კენძაბურო ოე

(გადამისამართდა გვერდიდან ოე, კენძაბურო)

კენძაბურო ოე (大江 健三郎; დ. 31 იანვარი, 1935 — გ. 3 მარტი, 2023) — იაპონელი მწერალი, თანამედროვე იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა. მისი რომანები, მოთხრობები და ესეები, რომლებიც ფრანგული და ამერიკული ლიტერატურის ძლიერ გავლენას განიცდის, შეეხება ისეთ პოლიტიკურ, სოციალურ და ფილოსოფიურ საკითხებს, როგორიცაა ბირთვული იარაღი, სოციალური უთანხმოება და ეგზისტენციალიზმი. 1994 წელს მწერალს გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში „წარმოსახვითი სამყაროს შექმნისთვის, სადაც რეალურისა და გამონაგონის სინთეზი ოსტატურად გადმოგვცემს თანამედროვე სამყაროს ადამიანთა გაურკვეველ ყოფას“.[16]

კენძაბურო ოე
იაპონ. 大江 健三郎
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1935(1935-01-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი Ōse, ეჰიმეს პრეფექტურა, იაპონიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 3 მარტი, 2023(2023-03-03)[8] (88 წლის)
საქმიანობა რომანისტი[9] , ესეისტი[9] , სცენარისტი[9] , უნივერსიტეტის პროფესორი[9] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და მწერალი[10]
მოქალაქეობა  იაპონია
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი
ჟანრი ესე
Magnum opus პირადი გამოცდილება და ჩუმი ყვირილი
ჯილდოები აკუტაგავას პრემია[11] , გამომცემლობა სინტიოსიის პრემია, ტანიძაკის პრემია, ნომის ლიტერატურული პრემია, იომიურის პრემია, Osaragi Jirō Award, კავაბატას პრემია, სეი იტოს სახელობის ლიტერატურული პრემია, კულტურის ორდენი, ნობელის პრემია ლიტერატურაში[12] [13] , ასაჰის პრემია, გრინცანე კავურის პრემია და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[14] [15]
შვილ(ებ)ი ჰიკარი ოე
ნათესავ(ებ)ი Jūzō Itami, Mansaku Itami და Mansaku Ikeuchi
გავლენა მოახდინეს

ცხოვრება

რედაქტირება

კენძაბურო ოე 1935 წლის 31 იანვარს კუნძულ სიკოკუს ქალაქ უშიკოში დაიბადა. იგი ადრეულ ასაკშივე დაობლდა მამით, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გარდაიცვალა. კენძაბუროს სწავლა-განათლებას დედა ხელმძღვანელობდა. იგი მუდმივად ამარაგებდა შვილს მხატვრული ლიტერატურით. მომავალ მწერალზე განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია წიგნებმა: „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა“.

კენძაბურომ საშუალო განათლება ქალაქ მაცუიამაში მიიღი. 18 წლის ასაკში იგი პირველად ჩავიდა ტოკიოში, ხოლო მომდევნო წელს ტოკიოს უნივერსიტეტში ფრანგული ლიტერატურის სწავლა დაიწყო.

ოემ მოთხრობების გამოქვეყნება სტუდენტობის პერიოდში, 1957 წელს დაიწყო. იგი თანამედროვე ფრანგული და ამერიკული ლიტერატურის ძლიერ გავლენას განიცდიდა. კენძაბურო 1960 წლის თებერვალში იუკარი იტამიზე დაქორწინდა. იმავე წელს მწერალი ჩინეთში მოგზაურობისას მაო ძედუნს შეხვდა, ხოლო 1961 წელს მან რუსეთსა და ევროპაში იმოგზაურა და პარიზში ჟან-პოლ სარტრს ეწვია.[17][18]

1961 წელს იაპონურ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა კენძაბუროს ორი ნოველა: „ჩვიდმეტი“ და „პოლიტიკური ახალგაზრდობის სიკვდილი“, რომელთა შთაგონების წყარო ჩვიდმეტი წლის იამაგუჩი ოტოიას ისტორიაა. მან 1960 წელს იაპონიის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე მოკლა, ხოლო სამი კვირის შემდეგ ციხეში თავი მოიკლა. ნოველამ „პოლიტიკური ახალგაზრდობის სიკვდილი“ რადიკალი მემარჯვენეების აღშფოთება გამოიწვია, რომელთაგანაც რამდენიმე კვირის მანძილზე მწერალი და ჟურნალის გამომცემლები სიკვდილის მუქარებს იღებდნენ. ჟურნალმა მალევე ბოდიში მოუხადა მკითხველებს შეურაცხყოფისთვის, მწერალმა კი არ დათმო თავისი პოზიცია.[19]

ამჟამად მწერალი ტოკიოში ცხოვრობს. ჰყავს სამი შვილი. უფროსი შვილი, ჰიკარი გონებრივად ჩამორჩენილი და უნარშეზღუდულია, რაც მისი დაბადებიდან მწერლის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი მოტივია.

