ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნონა ჯავახიძე (დ. 23 ოქტომბერი, 1960, ტორეზი) — ქართველი მომღერალი, ექიმი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

არის ქართულ-ფრანგული მეცო-სოპრანო და 20 წელზე მეტია მეუღლესა და ვაჟთან, გიორგისთან ერთად პარიზში ცხოვრობს. თუმცა, თავაპირველად, მან სამედიცინო განათლება მიიღო. 1979-1984 წლებში სწავლობდა დონეცკის სამედიცინო ინსტიტუტში, 1984-1985 წლებში – თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ექიმად: 1985-1986 წლებში იყო ბორჯომის საავადმყოფოს ექიმ-თერაპევტი და 1987-1995 წლებში თბილისის პოლიკლინიკის ექიმი. ექიმად მუშაობის პარალელურად, 1992 წელს, „წითელ დიპლომზე“ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. პედაგოგები: დ. ხელაშვილი (ვოკალი) და ივეტა გერსამია (კამერული სიმღერა).

1992-1995 წლებში ნონა ჯავახიძე იყო თბილის ოპერის სოლისტი, 1993-1995 წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერმაისტერო დაოსტატების კათედრის ილუსტრატორი, 1995-1997 წლებში იყო ბათუმის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი. მისი დებიუტი შედგა თბილისის ოპერის სცენაზე ამნერისის პარტიით ვერდის „აიდაში“.

საფრანგეთში მომღერალი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. 1996 წელს გამოდიოდა მისი პედაგოგის, ივეტა გერსამიას მოწყობილ კონცერტზე, სადაც საელჩოების წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი. კონცერტის შემდეგ შესთავაზეს საფრანგეთის საელჩოში ნახევარსაათიანი სოლო კონცერტის მოწყობა, რომლის დასრულებისას უთხრეს, რომ საფრანგეთის მთავრობამ დაუნიშნა სტიპენდია პარიზში სტაჟირების გასავლელად.

საქართველო 1997 წელს დატოვა. ასპირანტურა გაიარა „Ecole normale de musique de Paris”-ში. 1998 წელს დაიმსახურა საოპერო შემსრულებლის უმაღლესი დიპლომი, 1999 წელს კი – საოპერო ხელოვნების უმაღლესი დიპლომი. საფრანგეთში მისი დებიუტი შედგა კარმენის პარტიით ბიზეს ოპერა „კარმენში“ (1999, ბორდოს ნაციონალური ოპერა).

„უცხო ქვეყანაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და სწორად მომართვა ძლიერ ხასიათს, დიდ შრომისუნარიანობას, კონცენტრაციას, დაკვირვებას, რისკსა და დიპლომატიის უნარს მოითხოვს. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული არტისტი კონკურენტია, სამუშაოს ართმევს აქაურ მომღერლებსა და იმპრესარიოებს. საფრანგეთში მხოლოდ დიდი თეატრებია (გერმანიისგან განსხვავებით, სადაც ნებისმიერ სოფელს აქვს თეატრი), სამუშაო ცოტაა და ინტეგრაციას მინიმუმ 2-3 წელი მაინც სჭირდება, რადგან ყველა სპექტაკლის შემადგენლობა უკვე რამდენიმე წლით ადრეა დამტკიცებული".

ნონა ჯავახიძე პარიზის ნაციონალური საოპერო თეატრ „ბასტილიისა“ და „ოპერა გარნიეს“ სოლისტია. ამავე დროს, პედაგოგად მუშაობს პარიზის მე-15 ოლქის კონსერვატორიაში. წლებია მსოფლიოს პრესტიჟულ საოპერო თეატრებში ცნობილ მომღერლებთან – რენე ფლემინგთან, ბარბარა ფრიტოლისთნ, ვლადიმერ გალუზინთან მარჩელო რვალესთან ერთად დგას სცენაზე. მონაწილეობს ფესტივალებში, საკონცერტო პროგრამებში.

მომღერლის რეპერტუარშია: ნათელა (ზაქარია ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“), ფედერიკა, ემილია, ებოლი, მადალენა, მეგ პეიჯი, კურა (ვერდი „ლუიზა მილერი“, „ოტელო“, „დონ კარლოსი“, „რიგოლეტო“, „ფალსტაფი“, „ბედის ძალა“), ნიმფა (დვორჟაკი „ალი“), სუძუკი, მაესტრა (პუჩინი „მადამ ბატერფლაი“, „მონაზონი ანჟელიკა“), ოლგა ლარინა (ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი“), დედოფალი ჰენრიეტა (ბელინი „პუტიტანები“), გოგონა–ყვავილი (ვაგნერი „პარსიფალი“), დუნიაშა (რიმსკი-კორსაკოვი „მეფის საცოლე“) და სხვა. 2008 წელს ოლიმპიური თამაშებისას ფრანგულ ოპერაში L„e Roi d'Ys“, როგორც საფრანგეთის წარმომადგენელმა მარგარეტის ურთულესი როლი შეასრულა, რაც მისთვის დიდი პატივი გახლდათ.

ნონა ჯავახიძე საოპერო პარტიებსა და საკონცერტო პროგრამებს 12 ენაზე ასრულებს: ქართულ, რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, პოლონურ, ლათინურ, იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ, არაბულ და არამეულ ენებზე. პროგრამაში ხშირად რთავს ქართულ ხალხურ სიმღერებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 591

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნონა_ჯავახიძე“-დან