ნონა გუნია
ნონა ვალერიანის ასული გუნია (დ. 20 დეკემბერი, 1919, თბილისი, — გ. 18 ივლისი, 1998, იქვე) — ქართველი მოცეკვავე, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1956). ვალერიან გუნიას ქალიშვილი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1940–1959 წლებში (ხანგამოშვებით) მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, საქართველოს ფილარმონიის ჯაზორკესტრების კოლექტივებში სოლისტ მოცეკვავედ. თანაბარი ოსტატობით განასახიერებდა ნარნარსა და დინამიკური ხასიათის ცეკვებს, მათ შორის, ქართულ ხალხურ ცეკვებს. განსაკუთრებით პოპულარული იყო მის მიერ შესრულებული ცეკვა „ქართული“ (გიორგი (ბუხუტი) დარახველიძესთან ერთად). 1937 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ამ ცეკვის საუკეთესო შესრულებისთვის I ადგილი და ოქროს მედალი მიიღო. 1939 წელს გახდა ესტრადის მსახიობთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი. 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების (1988 წლიდან — თეატრის მოღვაწეთა კავშირი) მუსიკალური თეატრებისა და ქორეოგრაფიის შემოქმედებითი კაბინეტის გამგედ. 1991–1998 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის ხელოვნების რედაქციის კონსულტანტი ბალეტის დარგში, ქორეოგრაფიული სექციის თავმჯდომარე და არაერთი სტატიის ავტორი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1937: ოქროს მედალი, ცეკვა „ქართულის“ საუკეთესო შესრულებისათვის
- 1939: ესტრადის მსახიობთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი
- 1956: საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 206.