1994 წელს ოემ მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში „წარმოსახვითი სამყაროს შექმნისთვის, სადაც რეალურისა და გამონაგონის სინთეზი ოსტატურად გადმოგვცემს თანამედროვე სამყაროს ადამიანთა გაურკვეველ ყოფას.“[16] იმავე წელს მწერალს იაპონიის კულტურის ორდენი გადასცეს, რომლის მიღებაზეც მან უარი განაცხადა, რადგან ამ ჯილდოს იმპერატორი გასცემდა. თავისი გადაწყვეტილება ოემ ასე ახსნა: „მე არ ვაღიარებ არც ერთ ავტორიტეტს და არც ერთ ღირებულებას დემოკრატიის გარდა.“[19]

 
კენძაბურო ოე გერმანიაში 2008 წელს

2005 წელს ორმა გადამდგარმა იაპონელმა სამხედრო ოფიცერმა მწერალს 1970 წელს გამოქვეყნებული ესესთვის „ოკინავას ჩანაწერები“ ცილისწამების ბრალდებით უჩივლა. ესეში ოე წერდა, რომ იაპონელი სამხედროები 1945 წელს ოკინავაში შეჭრისას კუნძულის მცხოვრებლებს მასობრივად აიძულებდნენ თვითმკვლელობას. 2008 წელს ოსაკას სასამართლომ მწერლის წინააღმდეგ წამოჭრილი ყველა ბრალდება უარყო.[20]

ოე ჩართული იყო პაციფისტურ და ანტი ბირთვულ კამპანიებში. მას დაწერილი აქვს წიგნები ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შესახებ. 2013 წელს მწერალმა ტოკიოში ბირთვული იარაღის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაცია მოაწყო.[21]

სამწერლო მოღვაწეობა

რედაქტირება

1958-1961 წლებში ოემ გამოაქვეყნა ნამუშევრები, რომლებშიც სექსუალური მეტაფორების საშუალებით იაპონიის ოკუპაციას აღწერს. ყოველ მოთხრობაში იაპონიის მეტაფორული სახე უმოქმედოდაა, არ იღებს საკუთარ თავზე არანაირ ინიციატივას და პიროვნულად არ ვითარდება.[22][23] 1961-1964 წლებში გამოცემული ოეს ნაშრომები ეგზისტენციალიზმისა და პიკარესკული რომანის დიდ გავლენას განიცდის.[24]

ოეს შვილმა, ჰიკარიმ მის სამწერლობო მოღვაწეობაზე დიდი გავლენა იქონია, რასაც მწერალიც ხშირად აღნიშნავს.[25] 1964 წელს ოემ გამოაქვეყნა რომანი „პირადი გამოცდილება“. რომანში მწერალი აღწერს ადამიანის ტკივილს, რომელიც იძულებულია საკუთარი შვილის უნარშეზღუდულობას შეეგუოს.[26] ნობელის პრემიის მიღების შემდეგ მწერლის შემოქმედების ძირითადი თემა ჰიკარის ცხოვრება გახდა. 1996 წელს გამოქვეყნებული რომანი „განკურნებული ოჯახი“ ჰიკარის პატარ-პატარა ცხოვრებისეულ გამარჯვებებს აღწერს.[27] დიდია ჰიკარის გავლენა ნოველებზე: „მამა, სად მიდიხარ?“, „გვასწავლე საკუთარი სიგიჟის დაძლევა“ და „დღე როცა, ის თავად შეძლებს ჩემი ცრემლების მოწმენდას.“ ეს ნოველები უნარშეზღუდული ბავშვისა და მისი მამის ურთიერთობაზეა, რომლებიც ვერ ახერხებენ ერთმანეთის გაგებას.[28]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. Discogs — 2000.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. The Fine Art Archive — 2003.
  6. Babelio — 2007.
  7. Munzinger Personen
  8. Japan News
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 The Fine Art Archive — 2003.
  10. Czech National Authority Database
  11. 芥川賞受賞者一覧 (2023年7月現在)
  12. Kenzaburo Oenobelprize.org.
  13. The Nobel Prize amountsnobelprize.org.
  14. Novelist Oe inducted into France's Legion of Honor — 2002.
  15. 大江健三郎氏 写真特集
  16. 16.0 16.1 "Oe, Pamuk: World needs imagination" დაარქივებული 2008-05-31 საიტზე Wayback Machine. , Yomiuri.co.jp; May 18, 2008.
  17. Kenzaburo Oe, The Art of Fiction No. 195 The Paris Review
  18. Jaggi, Maya. Profile: Kenzaburo Oë. ციტირების თარიღი: 2015-11-22.
  19. 19.0 19.1 Weston, Mark (1999). Giants of Japan: The Lives of Japan's Most Influential Men and Women. New York: Kodansha International, გვ. 294–295, 299. ISBN 1-568362862. 
  20. Onishi, Norimitsu. "Japanese Court Rejects Defamation Lawsuit Against Nobel Laureate," New York Times. March 29, 2008.
  21. [1] დაარქივებული 2013-11-10 საიტზე Wayback Machine. Mainichi Daily News, September 15, 2013, "Some 8,000 March in Tokyo Against Restart of Any Nuclear Power Plants" (accessed November 10, 2013)
  22. Wilson p. 32.
  23. Wilson, p. 29.
  24. Wilson p. 47.
  25. Sobsey, Richard დაარქივებული 2009-07-01 საიტზე Wayback Machine. . "Hikari Finds His Voice," დაარქივებული 2007-06-06 საიტზე Wayback Machine. Canadian Broadcast Corporation (CBC), produced by Compassionate Healthcare Network (CHN). July 1995.
  26. Nobel Prize, 1994 laureate biography
  27. WorldCat Identities დაარქივებული 2010-12-30 საიტზე Wayback Machine. : Ōe, Hikari 1963– 
  28. Wilson, p. 61.