ნინოწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია
ნინოწმინდის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 3,5 კილომეტრზე, ეგრეთ წოდებულ დრეიძის ტყეში. თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესიისკენ მიმავალი გზა სოფლის დასავლეთით, დაახლოებით 1 კილომეტრზე, თბილის-გურჯაანის მაგისტრალიდან იწყება. გზა ჯერ სოფელი პატარძეულისკენ მიემართება, შემდეგ კი ეკლესიისკენ.
შენობის კედლები რიყის სხვადასხვა ზომის ქვითა და კირის დუღაბითაა ამოყვანილი. ქვა მეტ-ნაკლებად შერჩეულია და ერთმანეთთან მჭიდროდ არის მოწყობილი. მათ შორის დარჩენილი არეები წვრილი რიყის ქვით ან მათი ნატეხებითაა შევსებული, რომელთა მეშვეობით წყობაში თანაბარი სიმაღლის, თარაზულად გამავალი რიგებია გამოყვანილი. შენობის გარეთა კუთხეები და არქიტექტურული ელემენტები სუფთად დამუშავებული ქვიშაქვის ქვებითაა ნაწყობი.
ეკლესია დარბაზულია. თუმცა, ამ ტიპის ნაგებობებისგან განსხვავებით, თავისებურადაა გადაწყვეტილი. შენობის გეგმის კონტური კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია, რომლის აღმოსავლეთ ნახევარში ორი აფსიდია მოქცეული. დასავლეთ ნახევარში კი - განიერი. სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით ოდნავ წაგრძელებული დარბაზი. აფსიდები სხვადასხვა ზომისაა. ორივე ნახევარწრიულია. ჩრდილოეთით მდებარე აფსიდი მთავარია. იგი სამხრეთით მდებარე აფსიდთან შედარებით, რამდენადმე უფრო განიერია და მაღალი, გარეთკენ შევიწროებული, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის, თაღოვანი ნიშაა. აფსიდები ერთმანეთისგან გამიჯნულია თხელი კედლით, რომელიც დარბაზის მხარეს, მარტივი პროფილის კაპიტელითაა დაგვირგვინებული. კაპიტელს ორივე აფსიდის კონქის თაღი ეყრდნობა. თაღების მეორე ბოლო კი შესაბამის კედელზე მოწყობილ პილასტრზეა დაყრდნობილი. მათ შორის სამხრეთით მდებარე პილასტრი პროფილირებული კაპიტელითაა დასრულებული, ჩრდილოეთით მდებარეს კი ზედა ნაწილი აკლია. ორივე კონქის თაღი ნახევარწრიულია და ქვიშაქვის სოლისებრი ქვებითაა ნაწყობი.
ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნით თაღოვანია, გარედან - არქიტრავული.
დარბაზის სამხრეთ კედელში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. გარედან კი ორკალთა, ღარისებრი კრამიტით დაბურული სახურავი ხურავს.
ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთ ფასადია მორთული. ფასადის ღერძზე სადა პორტალია, რომელიც სტრუქტურითა და არქიტექტურული დამუშავებით მარტივია. იგი კედლის სიბრტყიდან ოდნავაა გამოშვერილი და ფასადის სიმაღლის ნახევარზე მეტი უჭირავს. პორტალი ორი ნაწილისგან შედგება. მათ შორის ქვედა, რომელშიც თავად შესასვლელია მოქცეული, მაღალია და პროფილირებული ლავგარდნითაა დასრულებული. ზედა ნაწილი კი - ნახევარწრიულია. ამ ნაწილში გამოყვანილია სადა, ოდნავ შეღრმავებული, ნახევარწრიული არე, რომელიც კედელთან ერთ სიბრტყეშია. პორტალის მორთულობის ელემენტებია: სამკუთხა კვარლცხბეკზე დაყრდნობილი, რელიეფური ჯვრები, ვარდულები და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც ვარდულების კომბინაციითაა შედგენილი. გამოსახულებები მარტივია, ბრტყელი. ისინი ფონის შეღრმავებითაა გამოყვანილი და პლასტიკურად არ არის დამუშავებული. პორტალზე ხუთი ჯვარია გამოსახული: თითო-თითო შესასვლელის გვერდებზეა, სამი - არქიტრავზე. ამ უკანასკნელებს შორის სიცოცხლის ხის თითო სტილიზებული გამოსახულებაა. პორტალის თავზე, წყობაში, ჩატანებულია ქვიშაქვის კვადრატული ქვა, რომელზეც სამკუთხა კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვრის გამოსახულებაა. მას ზედა მკლავზე პატარა ჯვარი ადგას, განივ მკლავებზე კი, იმავე ზომის სამ-სამი ჯვარი აქვს გამობმული.
აღმოსავლეთ ფასადზე ორივე სარკმელი შირმის ქვითაა ნაწყობი და, როგორც ჩანს, ადრე თაღით იყო დასრულებული. ფასადის ზედა ნაწილში, ფრონტონის არეში, შირიმის ქვებით გამოყვანილი, შეღრმავებული ჯვრის გამოსახულებაა, რომელიც სამკუთხა კვარცხლბეკზე დგას.
ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი გამაგრებულია მასიური, ოთხკუთხა, ორი კონტრფორსით.
კედლები დასრულებული იყო შირიმის, თაროსებრი ლავგარდნით.
XX საუკუნის მიწურულში, ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია თვითნებურად გაურემონტებია, რის გამოც მას თავდაპირველი სახის განმსაზღვრელი ბევრი საყურადღებო ელემენტი დაკარგული აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 168-170.