ნიხახის ციხე

არქიტექტურული ძეგლი

ნიხახის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის ილის, იუსუფელის ილჩეში. ნიხახის ციხე გზასთან ახლოს მდებარეობს, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, იგი მაღალ ბორცვზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 900 მეტრ სიმაღლეზეა აგებული. საინტერესოა, რომ ციხე თავდაცვის სისტემის სხვა სიმაგრეების მსგავსად, განსაკუთრებულად მიუდგომელ ადგილზე არ არის აგებული, იგი მთისწინა ზონაშია და მის ირგვლივ ვრცელი სასოფლო სავარგულებია განლაგებული. ამიტომ ციხის მფლობელის ვალდებულება გიზის კონტრლოთან ერთად ხეობაში არსებული მეურნეობის დაცვა და მოვლაც უნდა ყოფილიყო.

ნიხახის ციხე გზასთან ახლოს, შემაღლებულ პატარა ბორცვძე მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ციხე გზიდან ადვილი მისადგომია, ის კედლებით კარგად იყო გამაგრებული. ნიხახის ციხიდან ჭოროხის ხეობა და იქ არსებული ვრცელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ჩანს. როგორც აღინიშნა, ციხე აგებულია კლდოვან ბორცვზე, მის გეგმას კლდის რელიეფიც განსაზღვრავს. ციხის საერთო ფართობი დაახლოებით 860 კვადრატული მეტრია.

ნიხახის ციხემ ჩვენამდე საკმაოდ დაზიანებული სახით მოაღწია. ციხის ტერიტორიაზე, ყველაზე უკეთ მის აღმოსავლეთ ნაწილში, შემორჩენილია გოდორი. გალავნის კედელი მაგალითად დასავლეთით, მთლიანად განადგურებულია, აღმოსავლეთით კი მთლიანი სიმაღლეც არის შემორჩენილი, ქონგურებიც ჩანს. ბევრ მონაკვეთში კი მხოლოდ ნაშთებია და გეგმა იკითხება. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვითა და კირით.

ციხის აღწერას ვიწყებთ პირველი კარიბჭიდან, რომელიც ნიხახის ციხის სამხრეთით არის განლაგებული, კარიბჭის ზომებია: სიგანე - 1,5 მეტრი, სიმაღლე - 2 მეტრი. კარიბჭის ორივე მხარეს კოშკები აქვს მიშენებული. როგორც ჩანს, მშენებლებს კარის უკეთ დაცულობის მიზნით კედლები გაუსქელებიათ და გოდოლის ფორმა მიუციათ, რომელიც მთლიანად ქვით არის ამოვსებული. ერთ-ერთი მათგანის გარშემოწირულობა 6 მეტრს აღწევს.

ნიხახის ციხის მთავარი სიმაგრეა ოთკუთხედი ფორმის რამდენიმე სართულიანი კოშკი, რომელიც ციხის აღმოსავლეთ ნაწილშია აგებული, მისი სიმაღლე დაახლოებით 10 მეტრია.

ნიხახის ციხის მთელი შიდა ტერიტორია ოქროს მაძიებლების მიერ არის გადათხრილი, ციხის მთელი ეზო ნანგრევებისა და კერამიკის ნიმუშებით არის მოფენილი. მათ შორის იყო თიხის ფიალის ქვედა ნაწილი, რომლის შიდა მხარე მოჭიქულია და ორნამეტებით იყო შემკული.

ისტორიული გეოგრაფია და ისტორია

რედაქტირება

ნიხახის ციხე თავიდანვე მნიშვნელოვანი ფუნქციებით უნდა ყოფილიყო დატვირთული. ის სპერიდან ტაოსკენ მომავალი გზის დაცვას უზრუნველყოფდა. ჭოროხის ხეობისა და მისი შენაკადი მდინარეების, პატარა ხეობების სიმაგრეებთან ერთად, ჭოროხის დაცვის ერთიან სისტემას ქმნიდა. ნიხახის ირგვლივ ჭოროხის ხეობის ორივე მხარეს - მუხურგურის, იგივე მუხურგუთის ციხე, ხოლო მის გვერდით ოშნაგია. პეტერეკისა და კისკიმის ციხეები კი ნიხახის პირდაპირ იდგა.

ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე VII საუკუნეში აფრიკის ყოფილი მმართველი ჰერაკლე ავიდა. ჰერაკლეს მმართველობაში ბიზანტიის სამხედრო მდგომარეობა ერთხანს კვლავ მძიმე იყო. ამასობაში აღმოსავლეთ საქართველოზე გავლენა ირანმა გაავრცელა. ჰერაკლე კეისარი ენერგიული მმართველი და ნიჭიერი მხედართმთავარი აღმოჩნდა. სწორედ ჰერაკლე კეისრის ლაშქრობების დროს VII საუკუნის დასაწყისში დაიკავეს ბიზანტიელებმა სპერი და კლარჯეთის ნაწილი ზღვისპირით.

მალე VII საუკუნის შუა წლებიდან, ახალი დამპყრობლები, არაბები, გამოჩნდნენ. როგორც ცნობილია მათ წარმატებით მოახერხეს მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის გაერთიანება და მეზობელ სახელმწიოფებსაც შეუტიეს. ბიზანტიელებთან მოპოვებული წარმატების შემდეგ არაბებმა საქართველომდეც მოაღწიეს. ქართულ ისტორიოგრაფიაში გაზიარებულია მოსაზრება, რომ განსაკუთრებული ზიანი საქართველოს 735-737 წლებში მურვან ყრუს ლაშქრობებმა მიაყენა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოშიშვილი ა., ნიხახის ციხე, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, XIII, თბ., 2018 გვ. 206-242