გიორგი დარახველიძე

გიორგი (ბუხუტი) ვიქტორის ძე დარახველიძე (დ. 15 ივლისი, 1914, სოფ. ლეხიდრისთავი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, — გ. 25 ნოემბერი, 1982, თბილისი) — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1962).

1940 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ცეკვა დაიწყო 1937 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში. შემდეგ ცეკვავდა აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში (1937-1938), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (1937–1941, 1946–1949; 1940-1941 — წამყვანი სოლისტი). მის მიერ მაღალი ოსტატობით, დარბაისლური მანერით შესრულებულ ცეკვებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა „ქართული“, „ხევსურული ფარიკაობა“. ქორეოგრაფობა დაიწყო 1939 წლიდან. 1951 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად. 1957 წლიდან აყალიბებდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლს. ცეკვებს დგამდა დრამატულ თეატრებსა და საოპერო წარმოდგენებში, კინოფილმებში. 1977 წელს წარმატებით გააფორმა ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცების“ საცეკვაო სცენები მოსკოვის დიდ თეატრში. 1976–1982 წლებში იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ დადიოდა საბჭოთა კავშირის ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. იყო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI, VII, VIII და X მსოფლიო ფესტივალების (მოსკოვი, 1957; ვენა, 1959; ჰელსინკი, 1962; ბერლინი, 1973) ლაურეატი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება