ნილს რიუბერგ ფინზენი

ნილს რიუბერგ ფინზენი (დან. Niels Ryberg Finsen; დ. 15 დეკემბერი, 1860, ტორსჰავნი, ფარერის კუნძულები, — გ. 24 სექტემბერი, 1904, კოპენჰაგენი) — ისლანდიური წარმოშობის დანიელი ექიმი, თანამედროვე ფოტოთერაპიის (მკურნალობა სინათლის საშუალებით) ფუძემდებელი; ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (1903).

ნილს რიუბერგ ფინზენი
დან. Niels Ryberg Finsen
დაბ. თარიღი 15 დეკემბერი, 1860(1860-12-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ტორსჰავნი[11]
გარდ. თარიღი 24 სექტემბერი, 1904(1904-09-24)[1] [2] [3] [12] [4] [5] [6] [7] [8] [10] (43 წლის)
გარდ. ადგილი კოპენჰაგენი[11]
დასაფლავებულია Vestre Cemetery[13]
მოქალაქეობა დანიის სამეფო
საქმიანობა ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერი
მუშაობის ადგილი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი
მეუღლე Ingeborg Balslev
მამა Hannes Finsen
შვილ(ებ)ი Valgerda Finsen
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[14] [15] და Cameron Prize of the University of Edinburgh

ადრეული ბიოგრაფია

რედაქტირება

ნილს რიუბერგ ფინზენი დაიბადა 1860 წელს. მამა განეკუთვნებოდა ისლანდიური წარმოშობის ისტორიულ საგვარეულოს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ფარერის კუნძულების მართვასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; დედა დანიელი იყო. ფინზენმა დაწყებითი განათლება დანიასა და ისლანდიაში მიიღო. 1890 წელს დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი და იქვე დაიწყო მუშაობა ანატომ-პროზექტორად. 1893 წელს გადაწყვიტა თავისი დრო და ენერგია სამეცნიერო მუშაობისთვის მიეძღვნა, შემოსავლის წყაროდ კი მედიკოს-სტუდენტებთან კერძო მასწავლებლობა არჩია. ფინზენი ახალგაზრდობიდანვე ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს განიცდიდა; აღმოაჩნდა პიკის დაავადება (ფრონტოტემპორული დეგენერაცია), რამაც ის სავარძელს მიაჯაჭვა, თუმცა სამეცნიერო მუშაობა არ შეუწყვეტია. წლების განმავლობაში სხვადასხვა გზით ცდილობდა საკუთარ დაავადებასთან გამკლავებას, რაც მისი სამეცნიერო ექსპერიმენტებისა და შრომების შთაგონების ერთ-ერთ წყაროდ იქცა.

აღმოჩენები

რედაქტირება

ფინზენი სტუდენტობის პერიოდშივე დაინტერესდა ცოცხალ ორგანიზმებზე სინათლის ზემოქმედების საკითხებით. მისივე თქმით, ამ ინტერესის გაღვივებას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობამაც შეუწყო ხელი; ფიქრობდა, რომ მზის სინათლეზე გატარებული მეტი დრო მის ქრონიკულ სისუსტეს და დაღლილობას შეამსუბუქებდა. 1893 წელს ფინზენმა აღმოაჩინა, რომ წითელი სპექტრის სინათლის ხანგრძლივი მოქმედება ყვავილით დაავადებულებში გამონაყრის დაჩირქებისა და დამახასიათებელი ნაწიბურების გაჩენის თავიდან აცილების საშუალებას იძლეოდა. ბაქტერიებზე მზის სინათლის დამღუპველი (ბაქტერიციდული) ეფექტის საფუძველზე მან კანის ტუბერკულოზის ფორმის — მგლურას ულტრაიისფერი სინათლით მკურნალობის მეთოდი შეიმუშავა და წარმატებით გამოიყენა კლინიკურ პრაქტიკაში. ასევე შექმნა ნათურის ორიგინალური კონსტრუქცია, რომელიც სამედიცინო პროცედურებისთვის ელექტრული წრედის გამოყენების საშუალებას იძლეოდა (ფინზენის ნათურა).[16]

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის შემდგომმა განვითარებამ ფოტოთერაპია სხივური თერაპიისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდებით ჩაანაცვლა, ფინზენის მოღვაწეობამ დიდი სტიმული მისცა მედიცინაში სხივური ენერგიის გამოყენებას და ბაქტერიოლოგიურ კვლევებში ულტრაიისფერი სტერილიზაციის მეთოდის დანერგვას. 1896 წელს კოპენჰაგენში კერძო დონორებისა და დანიის მთავრობის დახმარებით დაარსდა ფინზენის სახელობის ფოტოთერაპიის ინსტიტუტი. 1898 წელს პროფესორის ხარისხი მიიღო, მომდევნო წელს კი დანიის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს — დანებროგის ორდენის კავალერი გახდა. შემდგომ წლებში ასევე დაჯილდოვდა დანიის ვერცხლის ჯვრით, ასევე ღირსების ოქროს მედლით. არჩეული იყო სკანდინავიის ქვეყნების, ისლანდიის, რუსეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრად. 1904 წელს ედინბურგის უნივერსიტეტმა მიანიჭა კამერონის პრიზი.

უკანასკნელი წლები

რედაქტირება

1903 წელს კანის დაავადებების მკურნალობაში სინათლის გამოყენების საკითხის შესწავლისთვის ფინზენს ნობელის პრემია მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონიას სტოკჰოლმში თავად ვერ დაესწრო; საკუთარ სახლში, სავარძელს მიჯაჭვული იღებდა მილოცვებს. ფულადი პრემიის ნაწილი მან საკუთარ ინსტიტუტს, ასევე მის მიერვე დაფუძნებულ გულისა და ღვიძლის დაავადებათა სანატორიუმს შესწირა. მისი მთავარი შრომების დიდი ნაწილი 1893-1899 წლებში გამოქვეყნდა დანიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. სამეცნიერო სტატიებს სიცოცხლის ბოლომდე აქვეყნებდა. ნილს რიუბერგ ფინზენი 1904 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფინზენი დაქორწინებული იყო (1892 წლიდან) ინგებორგ ბალსლევზე. ჰყავდათ 4 შვილი. მისი უფროსი ქალიშვილის ქმარი, ს. ლომჰოლტი წლების განმავლობაში ფინზენის ინსტიტუტის კანის დაავადებათა განყოფილებას ხელმძღვანელობდა და სიმამრის შესახებ ბიოგრაფიული ნაშრომი დაწერა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Regan, James D.; Parrish, John A. (2012) The Science of Photomedicine. Springer, გვ. xiii-xiv. ISBN 1468483129. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 Dansk Biografisk Lexikon
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 Base biographiqueBIU Santé.
  11. 11.0 11.1 Финзен Нильс Рюберг // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  13. Find a Grave — 1996.
  14. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1903Nobel Foundation.
  15. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  16. Lawrence, Ghislaine (May 2002). „The Finsen Light“. The Lancet. 359 (9319): 1784. doi:10.1016/S0140-6736(02)08653-1.