანტარქტიდაზე გაზაფხულის ოზონურ ანომალიამდე) დობსონის 650 ერთეულამდე (შორეულ აღმოსავლეთზე ზამთრის ბოლოდან — გაზაფხულის დასაწყისამდე). ატმოსფერული ოზონის ძირითადი ნაწილი მდებარეობს სტრატოსფეროში, 1 %-ზე ნაკლები მეზოსფეროში, 10–15 % ტროპოსფეროში. ატმოსფეროში ოზონის მოლეკულები მუდმივად გადაადგილდებიან. ატმოსფეროში ოზონის მთავარი წყაროა ზედა სტრატოსფერო, სადაც იგი წარმოიქმნება მოლეკულური ჟანგბადისაგან მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება