ნინო ყაუხჩიშვილი

1919-2010 Philologist.; born 20 August, 1919; ; died 6 January, 2010

ნინო ყაუხჩიშვილი (დ. 20 აგვისტო, 1919, ბერლინი, გერმანია — გ. 6 იანვარი, 2010, მილანი, იტალია) — ქართველი ფილოლოგი. საქართველოს საპატიო მოქალაქე (1999).

ნინო ყაუხჩიშვილი
დაბ. თარიღი 20 აგვისტო, 1919
დაბ. ადგილი ბერლინი, გერმანია
გარდ. თარიღი 4 იანვარი, 2010 (90 წლის)
გარდ. ადგილი მილანი, იტალია
ჯილდოები საქართველოს საპატიო მოქალაქე (1999)

ბიოგრაფია რედაქტირება

ნინო ყაუხჩიშვილი 1919 წლის 20 აგვისტოს ბერლინში, მიხეილ ყაუხჩიშვილის ოჯახში დაიბადა. ნინო ყაუხჩიშვილმა ბერლინში დაამთავრა კლასიკური გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა ჯერ ბერლინის, შემდგომ კი მილანის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომანისტიკის განხრით. მას ქართულ ენას მიხაკო წერეთელი ასწავლიდა.

ნინო ყაუხჩიშვილი წლების განმავლობაში იყო ბერგამოს უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის დეკანი და აგრეთვე პრორექტორი. იგი ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას მილანის, ტურინის, ბერგამოს, პარმის, ბარის უნივერსიტეტებში და ყველგან ჩამოაყალიბა სლავისტიკის კათედრა.

1958 წლიდან ნინო ყაუხჩიშვილისა და მისი ძმის გიორგის ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს. მათ თბილისში მცხოვრებ ნათესავებთან დაკავშირების საშუალება მიეცათ, ამას კონკრეტული საქმეც მოჰყვა. ქალბატონი ნინოს თაოსნობით საქართველოში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და ქართველოლოგები. მისივე ინიციატივითა და სპონსორობით იტალიაში გაიმართა არაერთი ქართული ხელოვნების სიმპოზიუმები: ბერგამოში1974 წელს, ბარისა და ლეჩეში - 1980 წელს და აგრეთვე პავიაში - 1986 წელს. 1979 წელს ნინო ყაუხჩიშვილის თაოსნობით ბერგამოში გაიმართა კავკასიოლოგთა სიმპოზიუმი. პარალელურად ის აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ქართული ხელოვნების სიმპოზიუმებში (1977, 1983 და 1989 წლებში).

1999 წელს სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებისათვის ნინო ყაუხჩიშვილს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა.

2005 წლიდან ნინო ყაუხჩიშვილი შეუდგა იტალიაში გაფანტული ქართველების შემოკრებას. 2008 წელს დააფუძნა ქართულ–იტალიური საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“, რომლის პრეზიდენტიც იყო გარდაცვალებამდე. ამ ორგანიზაციის საქმიანობა არაკომერციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს იტალიაში მცხოვრებ ქართველთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, აგრეთვე იტალიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდას, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის მეგობრული, კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას.

ნინო ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა მილანში, 2010 წლის 4 იანვარს.

ყოველი წლის 26 იანვარს, მილანის ქართული სათვისტომო წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად იწვევენ იმ სახელოვან იტალიელ მეცნიერებსა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. სწორედ ამ დღეს საზოგადოებისათვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ვინაიდან სწორედ ამ უდიდესი წმინდანის ხსენების დღეს ჩაეყარა საფუძველი საზოგადოებას „სამშობლო – გულით სატარებელს“. ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნა სათვისტომოს იმ დიდი ვალის აღსრულებას აკისრებს, რაც მან ანდერძად დაუტოვა – „მარად და ყველგან გულით ვატაროთ სამშობლო, ყველგან და ყოველთვის ავახმიანოთ ქართული სიტყვა, ქართული სიმღერა და წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება